აგრესია თავისი პირველადი მნიშვნელობით არ არის მხოლოდ მრისხანება ან ძალადობა. როდესაც ეს იმპულსი ბავშვობაში ან სოციალურ გამოცდილებაში ისჯება, სირცხვილით ან დანაშაულის განცდით იფარება, იგი არ ქრება, იცვლის ფორმას და იწყებს მოქმედებას შეფარულად, ხშირად კი სწორედ იმ სფეროებში, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება სიმტკიცე და თვითშენახვის ინსტინქტი, მათ შორის ფინანსებსა და პროფესიულ რეალიზაციაში.
7 ნიშანი, რომელიც მიუთითებს ჩახშულ აგრესიაზე. მათი ფსიქოლოგიური საფუძვლები და ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა.
ნიშანი 1:
მუდმივი უკმაყოფილება საკუთარი თავით.
კარგი შედეგის მიღწევის შემდეგაც გრჩებათ განცდა, რომ საკმარისი არ გაგიკეთებიათ. საკუთარ ნაშრომს სხვებისას ადარებთ და მიღწევებს აუფასურებთ.
ფსიქოლოგიური საფუძველი: ფსიქოანალიტიკურ ტრადიციაში ეს მექანიზმი დაკავშირებულია აგრესიის საკუთარ თავზე შემობრუნებასთან. როდესაც გარემოსკენ მიმართული მრისხანება ან უკმაყოფილება სახიფათოდ ან მიუღებლად აღიქმება, ენერგია შიგნით ბრუნდება. მკაცრი, დაუნდობელი „მე“ (სუპერ-ეგო) იღებს ამ აგრესიული იმპულსის ენერგიას და იქცევა შინაგან გამკიცხავად, რომელიც არასდროს არის კმაყოფილი.
გავლენა ცხოვრებასა და ფინანსებზე: ადამიანი სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ გამოცდილებას, ერიდება ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნას და მთელ ენერგიას საკუთარი თავის გაუთავებელ „გამოსწორებასა“ და სრულყოფაზე ხარჯავს იმის ნაცვლად, რომ შექმნილი ღირებულებით ისარგებლოს.
ნიშანი 2
გაღიზიანება მათ მიმართ, ვინც საკუთარ თავს მეტის უფლებას აძლევს.
თქვენს გაღიზიანებას იწვევენ ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა აცხადებენ სურვილებს, ითხოვენ მეტს და არ ერიდებიან საკუთარი თავის წარმოჩენას. ისინი თავხედებად გეჩვენებათ.
ფსიქოლოგიური საფუძველი:
აქ მოქმედებს პროექცია და ჩრდილთან შეჯახება. საკუთარი სასიცოცხლო იმპულსის, სურვილისა და თვითგამოხატვის უფლება შინაგანი აკრძალვებით არის შეზღუდული. როდესაც სხვაში ვხედავთ იმ სითამამეს, რომელიც საკუთარ თავს ავუკრძალეთ, ჩვენივე ჩახშობილი ენერგია გაღიზიანების სახით იღვიძებს.
გავლენა ცხოვრებასა და ფინანსებზე: გიჭირთ ამბიციების ღიად გაცხადება, ახალ შესაძლებლობებზე პრეტენზიის გამოთქმა და იმ სივრცეში შესვლა, სადაც საჭიროა საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლა.
ნიშანი 3
სირცხვილი საკუთარი მომსახურების ფასის გაზრდისას.
უფრო მარტივად თანხმდებით დამატებით დატვირთვას, ვიდრე სერვისზე ფასის მომატებას. მაშინაც კი, როდესაც თქვენი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ფსიქოლოგიური საფუძველი:
აქ ერთმანეთს ერწყმის სირცხვილი და დანაშაულის განცდა. ადამიანს ეჩვენება, რომ მეტის მოთხოვნა ნიშნავს სხვის დაზარალებას, წართმევას ან საკუთარი თავის უფრო მნიშვნელოვნად წარმოჩენას. ფასის მომატება ქვეცნობიერად აღიქმება, როგორც აგრესიული აქტი, რომლის გამოც შეიძლება დაკარგოთ მიმღებლობა.
გავლენა ცხოვრებასა და ფინანსებზე: საკუთარ შრომას იმაზე ნაკლებად აფასებთ, ვიდრე რეალურად ღირს, დანაკარგს კი დავალებების რაოდენობის ზრდით ანაზღაურებთ, რასაც საბოლოოდ გადაღლამდე მიჰყავხართ.
ნიშანი 4
კონკურენციის მიუღებლობა. თავს არიდებთ გარემოს, სადაც საჭიროა პოზიციისა და წინსვლისთვის ბრძოლა და სადაც შესაძლებელია სხვასთან კონკურენცია.
ფსიქოლოგიური საფუძველი:
ჯანსაღი კონკურენცია მოითხოვს იმპულსის მიმართვას მიზნისკენ და მზაობას, იყოთ პირველი ან უბრალოდ ძლიერი. როდესაც გამარჯვების და უპირატესობის სურვილი ადრეული გამოცდილებით დათრგუნულია, ადამიანი უარს ამბობს თავად შეჯიბრებაზე. ის ქვეცნობიერად ფიქრობს, რომ არ უნდა მოგება, რადგან არავის ატკინოს ან არ გახდეს სხვების სამიზნე.
გავლენა ცხოვრებასა და ფინანსებზე: წინასწარ უარს ამბობთ მნიშვნელოვან პროექტებზე, დაწინაურებასა და ისეთ ფინანსურ შესაძლებლობებზე, სადაც საკუთარი თავის სხვებზე წინ დაყენებაა საჭირო.
ნიშანი 5
თავდაპირველი თანხმობა და შემდგომი ბრაზი.
საუბრის მომენტში გიჭირთ არას თქმა ან საკუთარი პირობების დაყენება, ხოლო გაღიზიანება და წყენა მოგვიანებით, მარტო დარჩენისას გიჩნდებათ.
ფსიქოლოგიური საფუძველი:
ეს არის პასიურ-აგრესიული ქცევისა და საზღვრების სირთულის კლასიკური სურათი. მიჯაჭვულობისა და მიღების დაკარგვის შიში აიძულებს ადამიანს, მოერგოს სხვას და ჩაახშოს წინააღმდეგობა. თუმცა ენერგია არ ქრება, ის ბრუნდება შინაგანი დაძაბულობის, წყენის ან საქმისადმი ფარული წინააღმდეგობის სახით.
გავლენა ცხოვრებასა და ფინანსებზე: იღებთ უფასო დამატებით სამუშაოებს, სხვის მაგივრად პასუხისმგებლობებს, წაგებიან შეთანხმებებს და დროისა და რესურსის ხარჯზე თმობთ ბევრს.
ნიშანი 6
გაღიზიანება, როდესაც სხვა მარტივად შოულობს ფულს.
განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს სიტუაცია, როდესაც გეჩვენებათ, რომ ვიღაცამ შემოსავალი ან წარმატება ზედმეტად მარტივად, თითქოსდა ძალისხმევის გარეშე მიიღო.
ფსიქოლოგიური საფუძველი:
აქ მოქმედებს შური. თუ ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ღირებულება (ამ შემთხვევაში - კეთილდღეობა, მიღება) მხოლოდ მძიმე შრომასა და ტანჯვას უკავშირდება, სხვისი სიმსუბუქე არღვევს ამ შინაგან წესრიგს და იწვევს მრისხანებას იმის გამო, რომ საკუთარ თავს მსგავსი სიმარტივის უფლებას ვერ აძლევს.
გავლენა ცხოვრებასა და ფინანსებზე: შემოსავალი მიბმულია მხოლოდ მაღალ დანახარჯსა და სიმძიმესთან, რის გამოც შეუმჩნეველი რჩება უფრო მარტივი, ეფექტური ან შემოქმედებითი გზები.
ნიშანი 7
ხანგრძლივი მოთმენა და მოულოდნელი აფეთქება.
დიდხანს იტანთ უკმაყოფილებას, სანამ საბოლოოდ არ აფეთქდებით. წყვეტთ ურთიერთობას, ტოვებთ საქმეს ან იღებთ იმპულსურ გადაწყვეტილებას.
ფსიქოლოგიური საფუძველი:
ეს არის დაგროვებისა და განმუხტვის ციკლი. როდესაც მარტივ სიტუაციებში ვერ ამბობთ არას და ყოველდღიურ საზღვრებს ვერ იცავთ, დაუხარჯავი აგრესიული ენერგია გიგროვდებათ, სანამ კონტროლის მექანიზმები აღარ ეყოფა მის შეკავებას.
გავლენა ცხოვრებასა და ფინანსებზე: გეკარგებათ კლიენტები და პარტნიორები, გეშლებათ შეთანხმებები, ასევე იღებთ ფინანსურად გაუმართლებელ, ემოციურ გადაწყვეტილებებს.
როგორ დავუბრუნოთ აგრესიას ჯანსაღი მიმართულება?
პრაქტიკული სავარჯიშო:
ჩახშული აგრესიის გადამუშავების პირველი ნაბიჯი არ არის მისი დათრგუნვა, მნიშვნელოვანია იმპულსის შემჩნევა მანამ, სანამ იგი სხეულში გაიყინება ან სხვის/ საკუთარი თავის წინააღმდეგ შემოტრიალდება. სომატურ და გეშტალტ-მიდგომებში მნიშვნელოვანია ენერგიის მიმართვისა და სივრცის დაკავების განცდის აღდგენა.
სავარჯიშო:
სივრცისა და იმპულსის დაბრუნება:
1. შეჩერდით და დააკვირდით სხეულს. გაიხსენეთ ბოლო შემთხვევა, როდესაც იგრძენით უკმაყოფილება, დაღლილობა ან გაღიზიანება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაეთანხმეთ იმას, რაც არ გინდოდათ, ან რაღაც დააკელით საკუთარ თავს. თქვენი სხეულის რა ნაწილში იგრძნობა ეს? ყბაში, მხრებში, გულმკერდში, მუცელში თუ ტერფებში? რა სიმკვრივის ან ტემპერატურისაა ეს შეგრძნება?
2. გამოყავით ფაქტი, სურვილი და ზღვარი: დაწერეთ სამი მოკლე წინადადება:
რა მოხდა სინამდვილეში? (მხოლოდ ფაქტი, შეფასების გარეშე).
რას ვისურვებდი ახლა? (სურვილი, რომელიც ხშირად უკანა პლანზე გადადის).
რა არის ჩემი ზღვარი? (რას ვეუბნები არას და რას ვთანხმდები).
3. სხეულებრივი იმპულსის მოსინჯვა: დადექით ფეხზე, დადგით ტერფები მყარად იატაკზე. ნელა გასწიეთ ხელები წინ, თითქოს უხილავ, რბილ წინააღმდეგობას ეყრდნობით და საკუთარ სივრცეს იკავებთ. დააკვირდით, სად მიდის სუნთქვა და როგორია შეგრძნება, როდესაც არც თავდაცვაში ხართ და არც თავდასხმაში, არამედ უბრალოდ საკუთარ ადგილს იკავებთ.
4. მცირე ქმედება რეალობაში:
შეარჩიეთ ერთი პატარა სიტუაცია მომდევნო 24 საათის განმავლობაში, სადაც შეგიძლიათ მშვიდად თქვათ არა, დააზუსტოთ პირობა ან დაასახელოთ თქვენი რეალური მოლოდინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა შეიძლება გამოიწვიოს „მუნჯაროს“ ან „ოზემპიკის“ უკონტროლოდ მიღებამ? - ენდოკრინოლოგის განმარტება
⭕27 ნოემბერი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღეა - რას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი