
იტალიის ჯანმრთელობის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს - ქვეყანაში გამოვლინდა დასავლეთ ნილოსის ვირუსით (West Nile Virus – WNV) ინფიცირების შემთხვევები. დაავადება ვრცელდება ინფიცირებული Culex-ის გვარის კოღოს ნაკბენით და შესაძლოა დააინფიციროს ფრინველები, ზოგიერთი ცხოველი და იშვიათად – ადამიანები.
ადამიანი ვირუსს იღებს მხოლოდ კოღოს ნაკბენით, დაავადება არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
აღნიშნულ საფრთხეზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე:
„დასავლეთ ნილოსის ვირუსი უკვე იტალიაშია – თქვენი დაცვა იწყება ცოდნით!
კოღო არ არის მხოლოდ შემაწუხებელი — ზოგჯერ ის სიკვდილთანაც კავშირშია.
რა ხდება?
იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანაში გავრცელდა დასავლეთ ნილოსის ვირუსი (WNV).
ეს არის ინფექცია, რომელიც გადადის მხოლოდ კოღოს ნაკბენით და იშვიათ შემთხვევებში ადამიანში იწვევს ძალიან სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა მენინგიტი ან ენცეფალიტი.
როგორ ვრცელდება?
• ვირუსის მატარებელია Culex-ის გვარის კოღო
• ვირუსი გადადის მხოლოდ კოღოს ნაკბენით
• ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა არ ხდება
• ინფიცირებული კოღო ასევე აზიანებს ფრინველებსა და ცხოველებს, რაც ვირუსის ცირკულაციას უზრუნველყოფს
რა სიმპტომები ახასიათებს?
უმეტეს შემთხვევაში ინფექცია მსუბუქია, თუმცა მაინც საგანგაშოა:
• ცხელება
• თავის ტკივილი
• გულისრევა და ღებინება
• ლიმფური კვანძების გადიდება
• კანის გამონაყარი
იშვიათად (<1%) ვითარდება მძიმე ფორმები:
• მენინგიტი (თავის ტვინის გარსების ანთება)
• ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება)
• კუნთოვანი სისუსტე და დუნე დამბლა
ვინ არიან რისკის ქვეშ?
მაღალი რისკის ჯგუფები:
• ხანდაზმულები (>60 წელი)
• იმუნოკომპრომეტირებული პირები (მაგ. ონკოპაციენტები, ორგანოების მიმღებები, ქრონიკული დაავადებების მქონეები)
როგორ დავიცვათ თავი?
ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, მაგრამ პრევენცია გადამწყვეტია:
1. გამოიყენეთ მწერების საწინააღმდეგო სპრეი (DEET-შემცველი ან ბუნებრივი საშუალებები)
2. ატარეთ გრძელსახელოიანი ტანსაცმელი ღია სივრცეში
3. დააყენეთ ბადეები ფანჯრებზე და კარებზე
4. ამოიცვალეთ ან დაფარეთ წყლით სავსე ჭურჭელი (აუზები, ჭები, ქოთნები)
5. დამატეთ ლარვიციდები წყლის დაგუბების ადგილებში ყოველ 15 დღეში
6. არ დაუშვათ კოღოების გამრავლება თქვენს ეზოში
დასავლეთ ნილოსის ვირუსი არ არის პანიკის მიზეზი — მაგრამ უყურადღებობის ფასი შეიძლება მძიმე იყოს. თითოეულმა მოქალაქემ, განსაკუთრებით ემიგრანტებმა, უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავი და ოჯახი. პრევენცია იწყება ინფორმირებით — და მთავრდება მოქმედებით
კითხვები და პასუხები:
- შემიძლია დაავადება გადავდო სხვას?
- არა. ვირუსი არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
- ბავშვები რისკის ქვეშ არიან?
- ზოგადად არა, მაგრამ იმუნოდაქვეითებული ბავშვები — კი.
- არსებობს ვაქცინა?
- ადამიანებისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს დამტკიცებული ვაქცინა.
- რომელი რეგიონებია რისკის ზონად მიჩნეული იტალიაში?
- ყველაზე მეტად ჩრდილოეთი რეგიონებია დაფიქსირებული: ემილია-რომანია, ვენეტო, ლომბარდია“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შთამბეჭდავად გამოიყურები...“ - მარიამ სანოგო ზღვის სანაპიროზე პოზირებს
⭕ „გილოცავ ჩემო საყვარელო ცოლო“ - გიორგი გველესიანის მეუღლე იუბილარია
⭕ ესპანეთმა ტურისტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა - ქვეყანას 44,5 მილიონი ტურისტი ეწვია