გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც იგი დეპრესიის შესახებ წერს:
„ყურადღებით წაიკითხეთ და კარგად გაიაზრეთ, რაზე კეთდება ამ პოსტში აქცენტი!
დეპრესია შეიძლება ქრონიკული ტკივილების დაწყებამდე დაახლოებით 10 წლით ადრე დაემართოს ადამიანს, ამას გვეუბნება ბოლო კვლევები.
ხომ ხედავთ, ყველაფერი ურთიერთკავშირშია.
არ შეიძლება დავყოთ ადამიანი ორად - სხეულად და ფსიქიკად. ეს ძალიან დეკარტისეულია და პრაქტიკაში ძალიან წამგებიანი.
შესაბამისად ნაკლებად ეფექტურია ხოლმე ვიწრო მიდგომები კომპლექსური პრობლემების დროს.
ანუ რას გვეუბნება ეს კვლევა?
იმას, რომ ყველაფერს დროულად უნდა ვუმკურნალოთ, მით უმეტეს ისეთ მასშტაბურ დაავადებებს, როგორიც არის დეპრესია.
დეპრესია არ არის, რასაც სულ ვიმეორებ, მხოლოდ უხასიათობა და უენერგიობა.
არამედ ეს არის მრავალშრიანი დაავადება, რომელსაც აქვს ნეიროფიზიოლოგიური, ბიოქომიური, იმუნოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური კომპონენტები.
მიდგომაც უნდა იყოს ძალიან სერიოზული. მკურნალს უნდა ჰქონდეს ძალიან სოლიდური ცოდნა ნეიროფიზიოლოგიაში, კლინიკურ ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, ფარმაკოლოგიაში, სოციალურ და პიროვნების ფსიქოლოგიაში და ეს ცოდნა უნდა იყოს სულ updated, ანუ განახლებული თანამედროვე მეცნიერული ლიტერატურის კითხვით.
დეპრესიასა და ტკივილს შორის დიდი ხანია ვიცით ახლო კავშირის შესახებ. მაგრამ ეს პირველი ინფორმაცია, როდესაც დეპრესია გვევლინება მომავალი ქრონიკული ტკივილის პოტენციურ წინამორბედად, მაცნედ, თან წლობით ადრე.
მიხედეთ ყველაზე პირველ რიგში თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას!
ცხოვრების ხანგრძლივობა სულ მატულობს, მაგრამ ამ წლებს ხომ უნდა ჰქონდეთ ხარისხი?
უკვე აღარ კეთდება აქცენტი მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ვიცოცხლოთ დიდხანს, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიცოცხლოთ დიდხანს ჯანრთელებმა.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით