გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.
გთავაზობთ მის მორიგ პოსტს, სადაც სიძულვილსა და ბრაზზე წერს:
„თუ ვინმე გძულს, ესე იგი მან დაგამარცხა“ - კონფუცი.
მართალია, ოღონდ არა ასე განზოგადებულად და აბსოლუტისტურად!
სიძულვილის დროს ნამდვილად ისეთი ბიოქიმიური და ფსიქოლოგიური ფონი იქმნება ორგანიზმში, რომ აქეთ ინგრევი ადამიანი.
სიძულვილი იმასაც ჰგავს, - ვიღაცის დაწვა გინდოდეს და მას გავარვარებულ ნაკვერჩხლებს ესროდე. პირველ რიგში ხომ ისევ შენ დაგეწვება ხელები.
თუმცა აქაც ძალაშია ზომა-წონის უტყუარი შუქურა:
ხანმოკლე შეძულება არ არის პრობლემატური, პირიქით - ბუნებრივი და ხანდახან საჭირო, თან უნივერსალური ემოციაა, ანუ არსებობს ყველა კულტურასა თუ საზოგადოებაში.
ემოციებს კი თავიანთი ბიო-ფსიქოსოციალური ფუნქცია აქვთ. ისინი გვეხმარებიან გარე სამყაროს შეცნობაში და მის დახარისხებაში.
სიძულვილის ემოცია მაშინ გვიჩნდება, როცა ძალიან დიდ ტკივილს, ზარალს, განსაცდელს გვაყენებენ, განსაკუთრებით თუ ამას განზრახ აკეთებენ, ან საერთოდ - თუ ამას ნაცნობი, ახლობელი სჩადის.
როგორ შეიძლება არ გძულდეს შენი შვილის მკვლელი?!
სამშობლოს მტერი?
შენზე მოძალადე უფროსი?
- კლასელი?
- პარტნიორი?
- პოლიციელი?
როგორ შეიძლება არ შეგძულდეს ის, ვინც ცილისწამებით რეპუტაცია მოგისპო? სოციალურად დაგასამარა?
ან ის, ვინც მრავალწლიანი ურთიერთობა სრულიად მოულოდნელად და უსამართლოდ დაამთავრა? მიგატოვა.
გაგანადგურა და ასე შემდეგ.
უბრალოდ აქტიური სიძულვილის ფაზა არ უნდა გაიწელოს და გახდეს ქრონიკული, უკონტროლო, თვითმყოფადი.
ასევე მთავარია, ამ სიძულვილმა არ გააკონტროლოს ყოველდღიურობა, ჩვენი შინაგანი თუ გარეგანი ცხოვრება.
მე პირადად იმ ნეტარი ხალხის არასდროს მჯეროდა, აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი რომ უყვართ, თან სიგიჟემდე.
მოკლედ, ემოცია დამანგრეველია თუ არა, ამას წყვეტს რამდენიმე ფაქტორი. მათ შორის მისი შეგრძნების სიხშირე, ინტენსიურობა და ხანგრძლივობა.
ასევე მასზე კონტროლის მექანიზმების ქონა-არქონა.
პ.ს. რა საინტერესოა, რამდენი გაიგებს ამ პოსტს, როგორც სიძულვილის რეკლამას
გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არ არსებობს უნივერსალური წესი...“ - რას ნიშნავს იყო პაგანი: ნინო ლეჟავას განმარტება
⭕„ნუ ეცდები მოვლენების ძალდატანებით მართვას“ - 28 ივლისის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით