ფსიქოთერაპევტი ზაზა ქოიავა „სალომე კასრაძის პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა წყვილების თერაპია, სამი ძირითადი პრობლემა, რის გამოც აკითხავენ ფსიქოთერაპევტს, როგორ უშლის ურთიერთობას ხელს ორივე პარტნიორის წარსულის ნეგატიური გამოცდილებები და საკმარისია თუ არა სიყვარული ურთიერთობის გადასარჩენად.
ზაზა ქოიავა ამბობს, რომ თუ წყვილი ფსიქოთერაპევტს აკითხავს და შეკითხვები აქვს, იქ ჯერ კიდევ არსებობს „გადარჩენის“ შანსი:
„მე არავის არაფერს არ ვასწავლი. ვისურვებდი, არცერთ ფსიქოთერაპევტს არაფერი ესწავლებინა, მაგალითად: ჭკუა, ქცევა, მაქსიმუმ რეკომენდაციით შემოფარგლულიყო. უბრალოდ, აქაც რეკომენდაციებში ძალიან ფრთხილად უნდა იყო, ჯობს კითხვა-პასუხის რეჟიმით რაღაცები ერთობლივად იქნეს გადაწყვეტილი და არა იმის გამო, რომ ფსიქოლოგმა ასე მითხრა, ფსიქოლოგმა მითხრა შერიგდით, დაშორდით და ა.შ. არა!
ხშირად მოსამართლის სტატუსსაც განიჭებენ, რომ უნდა გადაწყვიტო კამათში, ჩხუბში ვინ არის მართალი და მტყუანი. ამის გაკეთებას არ ვაპირებ. რა თქმა უნდა ჩემი აზრი მაქვს, რამდენად არის შანსი ამ ურთიერთობის გადარჩენის, მაგრამ როდესაც წყვილი შენთან მოდის, ჯდება და გასარკვევად მოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ შანსი ჯერ კიდევ არის, გრძნობები ჯერ კიდევ არის, უბრალოდ სიყვარული შეიძლება გვერდზე იყოს გაწეული ტოქსიკური ურთიერთობის, ჩხუბის, ნეგატივის გამო. სანამ მათში კითხვის ნიშნები არის, რომ ნეტა ჩვენ ერთად ვიქნებით თუ არა, ესე იგი ამ შეკითხვებს სურვილებიც აჩენს, რომ მათ ერთად ყოფნა უნდათ. შესაბამისად, შანსი ყოველთვის არის.
შემდეგ იწყებ გარკვეული ტიპის პოზიტიური წერტილების აღმოჩენას. წყვილებს ძირითადად 3 ტიპის პრობლემა აქვთ.
პირველი - ღირებულებითი აცდენა.
მეორე - მათ უკვე იმდენად ბევრი ტკივილი აქვთ ურთიერთობაში, ამის მონელება უკვე შეუძლებელია და ფსიქოლოგი ერევა ამის განეიტრალებაში.
ტვინი საკმაოდ პლასტიკურია. სწორი მუშაობის შედეგად უზრუნველყოფს გარკვეული ნეგატიურ მოვლენასთან მიმართებაში ნეგატიური ემოცია აღარ გქონდეს და გაწყვიტო კონკრეტულ ამბებთან ნეგატიური ემოციური კავშირი.
ჩხუბებში წამოაძახებენ ხოლმე. ხომ ჰგონია, რომ დაივიწყა, მაგრამ როცა ბრაზდება, წამოაძახებს. ხშირად არის, არ გამაბრაზო და არ გეტყვი. რაკი ბრაზის დროს ეს გახსენდება, ესე იგი ის ტკივილიანი ამბავი ჯერ კიდევ ტვინის იმ უბანში დევს, რომელიც ასევე ბრაზზეც არის ორიენტირებული.
მესამე - სამწუხაროდ, ყველაზე ხშირად ვაწყდებით. მათ შეხვედრამდელი ტკივილები აქვთ. მანამ სანამ ისინი ერთმანეთს შეხვდებოდნენ, ოჯახში, სკოლაში, სხვა ურთიერთობებში, ქუჩაში, სამეგობროში გარკვეული პრობლემები ჰქონდა და ეს არ ქრება, გადადის ქცევაში.
ქცევას ან ფიქრს, რასაც წინ უძღვის ნეგატიური ამბავი, ის არ არის ნამდვილი! რომ არ ყოფილიყო ის ნეგატიური ამბავი, ეს ქცევა და ფიქრი არ იქნებოდა.
ფსიქოთერაპევტი ინდივიდუალურად მუშაობს თითოეულ მათგანთან.
როდესაც სიყვარული არსებობს, შენ შეგიძლია საკუთარ თავზე მუშაობა ისე, რომ შეეფერებოდე! იმ კითხვის ნიშნებზე პასუხი გაიცემა მაშინ, როცა წარსულის დისკომფორტებიდან გაიწმინდება. ტკივილიანი ნაწილები ჩვენი ტვინის რაციონალურ უბანში არ ჩადის, ჩადის ჩვენი ტვინის თავდაცვით, შფოთვით უბანში, რომელიც მეტად პრიმიტიულია და ნაკლებად ინტელექტუალურია. ტვინის ეს უბანი, რეპტილურ ტვინს რასაც ვეძახით, დროსა და სივრცეში არეულია და ერთსა და მეორეს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევს. ხშირად გარეგანი გამაღიზიანებელი ამას უბიძგებს თავდაცვითი რეაქციისკენ. მაგალითისთვის, რაღაც სიტყვას მამა ხმარობდა ჩვენს სალანძღავად, ყვირილის, დამცირების პროცესში და ეს სიტყვა კი არ არის ჩვენში, არამედ არის დამცირების მექანიზმი, მოლოდინის გაცრუების, გამოუხატავი ბრაზის, დაუმსახურებელი წყენის მექანიზმია და რაღაც მომენტში პარტნიორმა დაახლოებით ამ სიტყვით მოგმართა, გაგეხუმრა - წამიერად შეიძლება აფეთქდე, რადგან რეპტილურ ტვინში დევს. ის ეგრევე კარნახობს, რომ რეაქცია მიეცი.
- სიყვარული საკმარისია ურთიერთობის გადასარჩენად?
სიყვარული არ არის საკმარისი, თუმცა იმდენად მძლავრი რამეა, რომ თუ ამას გააძლიერებ და ამავე დროს გამოკვებავ, ნელ-ნელა მოაშორებ იმ დარტყმებს, რაც ამ სიყვარულს აზიანებს, საწყისი ეს არის. გარანტია არ არის, მაგრამ აუცილებელი წინაპირობაა. სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ვისთვის გიყვარს! შენთვის გიყვარს თუ მისთვის? რამდენად არის დაცლილი ეგოიზმისგან ეს ურთიერთობა? მე მიყვარს იმისთვის, რომ მე ვიყო კარგად თუ მე ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ის იყოს კარგად. როდესაც მე მიყვარს მისთვის და მას ვუყვარვარ ჩემთვის, ამ შემთხვევაში ჰარმონიამდე ცოტა აკლია. იდეალური ურთიერთობა არ არსებობს.
რას ნიშნავს იდეალური ურთიერთობა?
ერთი ეს, რომ მას ჩემთვის ვუყვარვარ და მე მისთვის. მეორე მუდმივად მუშაობთ ამ ურთიერთობაზე, ლაპარაკობთ, კვებავთ, არ ტოვებთ პრობლემებს განუხილველს და ამას ჩხუბით კი არ აკეთებთ, არამედ მის ტყავში ძვრებით და ხვდებით რას განიცდის. მესამე - სადაც სიტყვა დათმობა იშვიათად გამოიყენება. ურთიერთდამოკიდებულების ხარისხია და არა კომპრომისები. კი არ უნდა დავთმო, თუ დავთმე ნიშნავს, არ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალით გავაკეთე. თუნდაც სისულელეს გთხოვს და მაინც უკეთებ, ეს შენ თავად უნდა გინდოდეს, ეს დათმობა არ უნდა იყოს“, - ამბობს ზაზა ქოიავა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=VPeBeULMNKY

ასევე დაგაინტერესებთ: