Digest Logo

„ღმერთი თავმდაბლებს ანიჭებს მადლს, ისეთ რამეს ათქმევინებს მოძღვარს, რაც შენთვის სასარგებლოა“ - მოძღვარი ლევან ჯიქური მორჩილებაზე

1770202285
მამა ლევანი

კასპში მოღვაწე სასულიერო პირი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს სადაც ადამიანსა და მოძღვარს შორის ურთიერთობაზე წერს.

მამა ლევანი ამბობს, რომ მორჩილება ქრისტიანობაში აუცილებელი და იშვიათი თვისებაა, ამპარტავნება კი ხშირი:

„მოძღვარი ადამიანს მხოლოდ იმიტომ არ ჰყავს, რომ აღსარება უთხრას და აზიაროს. იგი უნდა ეკითხებოდეს რჩევებს სულიერ და ამქვეყნიურ გადაწყვეტილებებში. ამით თავს იმდაბლებს კაცი, და ბიბლიურად კიდევ ვიცით, რომ ღმერთი თავდაბლებს ანიჭებს მადლს; ისეთ რამეს ათქმევინებს მოძღვარს, თუნდაც ის დიდი სულიერების და სიბრძნის არ იყოს, რაც შენთვის სასარგებლოა. ხოლო ამპარტავანთ შეჰმუსრავსო: როცა ჩათვლი, რომ შენ იმდენი სულიერება და ჭკუა გაქვს, რომ უკვე აღარ გჭირდება მისი სიტყვები, შენით იღებ გადაწყვეტილებებს, ამის გამო მოგიღებს ბოლოს. თორემ მოძღვრისთვის რომ გეკითხა და იგივე ეთქვა, კარგად გამოვიდოდა.

ზოგს, მაგალითად, მისცემს მოძღვარი კურთხევას. თუ მოეწონა ეს კურთხევა, აწყობს, გულზე დაედო, ფიქრობს, რომ ეს შესასრულებელია. და თუ არ ესიამოვნა, შეეხო მის ამპარტავნებას ან რომელიმე ცოდვას, ეს არაა შესასრულებელი.

ღირსი იოანე სინელი წერს: „მორჩილება არის სამარე საკუთარი ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა“. თავნება და სიმდაბლის არ მქონე ადამიანის ცხონება კი შეუძლებელია.

ზოგი ფიქრობს, რომ შესაძლებელია თან მორწმუნე ერქვას, ეზიარებოდეს, თან ყველაფერში არ ემორჩილებოდეს მოძღვარს.

აბა, რისთვის მიხვედი ტაძარში?

ვინ გაძალებდა?

საკუთარი ნებით ხომ ცხოვრობდი მანამდე, არა?

გაგეგრძელებინა თუ შესაძლებელი იყო, თვით კურთხევებით ცხონება.

რაღაც რომ არ გინდა, ბოღმით რომ ხარ გაბერილი და მოძღვრის მორჩილების გამო გააკეთებ — ესაა სულიერება. აი, ამ დროს შენდება შენი შინაგანი სამყარო. და არა გაქცევით და ისეთი მოძღვრის ძებნით, ვინც ყველაფერზე თავს დაგიქნევს. ასეთი მოძღვარ-მოძღვარ მოსიარულეებს სულიერი მეძავებს უწოდებენ. გაქცევით პრობლემა არ გვარდება. წმინდანი აქაც წმინდანია, სერბეთში და პირიქით — უვარგისი აქ იქნება, თუ სად რა მნიშვნელობა აქვს.

მოძღვარს არ უნდა დაემორჩილო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა და ისეთი რაიმე ცოდვის ჩადენა დაგავალა.

კიდევ მსმენია: „ღმერთმა ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება, და ეს ნება რატომ უნდა დავუქვემდებაროვო მოძღვარს?“

არქიმანდრიტ სოფრინი უწერია:

„ამას ბევრი დაუბნევია და საძირკველი გამოუცლია. მოძღვრის ნების აღსრულება ჯურღმულში გადაჩეხად, საკუთარი პიროვნების დაკარგვად, ყველაზე საზარელ მონობაში ჩავარდნად და თავის განადგურებად მოსჩვენებია. მაგრამ მათ, ვინც სარწმუნოებით მიჰყოლია ეკლესიის სწავლებას და ამ სწავლების სულისკვეთებით განახორციელა საკუთარი ნების უარყოფა, მათ მორჩილება ზეგარდამო მონიჭებულ გამოუთქმელ სიკეთედ მოევლინათ.“
მორჩილება ეს არის მოქმედება განასცდელის გარეშე, უშიშარი სიკვდილი და ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვის გება.

— მამა ლევან ჯიქური

- ამბობს მამა ლევან ჯიქური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გოდერძი შარაშია: „ვერ გავიგე, რატომ ურიცხავენ ფულს „ტიკ-ტოკზე“ ჯანმრთელ და ახალგაზრდა ადამიანებს“

🎥 „არც ერთი ბიბლიის წიგნი არ თარგმნილა იმდენჯერ ქართულ ენაზე, რამდენჯერაც ითარგმნა „ქებათა ქება“ - ეკატერინე ნავროზაშვილი

⭕„დაბადების დღე ახდენს დიდ ზეგავლენას ჩვენს შესაძლო გარდაცვალებაზე“ - როგორ ვაპროგრამებთ მომავალს საკუთარი შთაგონებით?