გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა განმარტავს, თუ როგორ ახერხებს ბაქტერია Helicobacter pylori კუჭის მჟავე გარემოში გადარჩენას შოლტებისა და ურეაზას ფერმენტის დახმარებით და რატომ იწვევს ერთ შემთხვევაში ჭარბ, ხოლო უმრავლესობაში - დაბალ ან ნორმალურ მჟავიანობას.
ექიმი ასევე ყურადღებას ამახვილებს სწორი ტესტირების წესებზე, მათ შორის იმაზე, თუ რატომ არ გამოდგება სისხლის ანტისხეულები განკურნების შესამოწმებლად და რატომ არის აუცილებელი PPI პრეპარატების დროებით შეწყვეტა კვლევამდე.
„კუჭის ძლიერი მჟავა საკვებთან ერთად მოხვედრილი ბაქტერიების უმეტესობას ანადგურებს. მაგრამ არსებობს ერთი მიკრობი — Helicobacter pylori — რომელიც ამ მჟავე გარემოში არათუ გადარჩება, მკურნალობის გარეშე ადამიანის კუჭში შეიძლება მთელი სიცოცხლე დარჩეს.
და კიდევ უფრო უცნაური ფაქტი: ერთი და იგივე ბაქტერია ადამიანების ნაწილში კუჭის მჟავას ზრდის, უმრავლესობაში კი — პირიქით, ამცირებს.
თავიდან ვნახოთ, როგორ ახერხებს ის მჟავაში გადარჩენას. H. pylori-ს ორი მთავარი იარაღი აქვს. პირველი — მოძრაობა და ფორმა: სპირალური სხეულით, ერთ ბოლოზე მოთავსებული 6-დან 8-მდე შოლტით და ლორწოს გამათხელებელი ფერმენტით ის სწრაფად ძვრება კუჭის სქელი ლორწოს შრის ქვეშ, სადაც გარემო უფრო მშვიდია.
მეორე იარაღი კი ნამდვილი ქიმიური ფარია: ბაქტერიის მთელი ცილის დაახლოებით 10%-ს ერთი ფერმენტი — ურეაზა — შეადგენს. როგორც კი ბაქტერიას დაბალი pH ხვდება, ის ურეაზას გამომუშავებას ზრდის, შარდოვანას შლის ნახშირორჟანგად და ამიაკად (NH3), ამიაკი კი წყალბადის იონებს იკავშირებს და ბაქტერიის გარშემო ლოკალურად ნეიტრალურ „ღრუბელს“ ქმნის.
ახლა კი მთავარი პარადოქსი: რატომ იწვევს ეს ბაქტერია ერთ შემთხვევაში ჭარბ მჟავიანობას, მეორეში კი — დაბალს? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, კუჭის რომელ ნაწილში დასახლდება ანთება.
ინფიცირებულთა უმცირესობაში (დაახლოებით 10%–20%-ში) ანთება უმთავრესად კუჭის ქვედა ნაწილში, ანტრუმში, კონცენტრირდება. ანტრუმის ანთება თრგუნავს მუხრუჭ-ჰორმონ სომატოსტატინს. მუხრუჭის მოხსნის გამო იზრდება ჰორმონ გასტრინის გამოყოფა, რაც კუჭის სხეულის ჯანმრთელ უჯრედებს აიძულებს, ჩვეულებრივზე მეტი მარილმჟავა აწარმოონ. ეს ჭარბი მჟავა თორმეტგოჯა ნაწლავში გადადის, აზიანებს მის ლორწოვანს და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს უყრის საფუძველს.
სრულიად საპირისპირო სცენარი ვითარდება ინფიცირებულთა უმრავლესობაში, როცა ანთება მთელ კუჭს — ანტრუმსაც და მჟავის გამომყოფ სხეულსაც (პანგასტრიტს) — მოიცავს. ამ დროს ანთებითი ციტოკინები (მაგალითად, IL-1β, რომელიც მჟავის გამოყოფას ძლიერად თრგუნავს) პირდაპირ ასუსტებენ მჟავის გამომყოფ პარიეტულ უჯრედებს, დროთა განმავლობაში კი შეიძლება ჯირკვლების ატროფიაც გამოიწვიონ. ასეთ პაციენტებში მჟავიანობა ნორმალური ან დაბალია, კუჭის წყლულის მიზეზი კი დასუსტებული დაცვა ხდება — ხოლო წლების განმავლობაში მიმდინარე ატროფია (განსაკუთრებით cagA+ შტამების დროს, რომლებიც „მოლეკულური ნემსით“ უჯრედში CagA ცილას უშვებენ) კუჭის კიბოს რისკსაც ზრდის.
აქედან მოდის ერთი უაღრესად პრაქტიკული წესი ტესტირების შესახებ: H. pylori-ს აქტიური ინფექციის დასადასტურებლად ან მკურნალობის შედეგის შესამოწმებლად გამოიყენება ურეაზული სუნთქვითი ტესტი (სპეციფიკურობა >95%, მგრძნობელობა 88%–95%) ან განავლის ანტიგენის ტესტი (მგრძნობელობა 94%, სპეციფიკურობა 97%). სისხლის ანტისხეულები (სეროლოგია) განკურნების შემდეგაც თვეობით რჩება დადებითი და მკურნალობის შესამოწმებლად არ გამოდგება.
და რაც მთავარია: ომეპრაზოლის ტიპის წამლები (PPI), ბისმუტი და ანტიბიოტიკები ბაქტერიების რაოდენობას ამცირებენ და ცრუ-უარყოფით პასუხს იძლევიან. ამიტომ ტესტირებამდე PPI მინიმუმ 1–2 კვირით ადრე უნდა შეწყდეს, ხოლო განკურნების კონტროლი მკურნალობის დასრულებიდან არაუადრეს 4 კვირისა უნდა ჩატარდეს“, - წერს ჯაბა ზარქუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში
⭕ რა იწვევს თვალების შეშუპებას - „რღვევა ქსოვილების სითხის ბალანსი“