მენოპაუზა (კლიმაქსი) ქალის ცხოვრების ბუნებრივი მოვლენაა. ამ დროს ციკლი საბოლოოდ წყდება და ქალს დაორსულება აღარ შეუძლია. მენოპაუზა ოფიციალურად აღირიცხება, თუ უკვე 12 თვეა, ქალს მენსტრუაცია აღარ ჰქონია. ამის შემდეგ იწყება პოსტმენოპაუზა. მენოპაუზამდე რამდენიმე წელი (ჩვეულებრივ, 2-დან 8-მდე, საშუალოდ – ოთხი) მენოპაუზის წინა პერიოდად, პერიმენოპაუზად, მიიჩნევა.
ეს არის რეპროდუქციული ასაკიდან კლიმაქსისკენ გარდამავალი პერიოდი. ესტროგენების დონის ცვლილების გამო ირევა ციკლი, იზრდება ან მცირდება შუალედები, იცვლება გამონადენის ხანგრძლივობა და მოცულობა. ზოგ ქალთან თუ პერიმენოპაუზა თითქმის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, ზოგი უჩივის ალებს, უძილობას, ღამის ოფლიანობას, სახსრებსა და კუნთებში დისკომფორტს, ტკივილს სექსის დროს, გუნება-განწყობის ცვალებადობას, კონცენტრაციის სირთულეებს, გულმავიწყობას.
ძილის ნაკლებობა, თავის მხრივ, უფრო მეტად ამძიმებს ჩამოთვლილ სიმპტომებს. ქალი ადვილად ღიზიანდება, უქვეითდება მეხსიერება, უჭირს კონცენტრირება, წონასწორობის შენარჩუნება, ადვილად ეცემა. მენოპაუზა ყოველთვის არ იწვევს ძილის დარღვევას. თუ ქალს მანამდე კარგი ძილი ჰქონდა, ადვილი შესაძლებელია, ის მენოპაუზის შემდეგაც შეუნარჩუნდეს.
პერიმენოპაუზის პერიოდში ძილის ამა თუ იმ სახის დარღვევას ქალების, დაახლოებით, ნახევარი უჩივის, პერიმენოპაუზამდე – 30%. ძილის გაუარესება ადრეული პერიმენოპაუზის პერიოდიდან იწყება და გვიანი პერიმენოპაუზის პერიოდში აღწევს პიკს. ამის შემდეგ, უკვე პოსტმენოპაუზის პერიოდში, ძილი სტაბილურდება ან უმჯობესდება. ძილის დარღვევებიდან პერიმენოპაუზის პერიოდის ყველაზე გავრცელებული პრობლემა ძილის შენარჩუნებაა. ამ სტადიასვე ახასიათებს ძალიან ადრე გაღვიძება. პერიმენოპაუზის სტადიაში ძილის დარღვევის მიზეზი შესაძლოა, ჰორმონული ცვლილებები, ალები და ღამის ოფლიანობა იყოს, მაგრამ ძილის გაუარესებას უჩივიან ის ქალებიც, რომლებსაც ალები არ აქვთ.
პერიმენოპაუზის დაწყებისთანავე ჩნდება ძილის აპნოეს მაღალი რისკი, რაც ჰორმონული ცვლილებებით და წონის მატებით არის განპირობებული. აცნობეთ ექიმს, თუ ხვრინავთ ან ჰაერის უკმარისობა გაღვიძებთ – ეს შესაძლოა, ძილის აპნოეს სიმპტომები იყოს.
ხშირად ძილის ხარისხი თავისთავად უმჯობესდება. 60-70 წლის ასაკში ქალებს, პერიმენოპაუზის პერიოდთან შედარებით, მეტხანს სძინავთ და ღამღამობით ნაკლებს ფხიზლობენ.
კარგი ძილისთვის დაიცავით ძილის რეგულარული გრაფიკი. დაწექით და ადექით ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. შეძლებისამებრ, ერიდეთ გვიან ნაშუადღევს ან საღამოს წაძინებას – შესაძლოა, ღამით გამოგეღვიძოთ. ძილის წინ იკითხეთ, უსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას, მიიღეთ თბილი აბაზანა. საძინებელში ნუ გექნებათ ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი – მათი ნათება ხელს უშლის ჩაძინებას. ეცადეთ, საძინებელში იყოს კომფორტული ტემპერატურა – არც სიცხე და არც სიცივე. მნიშვნელოვანია სიჩუმეც. ივარჯიშეთ რეგულარულად, მაგრამ არა ძილის წინ. მოერიდეთ ძილის წინ დიდი ულუფების ჭამას. საღამოობით თავი შეიკავეთ კოფეინიანი სასმელებისა და საჭმელებისგან (ყავა, ჩაი, შოკოლადი). ალკოჰოლი ძილის დარღვევებს არ შველის. პირიქით, მცირე რაოდენობით მიღებამაც კი შეიძლება, გამოგაღვიძოთ.
ძილის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს ალებმა, ღამის ოფლიანობამ, განწყობის შეცვლამ, დეპრესიამ. ამ ფაქტორების მართვა ძილის მართვაშიც დაგეხმარებათ. ალების შესამსუბუქებლად შეიძლება, ძილის წინ გრილი შხაპის მიღება. რეკომენდებულია წონის დაკლება, მოწევისგან, ცხარე კერძებისგან თავის შეკავება, ექიმის დანიშნულებით ესტროგენების ან სხვა მედიკამენტების მიღება.
დეპრესიის წინააღმდეგ ეფექტურია ფსიქოთერაპია. საჭიროებისამებრ, შესაძლოა ანტიდეპრესანტები ან დეპრესიის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები გამოგიწერონ. მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი, დაბალანსებული კვება, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ურთიერთობა. საძილე აბები ეფექტურია ცხოვრების წესის შეცვლასთან ერთად, თუმცა მათი მიღება არ არის სასურველი რამდენიმე კვირაზე მეტხანს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მადლობა ღმერთს შენთვის!...“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლეს იუბილეს ულოცავს
⭕ შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე