სხვისი აზრისადმი გადაჭარბებული მგრძნობელობა ხშირად უკავშირდება ჩვენს ბუნებრივ, სოციალურ ევოლუციურ საჭიროებას ვიყოთ ჯგუფის ნაწილი და მიღებულები, თუმცა ეს მექანიზმი ხშირად შფოთვის და პერსონალური თავისუფლების შეზღუდვას იწვევს.
სხვების შეფასებაზე გადაჭარბებული დარდის დროს, მნიშვნელოვანია სიტუაციის გააზრება და კონკრეტული ქმედებები, რომლებიც ტვინს ახალ რეაქციებს ასწავლის.
არავინ თქვენზე იმდენს არ ფიქრობს, რამდენსაც თქვენ გგონიათ:
ადამიანებს სჩვევიათ საკუთარი თავის სამყაროს ცენტრში დაყენება და სჯერათ, რომ გარშემომყოფები მათ ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. რეალურად, თითოეული ადამიანი დაკავებულია საკუთარი საქმით და პრობლემებით, ხოლო თქვენს მიმართ ინტერესი უმეტესად წამიერია. ისე როგორც თქვენი სხვების მიმართ. თქვენ ვინ უფრო გაინტერესებთ? თქვენი თავი თუ სხვები? - სხვებსაც იგივე პასუხი აქვთ.
პრაქტიკა: შენიშვნის ან უსიამოვნო მზერის დროს, საპასუხო რეაქციამდე ან თავის მართლებამდე დაითვალეთ გონებაში სამამდე. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ეს ადამიანი ჩემი ცხოვრების ექსპერტია თუ უბრალოდ მაყურებელი?“ და შემდეგ გქონდეთ უკვე რეაქცია.
დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები:
როდესაც ადამიანი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვების შეფასებას, მისი კონტროლის ლოკუსი გარეგანია. შინაგანი სიმშვიდისთვის კი მნიშვნელოვანია ყურადღების გადატანა იმ ნაწილზე რაც უშუალოდ თქვენს კონტროლქვეშაა. ესაა თქვენი ფასეულობები, ქცევა და არჩევანი.
პრაქტიკა: სცადეთ 3 დღის მანძილზე არავის ჰკითხოთ რჩევა ისეთ წვრილმანებზე, როგორებიცაა: რა ჩაიცვათ, რა შეუკვეთოთ ან რომელი ფოტო ატვირთოთ. მიიღეთ ეს გადაწყვეტილებები სრულიად დამოუკიდებლად.
ყველას ვერ მოეწონებით:
შეუძლებელია ყველასთვის მისაღები იყოთ. როდესაც ეგუებით იდეას, რომ ვიღაცისთვის ყოველთვის იქნებით „არასაკმარისი“ ან „არასწორი“, სხვისი კრიტიკა კარგავს ემოციურ ძალაუფლებას.
პრაქტიკა: აირჩიეთ მხოლოდ ის ორი, სამი ადამიანი, ვისი შეფასებაც თქვენთვის მართლაც ღირებული და სანდოა. ყველა დანარჩენის აზრი ავტომატურად გადაიყვანეთ „საინფორმაციო ხმაურის“ კატეგორიაში.
სხვისი აზრი, უბრალოდ აზრია და არა დადგენილი ჭეშმარიტება:
სხვისი აზრი არ არის ობიექტური ჭეშმარიტება; ეს მხოლოდ იმ ადამიანის პირადი გამოცდილების, პროექციებისა და გუნება განწყობის ასახვაა.
პრაქტიკა: შეგნებულად გააკეთეთ რაღაც უწყინარი, რაც იდეალური არ არის. ნახეთ, რომ სამყარო იმით არ დაინგრევა თუ ვინმეს არ მოეწონებით.
სავარჯიშო შფოთვის დროს:
როცა იგრძნობთ, რომ სხვისი შეფასება გთრგუნავთ, დასვით კითხვა:
რა მოხდა? (მაგ: კოლეგამ ჩემს იდეაზე ეჭვი გამოთქვა).
რა არის რეალური შედეგი? (არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს).
მთავარი კითხვა: „ექნება თუ არა ამ ადამიანის სიტყვებს მნიშვნელობა თქვენთვის ხუთი წლის შემდეგ?“თუ პასუხია „არა“, მაშინ ნუ მისცემთ ამ აზრს უფლებას, აწმყოში სიმშვიდე წაგართვათ.
ვისაც სურს, ის აუცილებლად მონახავს მიზეზს თქვენზე უარყოფითი თქვას. მთავარია თქვენ იყოთ ბედნიერი და მართალი საკუთარ თავთან, როცა დღის ბოლოს მარტო რჩებით.
ასევე დაგაინტერესებთ: