სექტემბრის ბოლოს ინფორმაციის, აზროვნების, ინტელექტისა და კომუნიკაციის პლანეტა მერკური მორიელში გადადის. მერკურის ეს ინგრესია სტანდარტული ასტროლოგიური მოვლენა არ იქნება, რადგან ის მთელ რეტროგრადულ მარყუჟს ერთ ნიშანში - ემოციურ, ინტენსიურ, მისტიკურ და რადიკალურ მორიელში გააკეთებს.
30 სექტემბერს, მერკურის მორიელში შესვლით, ჩვენს ცხოვრებაში ზედაპირული ფიქრის, საუბრებისა და ურთიერთობების დრო სრულდება. გონება ძიების რეჟიმში გადადის და სწორედ ის საკითხები აქტიურდება, რაც აქამდე საგულდაგულოდ დამალული იყო. თუმცა, ნამდვილი ფსიქოლოგიური გამოცდა მხოლოდ 24 ოქტომბრიდან იწყება, როდესაც პლანეტა ასტროლოგიური თვალსაზრისით, უკუსვლას იწყებს. რეტროგრადული მერკური გვაიძულებს წარსულის იმ ბნელ ოთახებში შევიხედოთ, სადაც ჩვენი შიშები, კომპლექსები, მოუგვარებელი პრობლემები და ძველი საიდუმლოებები გვაქვს დამარხული.
მენტალური დაძაბულობისგან გათავისუფლება მხოლოდ 13 ნოემბერს ხდება შესაძლებელი. ამ დროს მერკური დირექტიულ მოძრაობას უბრუნდება და მოაქვს კათარსისი. ამ დროს ჩვენ უკვე ვიცით სიმართლე, ვწყვეტთ საკუთარ თავთან დაპირისპირებას და რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად მზად ვართ. ეს რთული, ტრანსფორმაციული ციკლი კი მხოლოდ 6 დეკემბერს სრულდება, როდესაც მერკური მორიელის ნიშანს ტოვებს და მშვილდოსანში გადადის.
ასტროლოგიური ანალიზი
მერკურის მორიელში მოძრაობა ყველაფერში ფარული აზრის ძიებაზე მიუთითებს. ადამიანები სიტუაციებზე ჩუმად დაკვირვებას და გარემოს სკანირებას იწყებენ. ეს აძლიერებს ეჭვიანობასა და უნდობლობასაც. ყველა ის კავშირი, ინფორმაცია თუ მიღწეული შედეგი გადამოწმებას ითხოვს. ის, რაც ადრე იოლი და მარტივი ჩანდა, რთულდება და მეტ ძალისხმევას ითხოვს.
24 ოქტომბრიდან მერკურის რეტროგრადული ფაზა იწყება. ეს კი მიანიშნებს, რომ ის ენერგია, რომელიც ოქტომბრის პირველ-მეორე დეკადაში დაგროვდა და აკუმულირდა, კრიზისის სახით ვლინდება ან ფეთქდება. ყველაფერი ის, რაც აქამდე სიღრმეში იყო და არ ჩანდა, ზედაპირზე ამოტივტივებას იწყებს. საიდუმლოებები მჟღავნდება და ძველი შეცდომები თავს იჩენს. ეს არის წარსულში დაბრუნების და კარმული ვალების გახსენების დრო.
13 ნოემბრიდან მერკური ისევ დირექტიული ხდება და კრიზისი რეგენერაციით იცვლება, ხოლო გადაუწყვეტელი პრობლემები მოგვარებას იწყებს. სიმართლე, რაც არ უნდა მწარე იყოს, გასაგები და რაც მთავარია, მისაღები ხდება. სწორედ ამ გაცნობიერებისა და ნებისყოფის ხარჯზე ვახერხებთ საბოლოო, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.
6 დეკემბრიდან კი, როდესაც ორ თვეზე მეტხნიანი ურთულესი ტრანსფორმაციული მარყუჟი სრულდება, მერკური მშვილდოსანში გადადის. ამ დროს ჩვენ ახალ ჰორიზონტებს უკვე განახლებულები და წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებულები ვხვდებით.
ფსიქოლოგიური ასტროლოგია: შინაგანი დემონები და ტრანსფორმაცია
ამ პერიოდში მთავარი დარტყმა ჩვენს ფსიქიკასა და ინტიმურ სფეროზე მოდის. ეს იმიტომ, რომ მორიელის სიმბოლური მე-8 სახლი სწორედ ფსიქოლოგიურ პროცესებსა და სექსუალურ თემებს მართავს. რეტროგრადული მერკური გვაიძულებს, ჩვენში ღრმად დამარხულ შიშებს, კომპლექსებს, ეჭვიანობასა და ძველ წყენებს თვალი თამამად გავუსწოროთ. ის დესტრუქციული ემოცია, რომელსაც დიდხანს ვმალავდით, ახლა გარეთ გამოსვლას ცდილობს. სიტყვა ბასრი და მჭრელი ხდება - ძლიერდება კატეგორიულობა, რადიკალიზმი, სარკაზმი და სხვისი საიდუმლოებების გაგების მწველი სურვილი. გარდა ამისა, წინა პლანზე გამოდის ძველი, დაუსრულებელი ურთიერთობებიც. განსაკუთრებით ეს ეხება მოუგვარებელ პირად ცხოვრებასა და ფინანსურ ვალდებულებებს. ეს ყველაფერი მოითხოვს ხელახალ გადახედვასა და საფუძვლიან ანალიზს. ეს ძალიან კარგი დროა ფსიქოთერაპიისთვის - საკუთარი ფსიქიკის შესწავლისთვის და განკურნებისთვის.
მუნდანური ასტროლოგია: გლობალური პროცესები და სკანდალები
მორიელს პლუტონი მართავს, რომელიც მიუთითებს მასშტაბზე და გლობალურ პროცესებზე. ასე რომ, მუნდანურ ჭრილში ამ პერიოდში ყველაფრის მასშტაბი მკვეთრად იზრდება და მსოფლიო პროცესები ახალ ფაზაში გადადის. ეს არის სკანდალების, დიდი საიდუმლოებების გამჟღავნებისა და ფარული ომების დრო. აქტიურდებიან სპეცსამსახურები, ხდება ბევრი საიდუმლო ოპერაცია (როგორც მტრების ფარულად განადგურების, ისე საიდუმლო ინფორმაციის მოპარვის), იწყება კომპრომატების ომი და კულუარული საიდუმლოებების გამჟღავნება. ბევრი ძველი საიდუმლო, დანაშაული თუ ფარული მანიპულაციები დღის სინათლეზე გამოდის. საბანკო სისტემები გარკვეულ რყევებს განიცდის. ფინანსებთან დაკავშირებით სერიოზული ცვლილებები ხდება.
ელექციური ასტროლოგია: პრაქტიკული გზამკვლევი
იმისათვის, რომ ეს რთული პერიოდი უმტკივნეულოდ გავიაროთ, კონკრეტული წესების დაცვა აუცილებელია. რეტროგრადულ ფაზაში (24 ოქტომბერი - 13 ნოემბერი) რეკომენდებულია წარსულის ანალიზი, ფინანსური აუდიტის ჩატარება, ძველი ვალების გასტუმრება, ფსიქოთერაპიის დაწყება და ტოქსიკური კავშირების საბოლოოდ გაწყვეტა. ეს კარგი დროა დაკარგული ნივთების ან ინფორმაციის მოსაძიებლად.
ამავე პერიოდში არასასურველია სესხის აღება, სარისკო ინვესტიციების განხორციელება, საკუთარი საიდუმლოებების სხვისთვის განდობა და ახალი სექსუალური ურთიერთობის დაწყება (დიდია მანიპულაციის ალბათობა).
მოლაპარაკებებისთვის, შეთანხმებებისთვის, საბუთების გაფორმებისთვისა და მსხვილი ფინანსური ოპერაციებისთვის სასიკეთო პერიოდი 13 ნოემბრიდან დაიწყება, როცა მერკური დირექტულად დაიწყებს მოძრაობას.
ეს ინგრესია ვისთვის იქნება ყველაზე აქტუალური?
ეს პერიოდი ყველაზე მძაფრად ფიქსირებული ჯვრის ნიშნებზე აისახება. პირველ რიგში, თავად მორიელებზე, რომელთა ცხოვრებაშიც ტრანსფორმაციისა და მნიშვნელოვანი გადაფასებების ეტაპი დგება.
ასევე ძლიერად იგრძნობენ ამ გავლენას კუროები (პარტნიორული ურთიერთობების ღერძზე), ლომები და მერწყულები, რომლებსაც კარიერასა და ოჯახურ სივრცეში ფარულ კრიზისებთან გამკლავება მოუწევთ.
ასევე იმ ადამიანებზე, ვისაც პირად ჰოროსკოპში მორიელის ძლიერი გავლენა აქვთ. მათ ცხოვრებაში გააქტიურდებათ იმ ასტროლოგიურ სახლთან დაკავშირებული სფეროები, რომელსაც კონკრეტულ ჰოროსკოპში მორიელი მართავს.
დასკვნა
6 დეკემბერს, მერკურის მშვილდოსანში გადასვლა ცნობიერების გაფართოებას, ახალი ჰორიზონტების დანახვასა და რეალური თავისუფლების მიღებას მოიტანს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მას შემდეგ მიიღწევა, როდესაც მორიელის „ბნელ სარდაფში“ ჩავალთ, იქ ჩვენს შინაგან დემონებს შევხვდებით და თვალი გავუსწორებთ. რაც ნიშნავს თვითრეფლექსიას და საკუთარი აზრების, ემოციების და მოქმედებების კონტროლს. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს როგორც ფინანსური, ისე მორალური ვალებისგან გავთავისუფლდეთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სოკოთი ინტოქსიკაციის შემთხვევებმა მოიმატა: პირველადი დახმარება მოწამვლის დროს
წყარო: www.patreon.com