„მწვანე კარტოფილი ნიტრატებზე ბევრად საშიშია!“ - როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში მოწამვლისგან, ირაკლი არაბულის რეკომენდაციები:
„რეალურად ნიტრატებით მოწამვლის ფაქტები, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში, მინიმალური რაოდენობით ფიქსირდება. როდესაც ნიტრატებით ხდება მოწამვლა, ამ შემთხვევაში ნიტრატებით დაბინძურებული ბოსტნეული დიდი რაოდენობით უნდა მიირთვას ადამიანმა, რაც ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება. საზამთროს, ზოგადად, ბევრს მიირთმევს ადამიანი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ნაკლებია ნიტრატებით მოწამვლის საფრთხე.
რა ხდება, როდესაც საზამთროთი იწამლება ადამიანი? - ეს არის დაბინძურებული საზამთროთი მოწამვლა. ხალხი იწამლება ცუდად გარეცხილი საზამთროთი, რადგან ის მიწაზე მოიპოვება, მიწა კი დაბინძურებულია სხვადასხვა ბაქტერიით. გარდა ამისა, თუ საზამთროს ოდნავ სიდამპლე აქვს შეპარული, არ შეიძლება ასეთის მირთმევა. ასევე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა: ხელების ხშირი დაბანა, სუფთა ჭურჭლის გამოყენება ამოსავალია სურსათის უვნებლობის სფეროში.
ნიტრატები - ესაა აზოტმჟავას მარილები, რომლებიც ნიადაგში ბუნებრივად არსებობს. ის ეხმარება ბოსტნეულს, დამწიფდეს, გაიზარდოს. როდესაც ფერმერს უკვე დამატებით შეაქვს სასუქები, რათა მალე გაზარდოს ბოსტნეული, ამ შემთხვევაში უკვე გვხვდება ნიტრატები გადაჭარბებული რაოდენობით. 0 რაოდენობით არცერთ ხილში არ არსებობს ნიტრატი, რადგან ის ნიადაგის შემადგენელი ნაწილია და ყველა ხილსა და ბოსტნეულს მოჰყვება. მთავარია, რაოდენობა იყოს დასაშვები. მაგალითად, ჭარხალს აქვს დიდი რაოდენობის დასაშვები ზღვარი, ასევე სტაფილოს. უფრო დაბალი აქვს ბადრიჯანსა და პომიდორს.
გარდა ამისა, თუ სახელმწიფო კონტროლის შედეგებს გადავხედავთ, მაგალითად, შარშან 45 საზამთროს ნიმუშიდან მხოლოდ ორში დაფიქსირდა გადაჭარბებული რაოდენობით ნიტრატები, რაც ძალიან კარგი ციფრია.
ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებას, რომელიც სურსათში არსებობს (მათ შორის, ნიტრატებს), გააჩნია თვისება, რომ ორგანიზმში გროვდება გარკვეული რაოდენობით. რაღაც დროის შემდეგ კი დაიწყებს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. საზამთროს შემთხვევაშიც, გარეცხვა გარკვეული რაოდენობით აცილებს ნიტრატებს. ზოგადად, ხილისა და ბოსტნეულის გარკვეული პერიოდი წყალში დაყოვნება აცილებს ნიტრატებს. ასევე, თერმულად დამუშავება - მაგალითად, კარტოფილი, რომელსაც ვწვავთ, თითქმის ნულს უტოლდება ნიტრატების რაოდენობა.
სოდიან წყალს ჯობს, ძმრიან წყალში ან მარილწყალში გავავლოთ პროდუქტი. მწვანილისთვის 30-წუთიანი დაყოვნება ძალიან ბევრია, 10 წუთი სრულიად საკმარისია. მწვანილი, დიდი შანსია, დაბინძურებული იყოს მიკრობებითა და ბაქტერიებით, ასევე მწერების კვერცხებით. მაგალითად, ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება სალათის ფურცლებს: უნდა დაიშალოს და ისე გაირეცხოს სათითაოდ, რადგან ძალიან ხშირია მასში ლოკოკინები და მწერების კვერცხები. თან მაშინ, როდესაც მისი მირთმევა ხდება თერმული დამუშავების გარეშე“, - ამბობს ირაკლი არაბული.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ოთარ კიტეიშვილმა სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა – გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა
⭕„ჩაეხუტეთ საყვარელ ადამიანებს...“ - 2 აგვისტოს ენერგიები
წყარო: mkurnali.ge