საძინებელი ის სივრცეა, სადაც დღის ბოლოს ძალების აღდგენასა და სრულფასოვან დასვენებას ვეძებთ. ინტერიერის დიზაინერებისა და ფსიქოლოგების თქმით, საძინებელში სწორად შერჩეული ფერთა პალიტრა პირდაპირ კავშირშია სტრესის შემცირებასთან, განწყობის გაუმჯობესებასა და მშვიდ ძილთან. ჰარმონიული კომბინაციები ოთახში სიმყუდროვისა და სრული კომფორტის შეგრძნებას ქმნის.
თუ საძინებლის განახლებას ან ინტერიერის შეცვლას გეგმავთ, გაეცანით ფერთა 5 ყველაზე წარმატებულ დუეტს, რომლებიც სივრცეს მშვიდ ოაზისად აქცევს:
მდიდარი ნაცრისფერი და მუქი მწვანე
ეს ტონები იდეალურია მათთვის, ვისაც საძინებელში შედარებით მუქი, ღრმა ატმოსფერო ხიბლავს.
მწვანე ტყესთან, ბუნებასთან და სიმშვიდესთან ასოცირდება. ნაცრისფერი სივრცეს დახვეწილობასა და ელეგანტურობას მატებს.
ნაცრისფერი საუკეთესოა დიდი ზომის ავეჯისა და კედლებისთვის, ხოლო მუქი მწვანე გამოიყენეთ ტექსტილისთვის, დეკორატიული ელემენტებისა და აქცენტირებული კედლისთვის.

თბილი ქვიშისფერი და ნაცრისფერი
ორივე ფერი ნეიტრალურ გამას მიეკუთვნება და საოცრად მარტივად ერწყმის ერთმანეთს. ეს კომბინაცია იდეალურია სრულიად დამამშვიდებელი და გაწონასწორებული გარემოს შესაქმნელად.
კედლებისა და ჭერისთვის ძირითად ტონად ქვიშისფერი შეარჩიეთ, ხოლო ავეჯი, ფარდები და დეკორი ნაცრისფერ ელფერებში გაანაწილეთ.

ნაზი ვარდისფერი და კრემისფერი
ეს ნაზი დუეტი ოთახში სიმსუბუქისა და სითბოს ატმოსფეროს აყალიბებს.
ვარდისფერი ხელს უწყობს კუნთების მოდუნებასა და შფოთვის შემცირებას. კრემისფერი ოთახს შინაურ კომფორტს მატებს.
ეს პალიტრა განსაკუთრებით უხდება ქალურ, ნაზ საძინებლებს. ვინაიდან ორივე ტონი იდეალურად ავსებს ერთმანეთს, მათი გამოყენება ნებისმიერი თანაფარდობით შეგიძლიათ.

მწვანე და ტერაკოტა
მათთვის, ვისაც ოთახში კეთილდღეობის, სიახლისა და სიმშვიდის განცდა სურს, ეს თბილი ვარდისფერი ელფერის მქონე ტერაკოტასა და მწვანეს სინთეზი საუკეთესო არჩევანია.
მწვანე სივრცეს სიახლით ავსებს, გამოიყენეთ ტექსტილსა და კედლებზე.
ტერაკოტა ოთახს დამამშვიდებელ სითბოს სძენს, საუკეთესოა ავეჯის, დეკორისა და აქცენტებისთვის.

ლავანდა და მქრქალი ვარდისფერი
ლავანდისა და მქრქალი ვარდისფრის ტანდემი საძინებელს განსაკუთრებულ რომანტიკულ განწყობას ანიჭებს.
აირჩიეთ ლავანდისფერი ტექსტილი და კედლის საღებავი, ხოლო ავეჯისა და დეკორისთვის ვარდისფერი ტონები გამოიყენეთ.
ამ ინტერიერს სრულყოფილ იერსახეს ცივი, მქრქალი ფერების დეკორატიული ნივთები შესძენს.
