როცა „დაქალებში“ ქალურ შურსა და პასიურ აგრესიაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვეხებით ყველაზე მტკივნეულ, ნიღაბს მიღმა დატოვებულ წერტილებს, რომლებიც ერთი შეხედვით იდეალური მეგობრობის მიღმა იმალება.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ქალური შური იშვიათად ვლინდება ღია, პირდაპირი კონფრონტაციით (რაც უფრო მეტად კაცების კონკურენციისთვისაა დამახასიათებელი). ქალები, სოციალიზაციის პროცესში, ბავშვობიდანვე სწავლობენ, რომ ღია აგრესია „არამიმზიდველი“ ან „მიუღებელია“. შესაბამისად, ეს ემოცია გადადის იატაკქვეშეთში და იღებს პასიურ-აგრესიულ ფორმას.
„უი, რა კარგი კაბაა, როგორ დაგიფარავს წონის პრობლემას!“ ან „გილოცავ ახალ სამსახურს, რა ბედი გაქვს, ჩემს კომპანიაში ამ პოზიციაზე ისეთ გამოცდას ატარებენ, ნეტავ შენ როგორ გადარჩი“.
შურიანი დინამიკა ყოველთვის ცდილობს შენი მიღწევის მასშტაბი შეამციროს, რათა თავად არ იგრძნოს არასრულფასოვნება. ეს ხდება ვითომ „შენს სასიკეთოდ“ ნათქვამი ფრაზებით.
„მე უბრალოდ იმიტომ გეუბნები, რომ მიყვარხარ...“ - ამ პრეამბულით ხშირად იწყება შენი მიზნების, პარტნიორის ან გარეგნობის მიწასთან გასწორება.
თუ ჯგუფში ერთ-ერთი ქალი წარმატებულია, მეორე (რომელსაც შურის განცდა ტანჯავს) ქვეცნობიერად თუ ცნობიერად ცდილობს სხვების თავისკენ გადაბირებას.
იწყება მრავალმნიშვნელოვანი გამოხედვები შენს ზურგს უკან, საერთო ჩატში შენი ტექსტების იგნორირება (Seen) ან ისეთი თემების წამოწევა, სადაც იციან, რომ შენ თავს არაკომფორტულად გრძნობ.
როგორც ფსიქოლოგმა, მინდა დაგანახო როგორც მისი უფრო დაწვრილებითი მახასიათებლები, ისე ის უხილავი, დამანგრეველი გავლენა, რასაც ასეთი „მეგობრობა“ შენს რეალობაზე ახდენს.
ის ყოველთვის ცდილობს გამოგტყუოს შენი სუსტი წერტილები, შიშები, წარსულის შეცდომები ან პარტნიორთან არსებული პრობლემები. ერთი შეხედვით, ეს გულწრფელი დაინტერესებაა, თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციას შენს წინააღმდეგ იყენებს ან სხვებთან ჭორაობისას, ან შენთან კამათის დროს, ვითომ „შემთხვევითი“ შეხსენებით.
შური ხშირად იწყება ძლიერი იდეალიზაციითა და აღფრთოვანებით. ის იწყებს შენსავით ჩაცმას, შენი ჟესტიკულაციის, საუბრის მანერის კოპირებას, ყიდულობს ზუსტად იმ ნივთებს, რასაც შენ. თუმცა, რადგან შენი „ორიგინალი“ ვერსია მაინც სჯობს მის „ასლს“, ეს აღფრთოვანება სწრაფად გადადის ფარულ აგრესიაში.
თუ კარგ განწყობაზე ხარ, ის აუცილებლად შემოიტანს ნეგატიურ თემას, რათა შენი მდგომარეობა თავის დონეზე ჩამოიყვანოს. თუ აღფრთოვანებული უყვები რაღაც გეგმაზე, ის თავს დაგიქნევს, მაგრამ ისეთი ტონით გეტყვის „აბა შენ იციო“, რომ მთელი მოტივაცია დაგეკარგება.
შენი დაქალის მუდმივი, ფარული კრიტიკის გამო, შენ გიჩნდება განცდა, რომ „ზედმეტად მგრძნობიარე“ ხარ, ან „ყველაფერი გეჩვენება“. იწყებ ფიქრს, რომ მისი შხამიანი რეპლიკები მართლაც შენს სასიკეთოდაა ნათქვამი. შედეგად, კარგავ საკუთარი ინტუიციის ნდობას.
ქვეცნობიერად ხვდები, რომ შენს ნებისმიერ წინსვლას სამეგობროში დაძაბულობა, ცივი ატმოსფერო ან ბოიკოტი მოჰყვება. ამიტომ, თავდაცვის მიზნით, იწყებ საკუთარი მიღწევების დამალვას, ნაკლებს საუბრობ შენს ბედნიერებაზე და მცირდები, რათა ის არ გააღიზიანო. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული საკუთარი პოტენციალის წინაშე.
სომატური თერაპიის კუთხით, სხეული არასდროს ტყუის. თუ მასთან შეხვედრის შემდეგ თავს გრძნობ ფიზიკურად დაღლილად, გამოფიტულად, გაქვს თავის ტკივილი ან სიმძიმე გულმკერდის არეში, ეს ნიშნავს, რომ შენი ნერვული სისტემა მუდმივ თავდაცვით, „ბრძოლის ან გაქცევის“ რეჟიმში იყო. შენ ხარჯავ რესურსს უხილავი ფსიქოლოგიური თავდასხმების მოსაგერიებლად.
დაქალის შური არ არის შენი პასუხისმგებლობა. შენ ვერ „გააკეთილშობილებ“ მას და ვერ განკურნავ მის არასრულფასოვნების კომპლექსს შენი სიყვარულით.
არსებობს ოქროს წესი: ადამიანები, რომლებიც ვერ უძლებენ შენს სინათლეს, უნდა დარჩნენ ჩრდილში.
თუ ურთიერთობის სრული გაწყვეტა ამ ეტაპზე შეუძლებელია (მაგალითად, საერთო წრის გამო), გადაიყვანე ის „ინფორმაციულ დიეტაზე“. აღარ გაუზიარო შენი ღრმა განცდები, გეგმები და პირადი დეტალები.
ესაუბრე ნეიტრალურ თემებზე ამინდზე, მოდაზე, ფილმებზე. როცა ის დაინახავს, რომ შენს ემოციურ ბირთვთან წვდომა აღარ აქვს, მისი პასიური აგრესიაც ძალას დაკარგავს, შენ კი შეინარჩუნებ იმ ენერგიას, რომელიც შენს საკუთარ ზრდას, სულსა და სხეულს სჭირდება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სიცოცხლე და პოზიტივი გოგო“ - ნუკი კოშკელიშვილი ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„ჩემპიონები შრომისმოყვარეობით და თავდადებით ყალიბდებიან“ - ეთერ ლიპარტელიანი ქმართან ერთად პოზირებს