გაზაფხული ალერგიის სეზონია. ბუნების გამოღვიძება სიმპტომების გამწვავებით განსაკუთრებით ალერგიულ ადამიანებზე აისახება: ყველაზე ხშირად ალერგიას შემდეგი ხის ჯიშები იწვევენ: მურყანი, ასპენი, წიფელი, კედარი, კვიპაროსი, თელა, ღვია, ნეკერჩხალი, თუთა, მუხა, ზეთისხილის ხე, პალმა, ფიჭვი, ვერხვი, ტირიფი და ასე შემდეგ.
ცემინება – როდესაც მცენარე მტვერს გამოყოფს, ის ხვდება თქვენს ცხვირში, რის მერეც, თქვენი იმუნური სისტემა ეუბნება თქვენს ტვინს, რომ მტვერი გამოიდევნოს. ამიტომაც, გაზაფხულზე გარეთ ყოფნისას ხუთ წუთიც არ გადის ისე, რომ არ დააცემინოთ.
ხველა ან ყელის ტკივილი – საგაზაფხულო ალერგიას ხშირად თან ცხვირში ლორწოს დაგროვება და ყელში გადასვლა ახლავს, რაც შემდეგ ხველასა და ყელის გაღიზიანებას იწვევს. წყლიანი თვალები და ქავილი – ალერგიის სიმპტომების უმეტესობა გამოწვეულია ჰისტამინებით, რომლებიც ქიმიკატებს წარმოადგენენ. მათ კი ხშირად თან ახლავთ შეშუპება და ანთება თვალებში, რაც შემდეგ თვალების აწყლიანებასა და ქავილს იწვევს.
თავის ტკივილი – ალერგიის მქონე ადამიანები ხშირად იტანჯებიან ამ სიმპტომით. მათ ერთგვარად „სინუსურ თავის ტკივილს“ უწოდებენ, რადგანაც შეშუპება ხშირად ცხვირისა და სინუსების ჩაკეტვას იწვევს, რის მერეც ჟანგბადი ნაკლებად მიდის თავისკენ.
გამომშრალი კანი და ქავილი – თუ გაზაფხულზე თქვენი კანი ძალიან მშრალია და ქავილის შეგრძნებაც გაწუხებთ, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს კანის გამონაყრით, რომელსაც ატოპიური დერმატიტი ეწოდება, იგივე – ეგზემა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ალერგენი კანში ანთებას და გაღიზიანებას იწვევს.
ასთმის სიმპტომები – როდესაც თქვენ რაიმე ალერგენს სუნთქავთ, იმუნური სისტემა ანტისხეულების გამოთავისუფლებით რეაგირებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს სასუნთქი გზების ანთება, შედეგად - სუნთქვა რთულდება.
ყურების ქავილი – მიუხედავად იმისა, რომ გაღიზიანებული თვალები და ცხვირის ღრუ გაზაფხულის ალერგიების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, არც მთლად ყურებია დაცული ამ პერიოდში. თქვენ ასევე, შეიძლება იგრძნოთ ყურის ქავილი.
პრევენცია
ალერგიის თავიდან ასარიდებლად ან მის მარტივად გადასატანად რამდენიმე ნაცადი ხერხი არსებობს. ექსპერტები გვირჩევენ:
* შეამოწმეთ მტვრის რაოდენობა ადგილობრივად და შეზღუდეთ გარეთ ყოფნის დრო, როდესაც მტვრის დონე მაღალია;
* თუკი კერძო ბაღი გაქვთ, აუცილებლად გაკრიჭეთ ბალახი დაბალზე;
* დახურეთ ყველა ფანჯარა, თუკი ეს შესაძლებელია და გამოიყენეთ ალერგიის საწინააღმდეგო ფილტრები კონდიციონერებზე;
* დაიბანეთ თმა ყოველდღიურად მტვრის მოსაშორებლად;
* თეთრეული გარეცხეთ კვირაში ერთხელ;
* სახლში მისვლისას მყისვე გამოიცვალეთ და გარეცხეთ სამოსი;
* ფეხსაცმელი სახლში შესვლამდე გაიხადეთ;
* გარეთ ყოფნისას ატარეთ ქუდი და სათვალე, რათა მტვრის თვალებსა და თმაში მოხვედრა შეზღუდოთ;
* ბინა კვირაში ერთხელ მაინც მტვერსასრუტით დაასუფთავეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: