Digest Logo

„მამობა არ იწყება მშობიარობის მერე...“ - ფსიქოლოგი ხსნის, რატომ არის ქმრის გვერდში დგომა ქალისთვის მნიშვნელოვანი

1783011559
ბავშვი და მშობელი

ორსულობა და შვილის ჩვილობის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა, ლამაზი და ამავდროულად, ფსიქოემოციურად და ფიზიკურად რთული კრიზისული ფაზაა (კრიზისი აქ პოზიტიური გაგებით როგორც დიდი ტრანსფორმაცია).

ამ დროს კაცის, პარტნიორის მხარდაჭერა არ არის უბრალოდ „დახმარება“, ეს არის ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დედის ემოციური სტაბილურობის ფუნდამენტი.

ორსულობის დროს ქალის ორგანიზმში გიგანტური ჰორმონალური და ფსიქიკური გადაწყობა ხდება. ხშირად იღვიძებს ბაზისური შიშები (მომავლის, პასუხისმგებლობის, სხეულის ცვლილების მიმართ).

ფსიქოანალიზში არსებობს ტერმინი „კონტეინირება“ - ეს არის უნარი, დაიტიო მეორე ადამიანის ძლიერი ემოციები (შფოთვა, ტირილი, გაღიზიანება) ისე, რომ თავად არ აჰყვე, არ გაბრაზდე და უკან სიმშვიდე დაუბრუნო. როდესაც კაცი ავლენს ამ თვისებას, ორსული ქალის ფსიქიკა იღებს სიგნალს: „მე უსაფრთხოდ ვარ, ჩემი პარტნიორი ძლიერია და ჩვენს პატარას არაფერი ემუქრება“.

ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხედავდეს, რომ პარტნიორისთვის ის კვლავ სასურველი, საყვარელი და ლამაზია. კაცის მხრიდან კომპლიმენტები და მზრუნველი შეხება ამცირებს დისმორფოფობიურ (საკუთარი სხეულის მიუღებლობის) შიშებს.

მამობა არ იწყება მშობიარობის მერე.

როდესაც კაცი ეხება მუცელს, ესაუბრება პატარას, დადის ექიმთან, ბავშვი მუცელშივე გრძნობს მამის ხმის ტემბრს და ვიბრაციას, რაც დაბადების შემდეგ მისთვის ნაცნობი და დამამშვიდებელი ხდება.

ჩვილის დაბადებისას დედა შედის ე.წ. პირველადი დედობრივი პრეოკუპაციის მდგომარეობაში (დონალდ ვინიკოტის ტერმინი). ეს არის მდგომარეობა, როცა დედა მთლიანად შერწყმულია ბავშვთან, ხდება ჰიპერმგრძნობიარე მისი ყოველი მოძრაობის მიმართ. ეს აუცილებელია ჩვილის გადარჩენისთვის, მაგრამ ქალისთვის ფსიქიკურად უკიდურესად დამღლელია.

ჩვილობისას კაცის მთავარი ფუნქციაა მოუაროს დედას, რათა დედამ მოუაროს ბავშვს. კაცი ხდება დამცავი ფარი გარე სამყაროსა და იმ ტოქსიკური სტრესორებისგან, რამაც შეიძლება დედის რძის შემცირება ან პოსტნატალური (მშობიარობის შემდგომი) დეპრესია გამოიწვიოს.

ახალბედა დედებს ხშირად აქვთ ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა გააკეთონ, რასაც გადაწვამდე მიჰყავთ. როდესაც კაცი იღებს პასუხისმგებლობას აჭმევს (თუ ხელოვნურზეა), გამოუცვლის, დააძინებს, ასეირნებს ის ქალს აძლევს უმნიშვნელოვანეს რესურსს.

დროს საკუთარი თავისთვის. შხაპის მშვიდად მიღება ან 2 საათი უწყვეტი ძილი დედისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის ტოლფასია.

დედა და ჩვილი დასაწყისში ერთ მთლიანობად აღიქვამენ თავს. მამა არის პირველი „მესამე“ ობიექტი, რომელიც ნაზად შემოდის ამ სივრცეში და ბავშვს აჩვენებს, რომ სამყარო მხოლოდ დედით არ შემოიფარგლება. მამის ხელში ბავშვი სხვანაირად თამაშობს, სხვანაირად მოძრაობს, რაც ავითარებს ბავშვის ვესტიბულარულ აპარატს და კოგნიტიურ სფეროს.

როდესაც კაცი ამ გზას ქალთან ერთად გადის, წყვილის ურთიერთობა გადადის სრულიად ახალ, ტრანსცენდენტურ დონეზე. ეს აღარ არის მხოლოდ „შეყვარებულობა“, ეს არის ღრმა პარტნიორობა და ალიანსი. ქალს უჩნდება უდიდესი მადლიერება და პატივისცემა იმ მამაკაცის მიმართ, რომელიც მას ყველაზე მოწყვლად პერიოდში მხარში დაუდგა.

ბავშვი კი, რომელიც ხედავს მშვიდ, დასვენებულ დედას და ჩართულ, საიმედო მამას, თავიდანვე აშენებს უსაფრთხო მიჯაჭვულობის მოდელს, რაც მისი მომავალი ფსიქიკური მდგრადობის უმთავრესი გარანტიაა.

ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 „მეტი ბედნიერება რა გინდა ადამიანს...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური

„გადავდგი ნაბიჯი...“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედასთან მიმოწერას ასაჯაროებს

ივლისის სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი ეკა კვარაცხელიასგან