მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე ვრცელ პოსტში ყურადღებას ამახვილებს ომეგა-3-ის მიღებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც, მისი თქმით, მცენარეული წყაროების არასწორად გამოყენებას ახლავს თან. ავტორი განმარტავს, რომ ომეგა-3 ერთ კონკრეტულ ნივთიერებას არ წარმოადგენს და ხაზს უსვამს EPA-სა და DHA-ს მნიშვნელობას, რომელთა დეფიციტი ორგანიზმში ქრონიკულ ანთებით პროცესებსა და სხვადასხვა დაავადების რისკს ზრდის. მისი თქმით, ალტერნატიული გამოსავალი მათთვის, ვინც თევზს არ იღებს, წყალმცენარეებისგან მიღებული ალგალის ზეთია, რომელიც უზრუნველყოფს სრულფასოვან ომეგა-3-ს ომეგა-6-ის დომინაციის გარეშე.
„ომეგა-3 მიიღე, სასარგებლოა, მაგრამ აქ ერთი დიდი გაუგებრობა და სერიოზული საფრთხე იმალება. ხალხს ჰგონია, რომ ომეგა-3 ერთი კონკრეტული ნივთიერებაა, სინამდვილეში კი ეს ჯგუფია, სადაც სამი მთავარი მოთამაშე გვყავს... ALA ანუ ალფა-ლინოლენის მჟავა, EPA ანუ ეიკოზაპენტაენის მჟავა და DHA იგივე დოკოზაჰექსაენის მჟავა.
ჩვენი ორგანიზმი საოცარი ქარხანაა, მაგრამ ომეგა-3-ის წარმოება მას არ შეუძლია.
ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმები აუცილებლად გარედან, საკვებიდან უნდა მივიღოთ.
აქ შემოდის მთავარი განსხვავება და ფარული მახე...
ALA არის მცენარეული ფორმა. როცა მიირთმევთ ნიგოზს, სელის თესლს, ჩიას ან სხვა მცენარეულ პროდუქტს, თქვენ იღებთ ALA-ს. უჯრედულ დონეზე ის მოქმედებს როგორც ენერგიის წყარო.
EPA არის ცხოველური და ასევე წყალმცენარის ფორმა. ეს არის ჩვენი ორგანიზმის მთავარი "მეხანძრე". EPA-ს უმთავრესი ფუნქცია ანთებითი პროცესების ჩაქრობა, გულის ჯანმრთელობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენი განწყობისა და ფსიქიკის სტაბილურობაა დეპრესიასთან ბრძოლაში.
DHA ასევე ცხოველური და წყალმცენარის ფორმაა. ეს არის ომეგა-3-ის ელიტა. DHA არის ჩვენი ტვინის, ნეირონების და თვალის ბადურის მთავარი სამშენებლო მასალა. უჯრედულ დონეზე სწორედ DHA ხდის უჯრედის მემბრანას ელასტიურს და გამტარს, რაც ნეირონებს შორის ინფორმაციის სწრაფ გაცვლას უზრუნველყოფს.
აქ ვაწყდებით უმთავრეს პრობლემას...
მართალია, თეორიულად ჩვენს ორგანიზმს შეუძლია მცენარეული ALA გარდაქმნას საჭირო EPA-დ და DHA-დ, მაგრამ ეს პროცესი იმდენად არაეფექტური და რთულია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. გარდაქმნის კოეფიციენტი იმდენად მიზერულია, რომ ტვინისა და თვალისთვის საჭირო DHA ან ანთების ჩამქრობი EPA რომ მიიღოთ მხოლოდ სელის თესლიდან ან ნიგვზიდან, დაგჭირდებოდათ კოლოსალური, ფიზიკურად შეუძლებელი დოზების მიღება ყოველდღიურად. რეალურად, მხოლოდ მცენარეული ALA-ს იმედად ყოფნა იგივეა, რომ ოკეანის გადაცურვა ტივით სცადოთ.
პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება იქ, სადაც ადამიანები მხოლოდ მცენარეულ წყაროებს ეყრდნობიან. საქმე ისაა, რომ მცენარეებში (თხილეული, მზესუმზირა, სხვადასხვა თესლეული) ომეგა-3-თან ერთად, და ხშირად გაცილებით დიდი დოზით, არის ომეგა-6.
ეს ორი ცხიმოვანი მჟავა ორგანიზმში მუდმივ კონკურენციაშია. ომეგა-3 (განსაკუთრებით EPA) არის "მშვიდობისმყოფელი" ანთების საწინააღმდეგო, ხოლო ომეგა-6 არის "აგრესორი" პრო-ანთებითი.
ომეგა-6 გარკვეული დოზით გვჭირდება, რათა იმუნიტეტმა საფრთხეზე რეაგირება მოახდინოს, მაგრამ როცა მცენარეული კვების დროს ჩვენ ვიღებთ დიდი რაოდენობით ომეგა-6-ს და ძალიან ცოტა ომეგა-3-ს, ბალანსი ირღვევა.
როცა ომეგა-6 დომინანტი ხდება - ორგანიზმში იწყება "ქაოსი". უჯრედულ დონეზე ეს იწვევს ქრონიკულ, ჩუმ ანთებას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში მუდმივად პატარ-პატარა ხანძრებია გაჩენილი.
ეს ანთებითი პროცესები კი არის საფუძველი თითქმის ყველა თანამედროვე დაავადების: გულ-სისხლძარღვთა პრობლემების, ართრიტის, იმუნური სისტემის მოშლის, ნერვოზის და სიმსივნური პროცესებისაც კი. როცა ომეგა-6 ჭარბობს, ის ბლოკავს იმ მცირე რაოდენობის ომეგა-3-ის ათვისებასაც კი, რასაც ვიღებთ. დღეს ყველა კვლევები, ალტერნატიული მედიცინა იქნება, თუ ოფიციალური, ერთხმად თანხმდება, რომ 90 % პროცესებისა ყველას აქვს ომეგა-6 დომინაცია.
მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს...
მათთვის, ვინც თევზს არ ეკარება, არსებობს ერთადერთი სრულფასოვანი ალტერნატივა, რომელიც ამ ბალანსს არ არღვევს - ეს არის მიკრო-წყალმცენარეებისგან დამზადებული ზეთი. მისი სახელია ალგალი. სინამდვილეში, თევზიც სწორედ ამ წყალმცენარეებს ჭამს და ასე აგროვებს ომეგა-3-ს. ჩვენ შეგვიძლია შუამავალი თევზი ამოვაგდოთ და პირდაპირ წყაროდან მივიღოთ სუფთა EPA და DHA, თანაც ომეგა-6-ის ზედმეტი დოზის გარეშე.
დაბოლოს, მარკეტინგული ხაფანგი, რომელსაც აუცილებლად უნდა დააკვირდეთ...
როცა ყიდულობთ დანამატს და აწერია "Vegan" ან "Vegetarian", კარგად წაიკითხეთ შემადგენლობა. ხშირად ეს წარწერა გულისხმობს მხოლოდ კაფსულას რომელიც არ შეიცავს ჟელატინს, ხოლო შიგთავსი ისევ თევზის ქონია.
ან პირიქით - შეიძლება იყოს მცენარეული ზეთი, მაგრამ მხოლოდ ALA სელის ზეთი ან სხვა და არა EPA და DHA. ნამდვილი, სრულფასოვანი ვეგანური ომეგა-3 აუცილებლად უნდა იყოს დამზადებული წყალმცენარის ზეთისგან (Algal Oil) - მხოლოდ ეს არის რეალური ალტერნატივა, რომ თავიდან ავიცილოთ ომეგა-6-ის დომინაცია და ქრონიკული ანთება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს
⭕„დღე კარგია გეგმების და მიზნების განახლება-გადახედვისთვის“ - 27 იანვრის მეტაფიზიკური პროგნოზი