შიზოფრენია ქრონიკული ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს მკაფიოდ გამოხატული ფსიქოზის სიმპტომები და აზროვნების დარღვევები. ამ დაავადების დროს ცნობიერება, ისევე როგორც ბევრი ინტელექტუალური პროცესი, არ არის დარღვეული, მაგრამ ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში ირღვევა აღქმის, ყურადღების კონცენტრირებისა და მახსოვრობის უნარი.
ახალი კვლევის შედეგად მიღებული მტკიცებულებები ადასტურებს დიდი ხნის განმავლობაში არსებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც შიზოფრენიით დაავადებული ადამიანები სმენით ჰალუცინაციებს განიცდიან, რადგან ისინი საკუთარ შინაგან მეტყველებას გარე ხმებად აღიქვამენ.
„ეს იდეა 50 წელია არსებობს, მაგრამ მისი გამოცდა ძალიან რთული იყო, რადგან შინაგანი მეტყველება არსებითად პრივატულია“, - ამბობს თომას უიტფორდი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მკვლევარი.
ელექტროენცეფალოგრაფიის (EEG) გამოყენები უიტფორდმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს თუ როგორ რეაგირებს ტვინი შინაგან მეტყველებაზე. ხოლო შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში, უიტფორდი დააკვირდა როგორ რეაგირებს მათი ტვინი სმენით ჰალუცინაციებზე.
„როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუნდაც გონებაში, ტვინის ის ნაწილი, რომელიც გარედან შემომავალ ხმებს ამუშავებს, ნაკლებად აქტიურია. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინი წინასწარ პროგნოზირებს საკუთარი ხმის ჟღერადობას. როგორც ჩანს, სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ეს პროგნოზი ირღვევა და საკუთარ ხმაზე ტვინი რეაგირებს ისე, თითქოს ხმა სხვას ეკუთვნის“, - განმარტავს უიტფორდი.
კვლევის მონაწილეები სამ ჯგუფად დაყვეს:
⭕ შიზოფრენიის მქონე 55 ადამიანი ახლახან განცდილი სმენითი ჰალუცინაციებით;
⭕ შიზოფრენიის მქონე 44 ადამიანი, რომლებსაც ბოლო პერიოდში სმენითი ჰალუცინაციები არ ჰქონიათ;
⭕ 43 ადამიანი, რომელთაც შიზოფრენიის ისტორია არ ჰქონდათ;
მონაწილეებს სთხოვეს ყურსასმენებით მოესმინათ ხმები და ამავე დროს თავში წარმოეთქვათ ან „ბაჰ“, ან „ბიჰ“.
ყურსასმენებით გასაგონი ხმაც ან „ბაჰ“ იყო, ან „ბიჰ“, თუმცა მონაწილეებმა არ იცოდნენ, დაემთხვეოდა თუ არა მათ გონებაში წარმოთქმული სიტყვა ყურსასმენებით მოსმენილს. როდესაც შინაგანი მეტყველება ემთხვეოდა გარე ხმას, იმ მონაწილეების ტვინმა, რომლებმაც ბოლო დროს განიცადეს სმენითი ჰალუცინაციები, გაცილებით ძლიერი რეაქცია აჩვენა.
„ჯანმრთელ ადამიანებში შინაგანი მეტყველება ტვინის აქტივობის ისევე ამცირებს, როგორც ხმამაღლა ლაპარაკი. მაგრამ სმენითი ჰალუცინაციების მქონე ადამიანებში ტვინის აქტივობა არ მცირდება. პირიქით, მათი ტვინი შინაგან მეტყველებაზე კიდევ უფრო ძლიერად რეაგირებს, თითქოს ხმა სხვას ეკუთვნის. ეს შესაძლოა ხსნიდეს იმასაც, თუ რატომ სჯერათ ამ ადამიანებს, რომ ხმები რეალურად ესმით“, - დასძინა უიტფორდმა.
ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ შიზოფრენიით დაავადებული ადამიანების მიერ გაგონილი „ხმები“ რეალურად მათი საკუთარი შინაგანი მეტყველებაა, რომელსაც ტვინი შეცდომით გარე ხმად აღიქვამს. ეს მიგნება ექიმებს შეიძლება დაეხმაროს ფსიქოზის განვითარების რისკის მქონე ადამიანების ამოცნობაში მანამდე, სანამ ის გამოვლინდება, რაც დროულ ჩარევასა და ადრეულ მკურნალობას შესაძლებელს გახდის.
წყარო: mkurnali.ge