კონდიციონერი ტექნიკის ის პროდუქტია, რომელიც, ძირითადად მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა უკვე ძალიან ცხელა. თუმცა მას აქვს უარყოფითი მხარეები, რომლის მიხედვით არჩევენ კონდიციონერით გამოწვეულ დაავადებებს:
ლეგიონელოზი - „კონდიციონერის დაავადება“
პირველი და ყველაზე საყურადღებო საფრთხე, რომელზეც ექიმები ამახვილებენ ყურადღებას, არის სპეციფიკური ბაქტერიით გამოწვეული ფილტვების ანთება.
კონდიციონერის შიდა სისტემაში, სადაც ნესტი და თბილი გარემოა, იდეალური პირობები იქმნება ბაქტერია ლეგიონელას (Legionella) გასამრავლებლად. როდესაც აპარატს ვრთავთ, ეს ბაქტერია ჰაერში ფრქვევა და მისი ჩასუნთქვით ადამიანს მძიმე პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება უვითარდება, რასაც მედიცინაში ლეგიონელოზს ვუწოდებთ.
როგორ მოვაგვაროთ? დაავადების თავიდან აცილების ერთადერთი და უალტერნატივო გზა კონდიციონერის ფილტრების რეგულარული, პროფესიონალური გაწმენდა და დეზინფექციაა სეზონის დაწყებამდე და მის განმავლობაში.
მშრალი თვალის სინდრომი და ლორწოვანის გაღიზიანება
კონდიციონერი არა მხოლოდ აგრილებს, არამედ მკვეთრად აშრობს ოთახში ჰაერს, რაც მომენტალურად აისახება ჩვენს ორგანიზმზე.
ჰაერის გამოშრობა იწვევს თვალის ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, წვასა და სიწითლეს. გარდა ამისა, შრება სასუნთქი გზების ლორწოვანიც, რაც ორგანიზმს ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ მოწყვლადს ხდის. სწორედ ამიტომ გვემართება ზაფხულში კონდიციონერის ქვეშ ყოფნისას ყელის ტკივილი და სურდო.
როგორ მოვაგვაროთ? ექიმის რჩევით, აუცილებელია ოთახის პერიოდული განიავება, ხელოვნური ცრემლის (დამატენიანებელი წვეთების) გამოყენება თვალებისთვის და დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება, რათა ორგანიზმმა ჰიდრატაცია შეინარჩუნოს.
მიოზიტი და ნევრალგია - „გაციებული“ კუნთები
მესამე გავრცელებული პრობლემა ტემპერატურის მკვეთრ კონტრასტს და ცივი ჰაერის პირდაპირ ნაკადს უკავშირდება.
როდესაც კონდიციონერიდან წამოსული ცივი ჰაერის მასა პირდაპირ ხვდება სხეულის რომელიმე ნაწილს (კისერს, ზურგს ან წელს), იწყება კუნთების მკვეთრი სპაზმი და ანთებითი პროცესი - მიოზიტი. ადამიანები ამას ხშირად აღწერენ, როგორც „კისრის გაკავებას“ ან ნერვის აალებას.
როგორ მოვაგვაროთ? რომ არასდროს დავაყენოთ კონდიციონერის ფრთები ისე, რომ ჰაერი პირდაპირ ჩვენკენ უბერავდეს (სჯობს მივმართოთ ჭერისკენ). ასევე, ოთახში ტემპერატურა არ უნდა იყოს გარე სამყაროზე 6-7 გრადუსზე მეტად დაბალი, რათა ორგანიზმმა თერმული შოკი არ განიცადოს.