ზაფხულის პერიოდში ერთ-ერთი შემაწუხებელი პრობლემა, დამეთანხმებით მწერების გააქტიურება და მათი ნაკბენია, რომელიც არასასიამოვნო და ხშირად დისკომფორტის შემცველია. რა უნდა ვიცოდეთ და როგორ მოვიქცეთ, თუ სხვადასხვა მწერმა დაგვკბინა - სწორედ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს უზიარებს.
„დადგა გაზაფხულის თბილი ამინდები
სითბოს დადგომასთან ერთად აქტიურდებიან სხვადასხვა მწერები და ტკიპები. აუცილებელია და მნიშვნელოვანია თავის დაცვა მათი კბენისგან, ასევე ბავშვების დაცვა.
მწერების და ტკიპების ნაკბენით შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა სახიფათო და რთული ინფექციები, როგორიცაა მაგალითად ლაიმის დაავადება (ბორელიოზი).
ინფექციის და სხვა გართულებების განვითარების პრევენცია პირველ რიგში კბენისგან თავის დაცვაა.
ამისათვის საჭიროა მწერების რეპელანტის (Insect Repellents) გამოყენება.
როგორ უნდა ავარჩიოთ რეპელანტი და როგორ უნდა მისი გამოყენება?
1. აუცილებელია რეპელანტის შემადგენლობაში შედიოდეს - DEET (N,N-diethyl-3-methylbenzamide).
DEET გვხვდება სხვადასხვა კონცენტრაციით. რაც უფრო მაღალია კონცენტრაცია, მით უფრო ხანგრძლივია დაცვა.
როგორც წესი რეპელანტი 10–35% DEET-ის შემცველობით ადექვატურად იცავს
უფრო მაღალი კონცენტრაციით რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნას ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ტენიანობის პირობებში, ან იმ შემთხვევაში თუ ვიმყოფებით ინფექციების გადამტანი ტკიპების არსებობის ენდემურ ზონაში.
რეპელანტები შესაძლებელია პირდაპირ გამოყენებულ იქნას უშუალოდ კანზე, ტანსაცმელზე, ფანჯრებზე, მწერებისგან დამცავ ბადეებზე, ტენტებზე, საძილე ტომრებზე.
ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებით რეპელანტი 30%-მდე DEET-ის შემცველობით უნდა იქნას გამოყენებული ბავშვებში 2 წლიდან.
ზოგადი გამოყენების პრინციპები:
👉არარეგულარული გამოყენებისას არჩევანი გააკეთეთ რეპელანტზე არაუმეტეს 35% DEET-ის შემცველობით;
👉გამოიყენეთ რეპელანტი რაციონალურად, ცოტა რაოდენობით იმისათვის რომ დაფაროთ კანი. არ გაჟღინთოთ კანი;
👉რეპელანტი უნდა დაიტანოთ მხოლოდ ტანსაცმლისგან დაუფარავ ადგილებში. არ არის საჭირო მისი გამოყენება ტანსაცმლის ქვეშ;
👉სახეზე გამოსაყენებლად რეპელანტი დაიტანეთ ხელის გულებზე, შემდეგ ხელისგულები გაუსვით ერთმანეთს და დაიტანეთ სახის კანზე თხელი ფენა;
👉თავიდან აიცილეთ თვალებთან და პირთან რეპელანტის კონტაქტი. ბავშვების შემთხვევაში არ წაუსვათ მათ რეპელანტი მტევნებზე თვალთან ან პირთან კონტაქტის პრევენციისათვის;
👉რეპელანტის წასმის შემდეგ დაიბანეთ ხელები;
👉 არასდროს გამოიყენოთ რეპელანტი ჭრილობებზე, კანის ანთებით ან გაღიზიანებულ უბნებზე;
👉არ შეისუნთქოთ რეპელანტი თუ მას აქვს აეროზოლის ფორმა;
👉დღეში რამდენჯერმე, ხშირი რეაპლიკაცია (თავიდან წასმა) არ არის საჭირო. ის საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვიმყოფებით ძალიან ცხელ ან სველ გარემოში, როდესაც ხდება კანიდან რეპელანტის დაკარგვა;
სწორი გამოყენების პირობებში რეპელანტი სრულიად უსაფრთხოა და ძალზედ ეფექტურია მწერების და ტკიპების კბენისგან თავის დასაცავად.
ამით ჩვენ მოვახდენთ სხვადასხვა ინფექციების და გართულებების პრევენციას.
უკვე არსებული ნაკბენის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გაიაროთ კონსულტაცია“, - წერს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შესანიშნავი წყვილი“ - როგორ ერთობა რუსკა ქარქაშაძე საქმროსთან ერთად
🎥 „შავმა კატამ გაირბინა...“ - რატომ გაუბრაზდა ლელა წურწუმია სალომე ბაკურაძეს და ნოდიკო ტატიშვილს