ზაფხულში ზღვა და აუზი ყოველდღიურობის სასიამოვნო ნაწილია, თუმცა ხანგრძლივმა კონტაქტმა წყალთან შესაძლოა კანის მდგომარეობაზე გავლენა მოახდინოს.
გთავაზობთ რჩევებს, თუ როგორ დავიცვათ კანი ზაფხულში:
ზღვის წყალი
მარილიანმა წყალმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება, კანი გამოაშროს და გამოიწვიოს დაჭიმულობისა და გაღიზიანების შეგრძნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის დატენიანება, თუ კანი მშრალი ან მგრძნობიარეა.
აუზის წყალი
ქლორიანმა წყალმა შესაძლოა, კანის ბუნებრივი დამცავი ბარიერი დაარღვიოს და გამოიწვიოს სიმშრალე, ქავილი ან გაღიზიანება. ამიტომ აუზიდან ამოსვლის შემდეგ სასურველია სხეულის სუფთა წყლით გადაბანა და დამატენიანებელი საშუალების გამოყენება.
არ დაგავიწყდეთ პირადი ჰიგიენა
აუზის, ზღვის ან საერთო საშხაპეების გამოყენების შემდეგ მიიღეთ შხაპი, კარგად გაიმშრალეთ კანი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კანის ნაკეცებსა და ფეხის თითებს შორის სივრცეს.
დატენიანება და მზისგან დაცვა
წყლის პროცედურების შემდეგ კანს სჭირდება დატენიანება, ხოლო მზეზე ყოფნისას - შესაბამისი SPF-ის გამოყენება და მისი განახლება.
თუ წყლის შემდეგ კანზე ხშირად ჩნდება ძლიერი ქავილი, სიწითლე, გამონაყარი ან სხვა ცვლილება, ნუ უგულებელყოფთ სიმპტომებს - დროულად მიმართეთ დერმატოლოგს.
