გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც გვიზიარებს რჩევებს და ინფორმაციას თუ რა უნდა ვქნათ მაშინ, როდესაც გვგონია რომ ცუდად ვართ.
მისი თქმით, ხშირად სიმპტომები ჩვენი ორგანიზმის ენაა და გვამცნოს, რომ რაღაც არა არის წესრიგში.
„დღეს ერთ პაციენტს ვესაუბრებოდი და მითხრა, რომ წინა დღეები ვერ იყო კარგად, არადა ბოლო დროს სულ პროგრესი აქვს. რომ მოვისმინე მისი შედარებით ცუდი ამბები, ვუთხარი, გილოცავ-მეთქი.
ალბათ გაგიკვირდებათ, თუ რატომ ვულოცავ თერაპიაში მყოფ ადამიანს ცუდად ყოფნას.
საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ მოსაგვარებელი პრობლემები ზუსტად ასეთ დღეებში ხდება თვალნათელი.
სულ კარგი დღეები და კარგი ამბები კი სასიამოვნოა, მაგრამ ნაკლებად ემსახურება გაზრდას, წინსვლას, ახალი სტრატეგიების ძიებას და პოვნას.
ხოდა, ასეც მოხდა: დღეს ვისაუბრეთ ახალ თემებზე, ყველაფერი გავაანალიზეთ, დავგეგმეთ ახალი ამოცანები და წინ წავედით ახალი პრობლემის მოგვარებით კმაყოფილები.
რა თქმა უნდა, არ არის ეს შავ-თეთრი ფენომენი, როცა ყოველი ცუდად ყოფნის უკან აზრი, ახალი გზა თუ პროგრესი იმალება.
მაგრამ მაინც ჩაეძიეთ ხოლმე თავს, ჰკითხეთ თქვენს ტვინს, თუ
რა უნდა?
რას აპროტესტებს?
რითია უკმაყოფილო?
რაზე შფოთავს?
რისი/ვისი ეშინია?
რისგან იხევს უკან?
რა აკლია?
რისგან უნდა დისტანცია?
ვისგან უნდა ჩამოშორება?
ვისთან დაახლოება?
ხშირად სიმპტომები ჩვენი ორგანიზმის ენაა, გვამცნოს, რომ რაღაც არა არის წესრიგში, რაღაც ძალიან გვაწუხებს, მძიმედ გვაწევს...
გამოსავალისკენ სწორი გზა შეიძლება იყოს საკუთარი მონოლოგის, უფრო სწორად საკუთარ თავთან დიალოგის ტელეფონში ჩაწერა.
მარტივად: დააჭირეთ ჩაწერის ღილაკს და დაიწყეთ საუბარი, აბდაუბდა, გაურკვეველი, ცრემლიანი, ირონიული... მოკლედ ისაუბრეთ გულახდილად, ყოველგვარი ტაბუს გარეშე. ამ მიდგომას, სახელად “თავისუფალი ასოციაცია”, ფროიდი წარმატებით იყენებდა.
მეორე ან მესამე დღეს ეს ჩანაწერი მოისმინეთ.
შემდეგ ეს თემა თუ თემები სულის და გულის ახლობელს გაუზიარეთ. ხანდახან სრულიად საკმარისია, ვიღაცამ მოგვისმინოს, უბრალოდ გვერდით გვეჯდეს და მოგვისმინოს.
თუ ასეც ვერ მიხვედით გამოსავლამდე, მიდით ფსიქოლოგთან. დაუსვით ყველა კითხვა, რაც გაწუხებთ. არ მოგერიდოთ, კითხვების დასმა თქვენი უფლება და პასუხების გაცემა ფსიქოლოგის თუ ექიმის მოვალეობა, მისი სამსახური. თუ შეატყობთ, რომ არ მოსწონს, უნდა კითხვების მოსმენა, დატოვეთ ოთახი და სხვა, უკეთესი იპოვეთ.
როცა საქმე თქვენს ჯანმრთელობას ეხება, ზედმეტად მომთხოვნი, სკეპტიკური, კრიტიკული იყავით საწყის ეტაპზე, მხოლოდ საუკეთესო უნდა შეეხოს თქვენს ჯანმრთელობას და თქვენვე მიხვდებით პირველ რიგში, ვინაა თქვენთვის საუკეთესო.
ძალიან ცოტა სიტუაცია მეგულება, სადაც გამოსავალი, როგორც ასეთი, არ მოიძებნება.
სიტუაციების 99,9% აქვს გამოსავალი!
ნუ აჰყვებით ემოციებს, ნუ დაიწყებთ თავის შეცოდებას თუ გამოგლოვებას, არამედ გამოიყენეთ ტვინის რაციონალური უნარები, რაც უხვად გვიბოძა ბუნებამ ადამიანებს.
გამოსავალი კი, როგორც წესი, ჩვენშივეა, უბრალოდ ამის აღმოსაჩენად ხანდახან სხვისი დახმარება შეიძლება დაგვჭირდეს.
კიდევ ერთი: დახმარების თხოვნა ინტელექტის და არა სისუსტის ნიშანია!
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გირჩევთ: კონფლიქტის გამწვავებას და რისკიან ფინანსურ ნაბიჯებს“ - 22 მაისის მეტაფიზიკური პროგნოზი