მედიცინაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი დადებით გავლენას ახდენს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ჰორმონალურ ფონზე. მეან-გინეკოლოგ მანანა მგალობლიშვილის განმარტებით, ორსულობამდე არსებული მენსტრუალური ციკლის დარღვევები და სხვა ჰორმონალური პრობლემები მშობიარობისა და ძუძუთი კვების შემდეგ ხშირად სრულიად ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება.
„პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომისა და უშვილობის მქონე პაციენტებს ვურჩევთ, მშობიარობის შემდეგ ნუ დაიცავენ თავებს ორსულობისგან, რათა მალევე დაორსულდნენ და რემისიის პერიოდი უფრო დიდხანს გაგრძელდეს. მოგვიანებით კი, ასაკის მატებასთან ერთად, ეს სინდრომი თავისითაც ქრება. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ხშირად მცირდება ან სრულიად ქრება აკნეც. ხშირია შემთხვევები, როცა ორსულობისა და ლაქტაციის შემდეგ, მენსტრუაციის აღდგენისას, თუ ქალს მანამდე ძლიერად გამოხატული პრემენსტრუალური სინდრომი ჰქონდა, მისი სიმპტომები სრულიად ქრება “, - აღნიშნავს მანანა მგალობლიშვილი.
წყარო: mshoblebi.ge