ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემაზე საუბრობს.
იგი გვიხსნის, როგორ დავეხმაროთ ბავშვს პირველი კბილების ამოსვლის დროს:
„პატარა ადამიანის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და ხშირად მშობლებისთვის დამაბნეველი ეტაპი - კბილების ამოჭრის პერიოდია.
ეს ის დროა, როცა თითქოს სრულიად ჯანმრთელი ბავშვი უცებ იწყებს მოუსვენრობას, ღამის ძილი ერღვევა, ხშირად ტირის და ყველაფერს პირში იდებს.
როგორც პედიატრი გეტყვით, ეს პროცესი ფიზიოლოგიურია და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს.
პირველი კბილი, როგორც წესი, 5-7 თვის ასაკში ჩნდება, თუმცა ნორმად ითვლება 4 თვიდან 12 თვემდეც. ყველაზე ხშირად პირველი „სტუმრები” ქვედა ცენტრალური საჭრელები არიან...
კბილების ამოჭრისას ბავშვს შეიძლება ჰქონდეს:
✅ გაძლიერებული ნერწყვდენა
✅ღრძილების ქავილი და შეშუპება
✅ყველაფრის პირში ჩადების სურვილი
✅მოუსვენრობა და გაღიზიანება
✅სუბფებრილური ტემპერატურა, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერთერმიას, ძლიერ დიარეას ან მკვეთრად გამოხატულ სისუსტეს ,ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს კლინიკური სურათი მხოლოდ კბილების ბრალიც შეიძლება არ იყოს და ასეთ დროს სხვა მიზეზიც უნდა ვეძებოთ.
🙌🙌როგორ დავეხმაროთ პატარას?
ეს არის ეტაპი, სადაც მშობლის სითბო და სწორი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
✅სპეციალური გრილი (არა გაყინული) სათამაშოები ღრძილების დასამშვიდებლად
✅სუფთა თითით ან სილიკონის ჯაგრისით მსუბუქი მასაჟი
✅ხშირი ჩახუტება -ემოციური კომფორტი ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია
✅საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან შეთანხმებით -ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები რას უნდა მოვერიდოთ? არ უნდა გამოვიყენოთ: სპირტიანი ან უცნობი „ხალხური” საშუალებები, თაფლი მცირე ასაკში, მოვერიდოთ თვითნებურად გელების ხშირ გამოყენებას!!!
ეს პერიოდი დროებითია, მაგრამ მშობლისთვის ხშირად ძალიან დამღლელი. გახსოვდეთ -ბავშვი, რეალურად, დისკომფორტს განიცდის და თქვენი მხარდაჭერა მისთვის მთავარი წამალია“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა არის „ბელტეინი“ ანუ „ხორბლის დღე“ - რიტუალები და რჩევები თამუნა იოსელიანისგან
⭕ „შენ თაფლს ანადგურებ ისე, რომ არც კი იცი“ - რას წერს არუნ ხათრი