Digest Logo

„წაახალისეთ შრომისმოყვარეობისა და ძალისხმევისათვის და არა მხოლოდ შედეგისთვის“ - როგორ დავეხმაროთ ბავშვებს, ვისაც შეცდომების ეშინიათ

1763573941
ნანა ფიფია

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ ბავშვმა შეცდომაში დაინახოს ზრდის შესაძლებლობა, უპირველესად უნდა დავეხმაროთ იმის გაანალიზებასა და გაცნობიერებაში, რომ შეცდომა არ არის საშინელი რამ.

იგი გვირჩევს, რომ ბავშვი და მის მიერ გამოჩენილი ინიციატივა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში, წავახალისოთ:

„შეცდომის დაშვების შიში...

იმისათვის, რომ ბავშვმა შეცდომაში დაინახოს ზრდის შესაძლებლობა, უპირველესად უნდა დავეხმაროთ იმის გაანალიზებასა და გაცნობიერებაში, რომ შეცდომა:

არ არის საშინელი რამ...

ეს საინტერესოც კი არის...

სასარგებლოა...

ჩვეულებრივი რამ არის...

უკლებლივ ყველას მოსდის...

ამ მხრივ, სკოლის გავლენა, სადაც ბავშვი ატარებს უმეტეს დროს, არის უდიდესი და კრიტიკულიც კი. თუ მასწავლებლების დამოკიდებულება არის სწორი და არა ისეთი, რომ შეცდომა არის სირცხვილი, მაშინ ამ გამოწვევასთან გამკლავება მშობელსაც მეტად გაუადვილდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მარტო რჩება ამ გამოწვევასთან, შედარებით რთულია, თუმცა შესაძლებელია სიტუაციის დაბალანსება სწორი დამოკიდებულებით.

რისი გაკეთება შეგვიძლია:

წაახალისეთ ბავშვი და მის მიერ გამოჩენილი ინიციატივა, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მიეცით ბავშვს იმის შესაძლებლობა რომ ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე. ნუ მიეშველებით, თუ ის ამას არ გთხოვთ.

წაახალისეთ შრომისმოყვარეობისა და ძალისხმევისათვის და არა მხოლოდ შედეგისთვის.

ნუ შეადარებთ სხვას და სხვის წარმატებას!

შეადარეთ და პარალელი გაავლეთ, მაგალითად, მის წინა მცდელობებთან და აღნიშნეთ, რომ ძალისხმევის და შრომის შედეგად ამჯერად ბევრად უკეთ გამოსდის. ასეთი დამოკდიებულება ხელს უწყობს სწავლასა და წარმატებას შორის მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენას.

დაეხმარეთ ბავშვს წარუმატებლობის გაანალიზებაში. იფიქრეთ და ისაუბრეთ იმაზე თუ რა უშლის ხელს? რა ეხმარება? რომელი უნარი უნდა განივითაროს? სად და როგორ შეიძლება მეტი ცოდნა მიიღოს ამ სფეროში? და ა.შ.
 პერიოდულად დაინტერესდით იმით, თუ ამ დროის განმავლობაში რა ისწავლა? რისი გაკეთება სცადა? რა გაიგო ახალი და საინტერესო, რაც გამოადგება ცხოვრებაში? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოუსმინეთ და შეაქეთ“, - წერს ნანა ფიფია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ღრმად გრძნობს ყველაფერს, მასთან ყველა სიტყვა უნდა ვაკონტროლოთ, უყვარს სიმშვიდე“ - ტემპერამენტის რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი შვილი

„გაგიზიარებთ ფულის მოსაზიდ მარტივ, მაგრამ ძალიან ძლიერ რიტუალს, რომელიც ნამდვილად მუშაობს“ - რას წერს თეა ჩეჩელაშვილი

„მითხრა: ეს თხოვნა არაა, არც რჩევა, დავალებაა - ყოველთვის ისაუბრეთ გამართული, გრამატიკული ქართულით, მაგრამ არასდროს დაივიწყოთ დიალექტი“ - ზურა შევარდნაძე ანა კალანდაძეს იხსენებს