გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც გვასწავლის, როგორ „დავიმსახუროთ“ ხანგრძლივი სიცოცხლე:
„სასარგებლოა, მე თუ მკითხავთ - აუცილებელიც, საკუთარი საზღვრების, ლიმიტების მიღმა გასვლა, მთელი ორგანიზმის გამოწვევა.
კუნთების მაგალითი: თუ ადამიანი ჩაწვება და აღარ იმოძრავებს, მას დაემართება კუნთების ატროფია, განლევა.
თუ ადამიანი სისტემატურად იმოძრავებს, მას მეტ-ნაკლებად შეუნარჩუნდება კუნთოვანი მასა.
ხოლო თუ ადამიანი კუნთებს გამოწვევების წინაშე დააყენებს, მაგალითად წონების აწევით, მისი კუნთები გაიზრდება, რაც მასშტაბურ დადებით გავლენას იქონიებს მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
კუნთების მაგალითი ვრცელდება ყველა სხვა სისტემაზე - ფსიქიკა, ძვლები, გული...
ხანდახან კარგია, ძალიან ცივწყლიან აბაზანაში ჩაწოლა, ერთგვარი შოკის მიღება, ამის მოთმენა და გადატანა.
ასევე კარგია დიდ ლაშქრობაში წასვლა, რამდენიმე ასეული კილომეტრის წვალებით გავლა თავისი ტკივილებით, ჭრილობებით და გადაქანცვით.
უდავოდ კარგია ახალი, ერთი შეხედვით შეუძლებელი თავგადასავლის წამოწყება, მაგალითად მაღალ ასაკში ვიოლინოს ან ჩინურის შესწავლა, ფეხბურთის ან ჯირითის დაწყება, ახალი პროფესიის სერიოზული ათვისება.
ან საერთოდ ახალი ურთიერთობის დაწყება, სხვა ადგილას გარდა(ცხოვრება, კვების რადიკალურად შეცვლა, რელიგიის, მსოფლმხედველობის, იდეოლოგიის გადაფასება და პოტენციურად მოდიფიკაცია, სექსუალურ თავგადასავლებში ჩაშვება, ახალი სტილის, გარდერობის, ვარცხნილობის მორგება და ასე შემდეგ.
მოკლედ, თუ გვინდა, რომ სიცოცხლე დიდხანს გამოგვყვეს, უნდა დავუმტკიცოთ ბუნებას, სამყაროს, ტვინს, რომ ჩვენ ამ სიცოცხლეს "ვიმსახურებთ" ჩვენი სიცოცხლისადმი დაუშრეტელი, ხავსდაუდებელი ცნობისმოყვარეობით.
კუნთი მაშინ იწყებს გაზრდას, როცა ბოლო ვარჯიშისას რაღაც წონა ვეღარ ასწია ბოლომდე (muscle failure).
ამგვარად ის გრძნობს გაზრდა-გაძლიერების საჭიროება-აუცილებლობას, რომ შემდეგში ის ვერ აწეული წონა უკვე ასწიოს.
ჰოდა, იმავენაირად იზრდება ცხოვრების ხარისხი და თავად სიცოცხლეც.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ დავიკლოთ წონაში ქაბაბის და მწვადის ჭამით? - არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს
🎥 ქვიზი მინი ბასლასთან - „ვარ მჭამელი, იმპერატორი და მაგარი...“
🎥 „სიმბოლურია, აქ დაინახა პირველად, ამ ადგილას შეხვდნენ...“ - ზაზა ნოზაძემ რჩეულს ხელი სთხოვა