ლიბიდო ნიშნავს ადამიანის სექსუალურ სურვილს, მისწრაფებასა და ენერგიას, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ სურვილებთან და ინსტინქტებთან.
ტერმინი მომდინარეობს ფსიქოანალიტიკოს ზიგმუნდ ფროიდისგან, რომელიც ლიბიდოს „სექსუალურ ენერგიას“ უწოდებდა, თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგიაში ის უფრო ფართოდ – სექსუალური სურვილის დონედ – განიხილება.
რაზეა დამოკიდებული ქალის ლიბიდო და რატომ არ უნდა ქალს სექსი - აღნიშნულ თემაზე გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგმა მანანა მგალობლიშვილმა „ცოდნისმოყვარე პოდკასტში“ ისაუბრა:
„უნდა გვახსოვდეს, რომ ლიბიდო ეს არ არის მხოლოდ „ორგანიკა“, ორგანული ცვლილება, ფსიქოლოგია, ემოციები, ეს არის ასევე ძალიან რთული ბიოქიმიური პროცესი, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონები: დოფამინი, ტესტოსტერონი, ესტროგენები, კორტიზოლი, პროგესტერონი, პროლაქტინი - ეს ურთულესი სისტემაა.
ისინი ერთმანეთთან ურთიერთობენ, მათი ჭარბი ზრდა ზოგჯერ ლიბიდოს დაქვეითებას იწვევს, ან პირიქით, მომატებას.
ქალის ფიზიოლოგია ისეა შექმნილი, რომ რეპროდუქციულ ასაკში ქალს აქვს მენსტრუაცია და ეს ციკლიც თავად არის უდიდესი საოცრება, სადაც ყველაფერი იცვლება. ხშირად უთქვამთ, აი, რაღა ქალებს გვაქვს მენსტრუაცია და რატომ არა კაცებს. სინამდვილეში, ქალის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება არის გამრავლება, ბიოლოგიური ფუნქციაა და ამისთვისაა შექმნილი მენსტრუაცია. მენსტრუაციიდან-მენსტრუაციამდე პერიოდში არის ფაზები, რა დროსაც იცვლება ჰორმონების მდგომარეობა, რაოდენობა, მოქმედება, რეცეპტორების მგრძნობელობა.
დოფამინი არის მოტივაციის, ინტერესის ჰორმონი, ტესტოსტერონი ქალსაც აქვს, მცირე რაოდენობით და ეს არის სექსუალური სიამოვნების, ენერგიის, სურვილის ჰორმონი. როდესაც მისი რაოდენობა იკლებს, მენოპაუზაში, მაშინ ლიბიდოს დაქვეითების ერთ-ერთი მიზანი ეს არის.
ჰორმონები იწვევს ემოციას და ამავე დროს თვითონ ემოციაც იწვევს ჰორმონების მატებას, ანუ თუ ჰორმონს მიაწვდი ქალს, არ ნიშნავს, რომ მას ლიბიდო აუცილებლად ექნება. შეიძლება ჰორმონები არ იყოს მაღალი, მაგრამ იმდენად ძლიერი იყოს ემოციური ფონი, რომ ლიბიდოს ზრდა გამოიწვიოს.
ქალის ტესტოსტერონი როგორც ვთქვი, კაცზე გაცილებით ნაკლებია, აქვს თავის ნორმატივები და ლაბორატორიებს თავისი ნორმატივი აქვთ, შესაბამისად, დასკვნაში წერია ნორმა რამდენია. ის, რაც ქალისთვის ნორმაა, კაცისთვის დაბალია“, - ამბობს მანანა მგალობლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: