Digest Logo

„გამოსავალი სწრაფი და ერთმნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მთავარი მიმართულება ერთია...“ - რა უნდა ვიცოდეთ ფსიქოსომატურ დაავადებებზე

1778850475
მაგდა კოტრიკაძე

ფსიქოსომატური დაავადებები: ხშირად სხეული იწყებს „ლაპარაკს“ იქ, სადაც ჩვენ ვერ ვბედავთ
დღევანდელ სამყაროში ადამიანები სულ უფრო ხშირად გრძნობენ დაღლილობას, შფოთვას და შინაგან დაძაბულობას.

ამ ფონზე ბევრს უჩნდება სხვადასხვა ფიზიკური სიმპტომი: ტკივილი, დისკომფორტი, უძილობა, გულის აჩქარება, თუმცა ექიმთან ვიზიტისას ხშირად პასუხი არის: „ორგანულად ყველაფერი ნორმაშია“.

ასეთ დროს ხშირად საქმე გვაქვს ფსიქოსომატურ მდგომარეობასთან, როცა ჩვენი ემოციური და ფსიქიკური მდგომარეობა პირდაპირ აისახება სხეულზე.

ფსიქოსომატიკა არც „გამოგონილი“ დაავადებაა და არც სისუსტის ნიშანი. ეს არის ბუნებრივი პროცესი. სხეული რეაგირებს იმაზე, რაც ჩვენს შიგნით ხდება. როცა ადამიანი დიდხანს ვერ გამოხატავს თავის ემოციებს, ვერ ამუშავებს შინაგან კონფლიქტებს ან მუდმივად სტრესში ცხოვრობს, სხეული თითქოს გაურბის ამ პასუხისმგებლობას და იწყებს განგაშს.

ყველაზე გავრცელებული ფსიქოსომატური პრობლემები ხშირად ძალიან ნაცნობია: ქრონიკული თავის ტკივილი და შაკიკი, კისრისა და ზურგის დაჭიმულობა, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ძილის პრობლემები, გულის რიტმის ცვლილება, მუდმივი დაღლილობა, კანის დაავადებები. ზოგ შემთხვევაში ადამიანს უჩნდება პანიკური შეტევებიც ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება. ეს ყველაფერი შეიძლება რეალურად არსებობდეს, თუმცა მათი საფუძველი ხშირად ემოციურ სტატუსშია.

ასეთ რთულ სიმპტომებს იწვევს ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვამჩნევთ ან შეგნებულად ვაიგნორებთ. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის დაუმუშავებელი ემოციები. როცა ბრაზი, შიში, დანაკლისის განცდა ან იმედგაცრუება არ გამოითქმის, ის არ ქრება. უბრალოდ ფორმას იცვლის. ხშირად სხეული იწყებს „ლაპარაკს“ იქ, სადაც ჩვენ ვერ ვბედავთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია ქრონიკული სტრესი. როდესაც ადამიანი მუდმივად დაძაბულ რეჟიმშია, ორგანიზმი ვერ ასწრებს აღდგენას. ასეთი მდგომარეობა თითქოს „ახალ ნორმად“ იქცევა, თუმცა სხეული ამ დატვირთვას ერთ დღეს უკვე ვეღარ უძლებს. შიდა კონფლიქტებიც დიდ როლს თამაშობს როცა ერთი მხრივ რაღაც გვინდა, მაგრამ მეორე მხრივ საკუთარ თავს ვუკრძალავთ. მაგალითად, გვინდა დასვენება, მაგრამ თავს ვაიძულებთ იმუშაოს. გვინდა თქმა „არა“, მაგრამ მაინც ვამბობთ „კი“-ს. ეს წინააღმდეგობა ნელ-ნელა იწვევს დაძაბულობას, რომელიც საბოლოოდ ფიზიკურ სიმპტომებში გადადის.

ძალიან ხშირად პრობლემის საფუძველი არის საზღვრების არქონა. როცა ადამიანი მუდმივად სხვების საჭიროებებზეა გადართული და საკუთარ თავზე ზრუნვას უკანა პლანზე სწევს, მისი რესურსი ნელდება. ასეთ დროს სხეული თითქოს „აიძულებს“ გაჩერებას ტკივილით, დაღლილობით ან ავადმყოფობით.

გამოსავალი სწრაფი და ერთმნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მთავარი მიმართულება ერთია, საკუთარ თავთან დაბრუნება. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ემოციების გაცნობიერება. საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგი ხშირად ბევრს ცვლის. კითხვა „რას ვგრძნობ ახლა?“ შეიძლება ძალიან მარტივი ჩანდეს, მაგრამ სწორედ აქ იწყება ცვლილება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ემოციების გამოხატვა. საუბარი, გაზიარება, წერა, ნებისმიერი ფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შიგნით დაგროვილი გავათავისუფლოთ. ხშირად მხოლოდ ამის შემდეგ მცირდება სხეულის დაძაბულობა.

ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი საზღვრების დაკვირვება და დაცვაც. შესაძლებლობა, რომ ადამიანს ჰქონდეს არჩევანი და თქვას „არა“, არის არა ეგოს გამოხატულება, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა.

სხეულთან კონტაქტიც აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მოძრაობა, სუნთქვა, სეირნობა, მოდუნება, ეს ყველაფერი ეხმარება ორგანიზმს სტრესისგან განთავისუფლებაში. სხეული არ არის მტერი, ის ჩვენი პარტნიორია და მუდმივად გვაძლევს მინიშნებებს.

ზოგჯერ კი აუცილებელია პროფესიონალური დახმარებაც. ფსიქოთერაპია, მათ შორის გეშტალტთერაპია, ეხმარება ადამიანს უკეთ გაიგოს საკუთარი თავი, ემოციები და რეაქციები. ეს არის არა პრობლემის აღიარება, არამედ საკუთარი თავის მხარდაჭერა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა გვახსოვდეს არის ის, რომ სხეული არასდროს გვაზიანებს განზრახ. ის გვიცავს და გვანიშნებს, რომ რაღაც ჩვენს ცხოვრებაში ყურადღებას საჭიროებს. თუ ამ სიგნალებს დროულად გავიგებთ და მოვუსმენთ საკუთარ თავს, ხშირად შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ის, რაც მოგვიანებით უკვე დაავადებად ყალიბდება.

ფსიქოსომატიკის პრევენცია არ ნიშნავს იდეალურ ცხოვრებას სტრესის გარეშე. ეს ნიშნავს უნარს დავინახოთ, რას ვგრძნობთ, მივცეთ საკუთარ თავს მნიშვნელობა და არ დაველოდოთ იმ ეტაპს, როცა სხეული ჩვენს მაგივრად დაიწყებს „ლაპარაკს“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დემნა გვასალია ნიუ-იორკში, ქართულ რესტორანს, ოჯახთან ერთად ეწვია - „ის თავისი სულით უფრო დიდია, ვიდრე სახელით“

⭕როგორ ავამოქმედოთ დღევანდელი დღის ენერგია - „წარმოთქვი ეს კოდი მშვიდად, რწმენითა და ნათელი განზრახვით“

⭕„შესაძლოა, დაგისვან არასწორი დიაგნოზი... მაღალია დაინფიცირების რისკიც“ - მაისის სილამაზისა და ჯანმრთელობის კალენდარი ფენ-შუის მიხედვით