Digest Logo

რა ხდება ღალატის შემდეგ ურთიერთობაში თუ პარტნიორმა პატიება გადაწყვიტა - რა გზას გადის წყვილი ?

1776855179
პატიება, ღალატი

ღალატის შემდეგ ურთიერთობის აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე რთული ფსიქოლოგიური გამოწვევაა, რომლის წინაშეც წყვილი შეიძლება დადგეს.

როდესაც პარტნიორი პატიების გადაწყვეტილებას იღებს, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გრძელი და ემოციურად დამღლელი გზის, რომელსაც „ახალი ნდობის შენება“ ჰქვია.

პატიების გადაწყვეტილების მიუხედავად, პირველი ეტაპი მაინც მწვავე ტკივილით ხასიათდება.

დაზარალებულ პარტნიორს უჩნდება დეტალების გაგების მწვავე მოთხოვნილება. აქ მნიშვნელოვანია ბალანსი ინფორმაცია საჭიროა სურათის აღსადგენად, მაგრამ ზედმეტი დეტალები (მაგ. ფიზიკური აღწერა) შესაძლოა დამატებით ტრავმად იქცეს. (ის სვამს მილიონ შეკითხვას და დღის ნებისმიერ მონაკვეთში იწყებს საუბარს ამ თემაზე უნდა, რომ ყველა დეტალში კარგად გაარკვიოთ).

თუ წყვილმა ერთად დარჩენა გადაწყვიტა, მოღალატე პარტნიორს ეკისრება პასუხისმგებლობა, იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე.

ჩემს პრაქტიკაში ხშირად ეს გულისხმობს ტელეფონზე, სოციალურ ქსელებზე თავისუფალ წვდომას გარკვეული დროით, რათა დაზარალებულმა მხარემ სიმშვიდე დაიბრუნოს.

სიტყვები და ქმედებები ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. მცირე ტყუილიც კი ამ ეტაპზე პროცესს ნულოვან წერტილში აბრუნებს.

პატიება არ ნიშნავს მომხდარის დავიწყებას. წყვილმა უნდა გააანალიზოს, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ღალატამდე იყო, აღარ არსებობს.

უნდა აღიაროთ, რომ იწყებთ სრულიად ახალ ურთიერთობას იმავე ადამიანთან.

ეს ეტაპი მოითხოვს ახალი წესების, ახალი ღირებულებების და კომუნიკაციის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას. ( თუ ამ ეტაპზე პარტნიორი ძველ ჩვევებს იმეორებს ან რჩება „ტრიგერები“ წარსულიდან თითქმის შეუძლებელია აღდგენაზე საუბარი).

დაზარალებულ პარტნიორს შეიძლება ჰქონდეს „ჩავარდნები“ როცა თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ უეცარი მოგონება ისევ ბრაზს ან ტირილს იწვევს.

მომხდარი მხარისგან მოითხოვება უსაზღვრო მოთმინება, რათა უპასუხოს ერთსა და იმავე კითხვებს და დაამშვიდოს პარტნიორი იმდენჯერ, რამდენიც საჭირო იქნება.

რა არის წარმატების წინაპირობა?

1. მონანიება: არა მხოლოდ სინანული („მწყინს, რომ გაიგო“), არამედ გააზრება, თუ რა ტკივილი მიაყენა მან საყვარელ ადამიანს.

2. უსაფრთხოების განცდის აღდგენა: დაზარალებულმა უნდა იგრძნოს, რომ ის ისევ პრიორიტეტია.

3. პროფესიული დახმარება: ხშირად მესამე, ნეიტრალური პირის (თერაპევტის) გარეშე წყვილი „ბრალდებების ჩაკეტილ წრეში“ ტრიალებს და გამოსავალს ვერ პოულობს.

ეს გზა საკმაოდ რთულია და ხანგრძლივ პროცესს საჭიროებს სრულ ემოციურ რეაბილიტაციამდე.
თუმცა, თუ ორივე მხარე გულწრფელად მუშაობს, ურთიერთობა შეიძლება უფრო ღრმა და მყარიც კი გახდეს, ვიდრე მანამდე იყო.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, სანამ პატიებას გადაწყვეტთ, რომ ხშირად ღალატი არა პარტნიორის, არამედ საკუთარი თავისგან გაქცევაა.

თუ ადამიანმა არ გააცნობიერა საკუთარი შინაგანი მექანიზმები (მაგალითად, სიახლოვის შიში, თვითშეფასების ამაღლების საჭიროება სხვასთან და ა.შ.), არსებობს რისკი, რომ მომავალ კრიზისულ სიტუაციაში იგივე მოხდეს.
ასევე, დაზარალებული პარტნიორისთვის ღალატი მხოლოდ ნდობის დაკარგვა არაა, ეს ხშირად საკუთარი თავის დაკარგვაა. ის ფიქრობს: „ვინ ვარ მე, თუ ჩემს საყვარელ ადამიანს ჩემი მოტყუება შეეძლო?“.

პროცესში მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებულმა პარტნიორმა დაიბრუნოს თავისი ინდივიდუალური ინტერესები, რათა მისი ბედნიერება მხოლოდ პარტნიორის ქცევაზე აღარ იყოს დამოკიდებული.

აუცილებლად შეიმუშავეთ ტრიგერის მართვის გეგმა.

წყვილმა უნდა შეიმუშაოს კონკრეტული სტრატეგია რა ვქნათ, როცა „გაგახსენდება ისევ ღალატი“?

მაგალითად, თუ დაზარალებულ პარტნიორს ქუჩაში რაღაცამ მოღალატე პარტნიორის სავარაუდო ობიექტი გაახსენა, შეიძლება უწყინარმა ფოტომ ან რეპლიკამაც კი გააღვიძოს ეს ტკივილი და პანიკა დაეწყოს, ამ დროს უმნიშვნელოვანესია იმის ცოდნა თუ როგორ უნდა მოიქცეს მეორე მხარე.  (არა თავის მართლება, აგრესია, რომ დაიღალა ახსნებით, არამედ „ვალიდაცია“: „მესმის, რომ ახლა გტკივა, მე აქ ვარ“).

ასევე დაგაინტერესებთ:

„გამოყოფილ, ემოციურ ცრემლებს სხვაგვარი ქიმიური შემცველობა აქვთ...“ - ლევან შელეგია ხსნის, რატომ არ ტეხავს ტირილი

„8 წელია ამერიკაში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა, სითბო და სიყვარული საქართველომ ჩანერგა...“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი 10 მაისს საქართველოში კონცერტს გამართავს

🎥 „დავაფურთხე, გამოვედი ტუალეტიდან და მიდი გაწმინდეო, მუხლებზე დაჩოქილი ვხეხავდი... თავის მოკვლასაც ვფიქრობდი“ - რატომ ურჩევნია მალიბუ ტუღუშს საქართველოს ამერიკა