სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული youtube-ის საკუთარ არხზე აქვეყნებს ვიდეოს - ყველი თუ „რძის შემცველი პროდუქტი”? და საზოგადოებას საჭირო რჩევებს და ინფორმაციას უზიარებს.
მისი თქმით, როდესაც გვსურს შევიძინოთ ნატურალური ყველი, ეს რთულია.
„ბაზარზე რთულია, ნახო ნამდვილი ყველი, რომელიც დამზადებულია მხოლოდ რძისგან და არა მცენარეული ცხიმისგან.
დღესდღეობით ბაზარზე ნატურალური ყველის დეფიციტია, იშვიათია ისეთი ადგილი, სადაც მივალთ და შევიძენთ ნატურალურ რძეზე დამზადებულ ყველს.
ამის გამომწვევი ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს არ აქვს ნედლი რძის რესურსი იმდენი, რომ ბაზარზე განთავსებული ყველა ყველი იყოს ნამდვილად რძეზე დამზადებული. ბაზარზე განთავსებული ყველიდან 30-40% იქნება დაახლოებით ნატურალური ყველი, დანარჩენი კი იქნება აღდგენილ რძეზე და მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული“, - ამბობს ირაკლი არაბული.
ყველი უნდა მზადდებოდეს
1. ნედლი რძისგან
2. შემადედებელი ფერმენტისგან
3. მარილისგან
როგოც ირაკლი არაბული ამბობს, ნატურალური ყველი მხოლოდ ამ 3 ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს. იგი ასევე გვიზიარებს რჩევებს თუ როგორ მივხვდეთ, რომ ყველი ნატურალურია.
„მომხმარებლები აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ ეტიკეტზე დასახელებას თუ რა სახელი ჰქვია ამ პროდუქტს, თუ ჰქვია ყველის სახელი - მაგ; სულგუნი, იმერული ყველი, გუდა, ქარხნული და ა.შ. ეს ყველი აუცილებლად იქნება დამზადებული ნედლი რძისგან.
ხოლო თუ ყველს აწერია - სახაჭაპურე, საგაზაფხულე და ათასი დასახელების სხვა პროდუქტი და ეს ჰგავს ყველს ეს არის რძის შემცველი პროდუქტი.
მნიშვნელოვანია პროდუქტზე ფასის მაჩვენებელზეც ეწეროს სახელი სწორად, თუ ეს პროდუქტი არის რძის შემცველი, მას არ შეიძლება ფასის მაჩვენებელზე ყველი ეწეროს ეს არის კანონის დარღვევა და მწარმოებელი დაჯარიმდება, ან მაღაზია, რომელსაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს“, - ამბობს ირაკლი არაბული.