Digest Logo

რატომ ვიღებთ სხვების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და აზიანებს თუ არა ქმედება ორივე მხარეს?

1782578130
პასუხისმგებლობა

ხშირად, საყვარელი ადამიანების, პარტნიორების თუ კოლეგების დახმარების სურვილით, საკუთარ თავზე ვიღებთ ისეთ რამეს, რაც რეალურად მათ უნდა გააკეთონ.

ჩვენ გვგონია, რომ ამით მათ ვეხმარებით და მზრუნველობას ვავლენთ, თუმცა რეალობა სრულიად საპირისპიროა: სხვისი წილი პასუხისმგებლობის ტარებით ჩვენ მას განვითარების შანსს ვართმევთ, საკუთარ თავს კი ემოციურად ვფიტავთ.

ფსიქოლოგიაში ამ ფენომენს თავისი კონკრეტული მიზეზები და შედეგები აქვს.

რატომ ვაკეთებთ ამას? (ფსიქოლოგიური საფუძვლები):

შფოთვის მართვა და კონტროლის მოთხოვნილება:

ჩვენთვის რთულია ყურება, როგორ უშვებენ ჩვენთვის ახლობელი ადამიანები შეცდომებს ან როგორ ვერ უმკლავდებიან კრიზისს. გვაშინებს ის რწმენაც, რომ ვერ გამკლავების შემთხვევაში ისევ ჩვენ მოგვიწევს სიტუაციის გამოსწორება და ამაში მეტი რესურსი წავა. სხვის ნაცვლად საქმის გაკეთება ხშირად არის საკუთარი შინაგანი შფოთვის ჩახშობისა და სიტუაციის კონტროლის მცდელობა.

აღიარების და სიყვარულის მოპოვება: ქვეცნობიერად გვჯერა, რომ თუ სხვებისთვის შეუცვლელები, ყოველთვის ხელმისაწვდომები და „გადამრჩენელები“ ვიქნებით, ამით მათ სიყვარულსა და პატივისცემას დავიმსახურებთ.

დანაშაულის გრძნობა და საზღვრების არქონა:

როდესაც არ გვაქვს ჯანსაღი ფსიქოლოგიური საზღვრები, სხვისი პრობლემა საკუთარ პრობლემად აღიქმება. უარის თქმა კი იწვევს დანაშაულის მწვავე გრძნობას: „თუ არ დავეხმარები, ე.ი. ცუდი ადამიანი ვარ“.

როგორ „ვაბლაგვებთ“ ამით სხვებს? (ფუნქციური უმწეობა):

როდესაც ადამიანს სისტემატურად ვართმევთ მისი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას, ვახდენთ ე.წ. "ინეიბლინგს" ანუ, ხელს ვუწყობთ მის უმოქმედობას. ამ დროს მეორე ადამიანში ყალიბდება:
დასწავლილი უმწეობა: ადამიანი ეჩვევა, რომ მისი წილი პასუხისმგებლობა ყოველთვის სხვას გადააქვს და წყვეტს საკუთარი რესურსების ძიებას. მას უქვეითდება თვითეფექტურობის განცდა და რწმენა, რომ რაღაცის შეცვლა დამოუკიდებლად შეუძლია.

ინფანტილიზმი:

ჩვენ მას არ ვაძლევთ საშუალებას შეეჯახოს საკუთარი ქმედებების (ან უმოქმედობის) ბუნებრივ შედეგებს. შედეგად, ადამიანი რჩება ემოციურად მოუმწიფებელი (ინფანტილური) და დამოკიდებული.

„როდესაც სხვას სისტემატურად ვუკეთებთ, რაც მას თავად შეუძლია გააკეთოს, ჩვენ მას ვეუბნებით: „მე შენი არ მჯერა, შენ ამის კომპეტენცია არ გაქვს“. ეს არ არის მზრუნველობა, ეს არის ადამიანის პოტენციალის შესუსტება.“
 რა მოსდის მას, ვინც სხვის ტვირთს ეზიდება?

მსგავსი დინამიკა ყოველთვის ორმხრივი დაზიანებით სრულდება. „გადამრჩენელი“ ადრე თუ გვიან აწყდება:
ემოციურ და ფიზიკურ გამოფიტვას.

ფრუსტრაციასა და ფარულ აგრესიას: „მე ყველაფერს ვაკეთებ, ის კი არაფერს ცვლის“.

როგორ შევცვალოთ ეს მოდელი?

ჯანსაღი ურთიერთობები ეფუძნება პრინციპს: „მე ჩემი წილი პასუხისმგებლობა მაქვს, შენ კი შენი“.
ნამდვილი მხარდაჭერა ნიშნავს ადამიანის გვერდით დგომას და არა მის მაგივრად მოქმედებას. მიეცით სხვებს უფლება დაუშვან შეცდომები, იგრძნონ დისკომფორტი და თავად იპოვონ გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა მათი პიროვნული ზრდისა და მომწიფებისთვის, ხოლო თქვენთვის კი თქვენი ნერვების გრძელ პერსპექტივაში შენარჩუნების.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არ გამოგრჩეთ! აქტიურობის, წარმატების დროა...“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მიმართავს ხათუნა ნოელი

ჩვენი სურვილების ასრულების ჯადოსნური დღე! - რის გაკეთებას გვირჩევს ფენშუის სპეციალისტი

გორში 16 წლის გოგო, სავარაუდოდ, დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა - ცნობილია მოზარდის ვინაობა