Digest Logo

„ბავშვის გაჩენას არ/როდის აპირებ? შეყვარებული გყავს? რამდენი გაქვს ხელფასი? ასეთი კითხვები ადრესატის ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი მიზეზია“ - ლევან შელეგია

1769966324
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს. 

ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ პირადი სივრცის მნიშვნელობასა და მის დარღვევაზე საუბრობს:

„პირადი სივრცე - ეს არის ის ტერიტორია ადამიანის გარშემო (როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური), რომელიც ძალიან პიროვნული და ინტიმურია.

მისი დარღვევა, მასში შეჭრა, შევარდნა მინიმუმ უტაქტობაა და ზოგჯერ დანაშაულიც!

სოციალური ფსიქოლოგიიდან ვიცით, რომ ეს პირადი სივრცე კულტურებს შორის განსხვავდება, მაგრამ ის ყოველთვის არსებობს და მისი პატივისცემა ადამიანის პატივისცემის ერთ-ერთი ყველაზე „სენსიტიური“ და გულწრფელი მაჩვენებელია.

მიუღებელია ამ სივრცის ფიზიკური ინვაზია ადამიანთან, მით უმეტეს უცნობ პიროვნებასთან, ზედმეტად მიახლოვებით და ფაქტობრივად ცხვირის ცხვირიდან მიტანით.

უფრო არასასურველი და ხშირად დამაზიანებელია ამ სივრცეში ტლანქი ცნობისმოყვარეობით თუ საჯარო გაშიშვლებით შეჭრა არაადეკვატური კითხვებით.

ასეთი კითხვების არასრული ნუსხა:

ბავშვის გაჩენას არ/როდის აპირებ?

შეყვარებული გყავს?

რამდენი გაქვს ხელფასი?

სექსი გქონია?

როდის აპირებ გათხოვებას?

ცოლი არ უნდა მოიყვანო?

მორწმუნე ხარ?

რა სარწმუნოება გაქვს?

ბიჭები მოგწონს თუ გოგოები?

შენც გაქვს ხო მაღალი წნევა?

შენც იყავი ხომ ანტიდეპრესანტზე?

და ასე შემდეგ...

სხვა ადამიანის შემოსავალი და ფინანსები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სექსუალური და სასიყვარულო ცხოვრება, ოჯახური, პირადი გეგმები, რწმენა თუ სარწმუნოება არ არის შენი საქმე. ასეთი კითხვები, მით უმეტეს საჯარო სიტუაციებში, არის არამარტო უზრდელობის, სულიერი სიტლანქის ნიშანი, არამედ ადრესატისთვის არასასიამოვნო და ხანდახან ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი.

რა თქმა უნდა, ეს არ ეხება უახლოეს ადამიანებს (მეუღლეებს, ახლო მეგობრებს...), მაგრამ მაინც:
პირადი სივრცის პატივისცემა და დაცვა ყველა ჩვენგანის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სოციოფსიქოლოგიური, მოქალაქეობრივი, მორალური, ადამიანური ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.

ამის გარეშე საზოგადოება არის უწესრიგო გროვა, რომელშიც ჯანსაღი განვითარება შეფერხებულია.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„დიდი რეფორმატორი“ იღვიძებს! გლობალური რეზონანსი და სისტემური ძვრები...“ - ვის შეეხება ყველაზე მძაფრად ურანის დირექტიულობა

თბილისში 58 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა

„ხელოვნური ინტელექტი ახალი გვგონია გვგონია, 30-წლიან აცდენასაც კი არ ვაქცევთ ყურადღებას“ - რას წერს მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე