პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ბიჭებში სათესლე ჯირკვლების ჩამოსვლის ნორმალურ ვადებზე, კრიპტორქიზმის ნიშნებსა და დროული რეფერალის მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც ექიმი განმარტავს, თუ ჯირკვალი 6 თვის ასაკისთვის პარკში არ არის, აუცილებელია ბავშვთა უროლოგის ან ქირურგის კონსულტაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა და მოსალოდნელი გართულებები:
„როდის უნდა ჩამოვიდეს ბიჭებში სათესლე ჯირკვლები სათესლე პარკში და როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ხშირად,ძალიან ხშირად ისმის ეს კითხვა პედიატრებთან იმიტომ რომ რუტინულ გასინჯვებს სწორედ ისინი ახდენენ და შემდეგ ახორციელებენ რეფერალს სპეციალისტთან...
ძვირფასო მშობლებო, ბიჭუნას დაბადებისთანავე მნიშვნელოვანია შემოწმდეს, არის თუ არა ორივე სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში.
ნორმაში სათესლე ჯირკვლები პარკში ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ჩამოდის, თუმცა ზოგიერთ ახალშობილში, განსაკუთრებით დღენაკლულებში, ეს პროცესი დაბადების შემდეგაც შეიძლება გაგრძელდეს.
თუ ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვალი პარკში არ არის, ამ მდგომარეობას კრიპტორქიზმი ეწოდება.
სათესლე ჯირკვლის სპონტანური ჩამოსვლა ძირითადად სიცოცხლის პირველ 3-6თვეში ხდება.
თუ 6 თვის ასაკში (დღენაკლულებში კორექტირებული ასაკით) ჯირკვალი კვლავ არ არის პარკში, აუცილებელია ბავშვთა უროლოგის ან ქირურგის კონსულტაცია.
ამ მდგომარეობის დროს ოპერაციული მკურნალობა რეკომენდებულია 6-12 თვის ასაკში, არაუგვიანეს 18 თვისა.
სათესლე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია სათესლე პარკში არსებული შედარებით დაბალი ტემპერატურა. ჩამოუსვლელმა ჯირკვალმა მომავალში შესაძლოა გამოიწვიოს რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა და სხვა გართულებები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთ ბავშვს აქვს ე.წ. მოძრავი სათესლე ჯირკვალი, რომელიც პერიოდულად ადის ზემოთ და შემდეგ ისევ ბრუნდება პარკში. ეს ყოველთვის პათოლოგია არ არის, თუმცა დაკვირვებას საჭიროებს!
ნუ დაელოდებით წლებს იმ იმედით, რომ სათესლე ჯირკვალი თავისით ჩამოვა. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბავშვის მომავალი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მნიშვნელოვანი პირობაა“, - წერს ინგა მამუჩიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა - არიან დაშავებულები
⭕Volkswagen-ის ზარალმა 2026 წლის მესამე კვარტალში თითქმის 6 მლრდ ევრო შეადგინა