Digest Logo

🎥 „დასრულდა ყოველწლიური საცივის ომი და ისევ გაიმარჯვა საქართველომ... ახლა გურული ღვეზელის დროა“ - ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტი საშობაოდ

1767684968
ნინო კვაჭანტირაძე

გურული ღვეზელის ისტორია - საშობაო ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის პერსონალურად ცხვებოდა, ყველაზე დიდი ფორმის კი ოჯახის უფროსისთვის იყო განკუთვნილი. ბავშვებისათვის პატარა ზომისას ამზადებდნენ. ასევე ცხვებოდა ერთი განსხვავებული, მოზრდილი ფორმის ღვეზელი, რომელშიც ყველაზე ბევრი კვერცხი იდო. ის, ტრადიციულად, სუფრის შუაგულში იდებოდა, მასზე სანთელს ანთებდნენ და სწამდათ, რომ ეს ოჯახის ბარაქისა და კეთილდღეობისათვის კეთდებოდა. ქალი, რომელიც ცომს ზელდა, თან ლოცვას ამბობდა და ბოლოს გამოსაცხობად დალაგებულ ღვეზელებზე ცომით პატარა ჯვრებს ასვამდა. საშობაო ღვეზელი უსათუოდ ნახევარმთვარის ფორმის უნდა ყოფილიყო. გადმოცემის თანახმად, ეს - ციური სხეულების, ხოლო კვერცხი ნაყოფიერების, ხვავისა და ბარაქის სიმბოლოა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ქართველი ჟურნალისტისა და კულინარის, ნინო კვაჭანტირაძის სტატუსს გთავაზობთ:

„მოკლედ, დასრულდა ყოველწლიური საცივის ომი და ისევ გაიმარჯვა საქართველომ.

ხოდა, გურულს უთქვამს - ბიძია, სადაური ვარ აგერ მე აღარ მიწერენ პასპორტში და საცივის სადოურობას რას დიეძებთ, თუ სამე კაი ქალის გაკეთებული გემრიელი საცივი ნახო, ამუუწე კაი პური, ჩეიდევი მაგ პირში და გეიარეო, ხვალ დაიწყება უფრო ხანმოკლე ღვეზლების ომი.

მასე არ უნდა ისე უნდა, ცომი დროჟიანი უნდა, არა მაწვნიანი, რძე უნდა, კვერცხი მთელი თუ ორად გაჭრილი თუ სამად, შებოლილი თუ კარაქში შებრაწული.

მრგვალი თუ ნახევარმთვარის ფორმის, ტაფის, კეცის თუ დუხოვკის, მოკლედ, ორი რამის გაკეთებას ვიჩემებს - საცივის და ღვეზელის, (აბა, დღემდე ვერ ვისწავლე ლამაზი კატლეტების შეწვა) და მაინცადამაინც, ეს ორი რეცეპტია ყოველთვის საომო.

საცივზე კვლევა გამოვაქვეყნე, ხვალ ღმეზელზედაც მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას და შემოგთავაზებთ ძველ და ახალ რეცეპტებს!

პ,ს. მთავაარი კი ისაა, რომ ხვალ შობაა და დედამიწას ადამიანის მოდგმის მხსნელი მოევლინება!“,- წერს ნინო კვაჭანტირაძე.