„როდის თხოვდები?“, „ბავშვს როდის აჩენ?“, „როგორ გასუქებულხარ...“ - ეს ფრაზები, რომლებიც ხშირად „ოჯახური მზრუნველობის“ ან უბრალო ინტერესის ნიღაბს ატარებენ, სინამდვილეში ადამიანის პირად სივრცეში უხეში შემოჭრა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფარული ფორმაა. საზოგადოებაში, სადაც სხვისი ცხოვრების დეტალების განკითხვა ნორმად ითვლება, პირადი საზღვრების დარღვევა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.
რატომ მიიჩნევენ ადამიანები თავს უფლებამოსილად, ჩაერიონ სხვის არჩევანსა თუ ფიზიკურ მდგომარეობაში, რატომ იწვევს ეს ერთი შეხედვით „უწყინარი“ შეკითხვები მძიმე სტრესს, შფოთვასა და დანაშაულის განცდას მსხვერპლში და როგორ უნდა ვისწავლოთ საკუთარი ფსიქოლოგიური ტერიტორიის დაცვა ტაქტის დაკარგვის გარეშე? - ამ საკითხებზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ფსიქოლოგი თეკლა გეთიაშვილი საუბრობს:
„ადამიანი რეალობას არ აღიქვამს ისე, როგორც არის, არამედ ისე, როგორც ბავშვობაში მიღებული ტრავმა გადმოსტყორცნის. როცა გეუბნებიან: „ლამაზი ხარ და შეიძლება დასაცავი იყო ვიღაცებისგან“, ეს ტრავმად დაილექა და არა როგორც კომპლიმენტი - „ლამაზი ვარ“. რატომ არღვევენ ადამიანები პირად საზღვრებს? იმიტომ, რომ ესეც ბავშვობიდან მოდის - გატკინონ უნებლიედ. ეს ასოცირდება კონტროლთან, წარსულიდან გამომდინარე. რა არის ამის მიზანი? ჩემი ემოციით დაიკმაყოფილოს საკუთარი ეგო. როგორ დავიცვათ თავი? არ მისცეთ მას ის ემოცია პასუხად, რისი გამოწვევაც სურდა“, - ამბობს ფსიქოლოგი.