მოტომედიკი და ტრავმატოლოგი დავით კაცაძე სოციალურ ქსელში საყურადღებო მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას უცხო სხეულით დაზიანებისას არასწორი ქმედებების საფრთხეზე აფრთხილებს.
ექიმი კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, სადაც მამაკაცს სახის არეში დიდი ზომის ლურსმანი ჰქონდა ჩარჭობილი. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქე ბენზოხერხით (ბენზოცელით) დამცავი ფარის გარეშე მუშაობდა. მისი თქმით, პაციენტის სიცოცხლე სწორედ იმან გადაარჩინა, რომ ადგილზე მყოფებმა ლურსმნის დამოუკიდებლად ამოღება არ სცადეს.
„ბევრს ჰგონია, რომ ასეთი უცხო სხეული დაუყოვნებლივ უნდა ამოვიღოთ. სინამდვილეში, ეს შეიძლება ფატალური შეცდომა იყოს. უცხო სხეული ზოგჯერ დაზიანებულ სისხლძარღვს აწვება და დროებით ამცირებს ან აჩერებს სისხლდენას. მისი დაუფიქრებელმა ამოღებამ შეიძლება რამდენიმე წამში სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს“, - განმარტავს ტრავმატოლოგი.
დავით კაცაძე ასეთ დროს პირველადი დახმარების ოქროს წესებს ასახელებს:
⭕ არ ამოიღოთ უცხო სხეული;
⭕ დაასტაბილურეთ იგი (დააფიქსირეთ არსებულ პოზიციაში);
⭕ დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება და პაციენტი სწრაფად გადაიყვანეთ შესაბამის კლინიკაში.
მედიკოსი მოუწოდებს საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ, ვინც სამუშაო პროცესში უსაფრთხოების დამცავ საშუალებებს არ იყენებს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ აღნიშნული რჩევები.