გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მენტალიტეტზე: „ხალხი რას იტყვის“ - წერს:
„მე-ს სუვერენიტეტი 🧠
„ხალხი რას იტყვის?” ეს არის ქართული ყოფის ერთ-ერთი ყველაზე ავთვისებიანი და უძლეველი სენი. (ვიცი, არ ხდება მხოლოდ საქართველოში) ან წინადადებამ კატასტროფულად ხშირად ჩაანაცვლა საკუთარი სურვილების, ბუნების, სიყვარულის მიხედვით ცხოვრება საჯარო სპექტაკლით.
ამას ვწერ როგორც ფსიქოლოგი და როგორც საქართველოში დაბადებული.
რამდენჯერ „გაუთხოვებიათ“ გოგო ან საერთოდ ბავშვი იმის შიშით, თუ ხალხი რას იტყვის „პატიოსნებაზე“?
რამდენჯერ გამოუკეტავთ წლობით ოთხ კედელში შეზღუდული შესაძლებლობების ოჯახის წევრი იმის თავზარით, თუ რას იტყვის ხალხი?
რამდენჯერ უთქვამთ უარი ნამდვილ სიყვარულსა და ბედნიერებაზე იმის სირცხვილით, თუ რას იტყვის ხალხი?
რამდენჯერ დავხარჯულვართ არქაული, გადამქანცველი რიტუალებით, ჩაგვიცვამს რაღაც, არ გვითქვამს სათქმელი მეზობლის, კოლეგის, ოჯახის, საზოგადოების მოძალადეობრივი ხათრით თუ დიქტატით?
ეს არის საკუთარი თავისთვის, და არა მხოლოდ, თავისუფლების აღკვეთა და იმ ხალხის მძევლად, მონად ცხოვრება. და ეს არის საქციელი, რომელსაც საკუთარი ფსიქიკა არ გაპატიებს! სინანულზე აღარ ვსაუბრობ.
რაც შეეხება იმ შხამიან ხალხს, ისინი სისინს ყოველთვის მოახერხებენ, რადგან ეს მათი ბუნება და ერთადერთი ჭეშმარიტი პროფესიაა.
შენ რაც არ უნდა გააკეთო, იმათ მაინც ასისინებ.
ხოდა, ბარემ შენი ცხოვრებით იცხოვრე:
✅ გამოიყვანე სახლიდან და გაასეირნე შენი ეტლში მჯდომი შვილი!
✅ იბედნიერე შენს მესამე, მეოთხე თუ მეექვსე ქმართან/ცოლთან/პარტნიორთან!
✅ გააჩინე შვილი 45 წლის ასაკში!
✅ ამაყად ისაუბრე შენს შავკანიან სიძეზე თუ აზიატ რძალზე!
✅ შენს გეი, ლესბოსელ შვილზე!
✅ შენს წარმატებულ გოგოზე, რომელიც არც დაოჯახებას და არც დაორსულებას აპირებს!
✅ ჩაიცვი ისე, რომ მიმზიდველი იყო, პირველ რიგში შენივე თავისთვის! ხალხმა კი, დაე, ისისინოს!
🐍 რადგან, როცა სხვის მოშხამვას აპირებ არ დაგავიწყდეს, რომ ის შხამი პირველ რიგში შენშია და შენვე მოგიღებს ბოლოს! შენ კი არ გაბედო და არ უღალატო შენს ნამდვილ მე-ს ვიღაც ხარახურა, შხამიანი ბრბოს გამო!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ესპანეთის პრინცესებმა, ლეონორმა და სოფიამ, 16 წლის შემდეგ მსოფლიო თასი კვლავ აღმართეს
⭕ „მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩემს შვილებს ყოველთვის ვასწავლი, არის...“ - რას წერს არუნ ხათრი