„დიდი ხანია ვიცით, რომ ჭარბი წონა არ არის მხოლოდ გარეგნობის ამბავი ან გემოვნების, რომ მე მერჩივნოს ვიყო ჭარბი წონა ან მსუქანი. ჭარბი წონა პირდაპირ დაკავშირებულია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
დასამახსოვრებელი წესია; მსუქანი ადამიანები ცოცხლობენ უფრო ნაკლებს ვიდრე ნორმალური წონის ადამიანები“, - ამის შესახებ ექიმი კოტე თოდუა „იუთუბის“ საკუთარ არხზე საუბრობს.
იგი ვიდეოში ჭარბი წონის და ბოლო დროის ერთ-ერთ პოპულარულ თემაზე, ოზემპიკზე საუბრობს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.
„ჩვენ მათ ვიცნობთ სახელებით: ოზემპიკი, ვეგოვი, მუნჯარო. სინამდვილეში, სამედიცინო კუთხით, მათ ჰქვიათ სემაგლუტიდი, ტირზეპატიდი, რეტატრუტიდი. ეს არის პრეპარატები, რომლებსაც მსგავსი მთავარი მექანიზმი აქვთ.
ყველა მათგანი მიეკუთვნება GLP-1-ის აგონისტებს. რაშია ახლა საქმე? GLP-1 იგივე გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ია, რომელიც ჩვენს ორგანიზმში, კერძოდ ნაწლავებში, ბუნებრივადაც გამოიყოფა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა სისხლში და შეუძლია მოქმედება სხეულის სხვადასხვა ორგანოში.
ანუ ეს არის მოლეკულა, რომელიც სიგნალს უგზავნის ორგანიზმს. ჭამის შემდეგ ეს მოლეკულა ბუნებრივად გამოიყოფა და ეს არის სიგნალი ორგანიზმისთვის, რომ უკვე მაძღარი ვარ და მეტი აღარ მინდა. ოღონდ ეს გამოყოფა არის ძალიან ხანმოკლე და შეიძლება იყოს სუსტი. ამ პრეპარატების — GLP-1-ის აგონისტების — მთელი იდეა ის არის, რომ ეს მოლეკულა მივაწოდოთ დიდი რაოდენობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა ორგანიზმს მუდმივად ჰქონდეს შეგრძნება, რომ საჭმელი არ უნდა ან ნაკლები უნდა.
იმ ადამიანების თითქმის 70%-ს, ვინც GLP-1-ის აგონისტებს იღებს, რაღაც ფორმით აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები: შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, შეკრულობა ან, პირიქით, ფაღარათი, ზოგჯერ თავბრუსხვევა. ზოგ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პანკრეატიტიც კი, რომელიც ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, ან ნაღვლის ბუშტის ანთება.
ეს უმეტესად სწრაფ წონის კლებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რისკები, მაგალითად, პანკრეატიტის რისკი, რეალურია. ასევე, ერთ-ერთი მთავარი, რაც გასათვალისწინებელია, არის ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის რისკი“, - ამბობს კოტე თოდუა.
იგი ასევე ვიდეოში ოზემპიკის უარყოფით გვერდით მოვლენებზე გვიზიარებს ინფორმაციას:
„როდესაც ადამიანები იკლებენ წონას... GLP-1 რეცეპტორები ჩვენ ცხიმოვან ქსოვილშიც გვაქვს. ცხიმი რომ მცირდება, სახის ცხიმიც მცირდება, სახეს კი ფორმას სწორედ ცხიმი აძლევს. ეს ცხიმი რომ მცირდება, სახე, მარტივად რომ ვთქვათ, უფრო ასაკოვანი ან დაბერებული ჩანს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ადამიანი ისედაც ასაკშია და კანი არ არის ისეთი ელასტიური, რომ ცხიმის ეს დაკარგვა ადვილად დააკომპენსიროს. ამიტომ შეიძლება კანი ჩამოეკიდოს, თვალები ჩაუვარდეს, ლოყები გაუბრტყელდეს - ამას ეძახიან ხოლმე „ოზემპიკის სახეს“. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სამედიცინო ტერმინი, უბრალოდ ხალხში გავრცელებული პოპულარული სახელია, რასაც მაშინ ამბობენ, როცა ადამიანმა სახეზე ერთბაშად დაიკლო“, - აღნიშნავს კოტე თოდუა.
ვრცლად. ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: