
ზაფხულის სეზონზე ტკიპის მიერ გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაავადება – ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) – მაქსიმალური აქტივობის ფაზაში შედის.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განცხადებით, ეს ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე რთული და საფრთხის შემცველი პრობლემაა, რაც ტკიპის კბენის შედეგად შეიძლება განვითარდეს.
მისი თქმით, აუცილებელია ტყეში ან მინდორში გატარებული დროის შემდეგ, ბავშვისა და მოზრდილის კანის ყურადღებით დათვალიერება. ტკიპის კანზე მიკვრის შემდეგ 36 საათში იწყება პათოგენური ზემოქმედება.
შესაბამისად, თუ ტკიპა 5-6 საათში აღმოაჩინეთ და სწორად მოაშორეთ, ლაიმის დაავადების განვითარების რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლი.
ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყიდან დაბრუნების ან მინდორში ყოფნის შემდეგ სხეული აუცილებლად დაათვალიერონ.
როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, ტკიპის კანიდან მოშორებას თავისი წესები აქვს, რის გამოც, სასურველია აღნიშნული პროცედურა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ განხორციელდეს.
„ერთ-ერთი მთავარი და რთული დაავადებაა, რომელიც ტკიპას გადააქვს, ეს არის ბორელიოზი, ე.წ. ლაიმის დაავადება. ბორელიოზის მაქსიმალური აქტივობა ზაფხულის განმავლობაში აღინიშნება. აქ აუცილებელია კანის დათვალიერება. თუ ტყის პირას გადიხართ, ან მინდორში ატარებთ, აუცილებელია სახლში დაბრუნების შემდეგ დაათვალიეროთ ბავშვის, ან მოზრდილის კანი. ვინაიდან, ტკიპა ნეგატიურ ზემოქმედებას ავლენს კანზე მიკვრიდან 36 საათის შემდეგ. თუ ტკიპა მიეკრა კანს რამდენიმე საათის განმავლობაში და 5-6 საათის მერე აღმოაჩინეთ ის სხეულზე, აუცილებლად უნდა მოაშოროთ, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ამ ლაიმის დაავადების განვითარების რისკი ნულის ტოლია.
ტკიპის ზემოქმედება იწყება მას შემდეგ, როდესაც მიეკვრება ადამიანის კანს, შემდეგ გამოწოვს სისხლს და ტკიპას კუჭ-ნაწლავიდან ხდება სანერწყვე ჯირკვლებში და შემდეგ, როდესაც უკბენს ტკიპა ადამიანს შემდეგ ხდება დაავადების გავრცელება. კანის დათვალიერება აუცილებელია, როდესაც ბავშვი მინდვრიდან ან ტყიდან სახლში დაბრუნდება.
ტკიპის სწორად მოშორებას თავისი წესები აქვს, კარგი იქნება, თუ სამედიცინო დაწესებულებას მიმართავთ, ექიმმა უნდა შეასრულოს ტკიპას მოშორების პროცედურები“, - აღნიშნავს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები
⭕„მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე