Digest Logo

2025 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები და ქართველების წარმატება მსოფლიო ასპარეზზე

1766851200
სპორტული მოვლენები

2025 წელი ქართული და მსოფლიო სპორტისთვის წარმატებებისა და საერთაშორისო აღიარების პერიოდად იქცა. ფეხბურთში, ძიუდოში, ფარიკაობაში, კალათბურთსა და UFC-ში ქართველმა სპორტსმენებმა არაერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება, ტიტული და ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვეს, რითაც საქართველო მსოფლიო სპორტულ რუკაზე კიდევ უფრო გამოკვეთეს. 

„დაიჯესტი“ 2025 წლის მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენებს აჯამებს და მკითხველს ვთავაზობთ, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი ქართველების ბოლო ერთ წელში განვლილ წარმატებას:

ფეხბურთი ⚽

ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია - 2025 წელს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბურ („პსჟ“) დონეზე უმაღლეს შედეგებს მიაღწია, რაც საერთაშორისო მედიისა და ექსპერტების მხრიდან არაერთი აღიარებით დაჯილდოვდა. კვარაცხელია მოხვდა წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სიებში, დასახელდა პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოების ნომინანტად (ოქროს ბურთი) და მისი სახელი აქტიურად ფიგურირებდა ევროპის წამყვანი ტურნირების კონტექსტში.

გიორგი მამარდაშვილი

არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა 2025 წელი გიორგი მამარდაშვილისთვის. ქართველმა მეკარემ სტაბილური და მაღალი დონის თამაშით მოიპოვა როგორც კლუბის („ლივერპული“), ისე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი საყრდენის სტატუსი. გადამწყვეტ მატჩებში შესრულებულმა „სეივებმა“ მას მოუტანა ინდივიდუალური აღიარება და წლის საუკეთესო სპორტსმენთა შორის ადგილი.

ძიუდო 🥋

ლაშა ბექაური

ტრადიციული დომინაცია მსოფლიო ტატამზე, ქართული ძიუდო 2025 წელს კვლავ ლიდერ პოზიციებზე დარჩა. ლაშა ბექაური, ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტი, სეზონის განმავლობაში წარმატებით ასპარეზობდა. იგი 2025 წელს აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ჩემპიონი გახდა.

მისი გამარჯვებები საქართველოს ძიუდოს სკოლის სტაბილურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

ილია სულამანიძე

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ილია სულამანიძემ, რომელმაც 2025 წელს ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელ დოტა არაი დაამარცხა.

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა საკუთარი კატეგორიის ელიტაში დამკვიდრება მოახერხა და მსოფლიო ასპარეზზე ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ სპორტსმენად ითვლება.

ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა.

ქალთა შორის 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში 25 წლის ძიუდოისტმა იაპონელი მომო ტამაოკი იპონით დაამარცხა და პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

UFC –ს ქართული ძალა

ძმები თოფურიები და მერაბ დვალიშვილი

2025 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებული ყურადღების წელია UFC-ში. ოქტაგონზე ქართული დროშა ისევ ლიდერ პოზიციებზე ჩანს, მთავარი ფიგურები კი ილია და ალექსანდრე თოფურიები და მერაბ დვალიშვილი არიან.

ილია თოფურია 

მსოფლიო ელიტაში დამკვიდრებული ქართველი ილია თოფურია 2025 წელს UFC-ის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და განხილულ მებრძოლად რჩება. მისი აგრესიული სტილი, ნოკაუტის ძალა და ფსიქოლოგიური უპირატესობა მეტოქეებზე მას ფანების ფავორიტად აქცევს. თოფურია აგრძელებს ბრძოლას დივიზიონის უმაღლეს საფეხურზე და მისი თითოეული გამოსვლა პირდაპირ გავლენას ახდენს ტიტულის სურათზე.

2025 წელს UFC-ის მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი გახდა. ლას-ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.

ალექსანდრე თოფურია - დებიუტი და გზა დიდ სცენამდე

ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია, 2025 წელს აქტიურად იმკვიდრებს ადგილს UFC-ში. ახალგაზრდა ქართველი მებრძოლი გამოირჩევა დისციპლინით, ტექნიკური ბრძოლითა და სტაბილური პროგრესით. ექსპერტების შეფასებით, ალექსანდრე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალი სახელია, რომელსაც უახლოეს წლებში ტოპ-რეიტინგებში ვიხილავთ.

2025 წლის თებერვალში ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. 29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. 

2025 წლის 22 ნოემბერს კი ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მეორე ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ყაზახი ბეკზატ ალმახანი დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილი

დაუღალავი პრესინგის სიმბოლო მერაბ დვალიშვილი კვლავ რჩება UFC-ის ბანტამწონოს დივიზიონის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. მისი შეუჩერებელი ტემპი, კარდიო და ჭიდაობა მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. 2025 წელს მერაბი აგრძელებს ბრძოლას დივიზიონის უმაღლეს მიზნებზე და თითოეული გამარჯვებით ამტკიცებს, რომ ქართული ჭიდაობის სკოლა UFC-ის ტოპ დონეზეა წარმოდგენილი.

UFC 311 — 18 იანვარი, 2025 დივიზიონური ტიტულის პირველი წარმატებული დაცვა

მერაბ დვალიშვილმა ზედმიწევნით ჩაატარა ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან UFC 311–ზე და 5 რაუნდის შემდეგ იზეიმა მსაჯების გადაწყვეტილებით გამარჯვება. ეს იყო მისი პირველი ოფიციალური ტიტულის დაცვა 2025 წელს.

UFC 316 — 7 ივნისი, 2025 დივიზიონის ტიტულის მეორე წარმატებული დაცვა დვალიშვილმა შეძლო Sean O’Malley-ს დამარცხება.

UFC 320 — 4 ოქტომბერი, 2025 დივიზიონის ტიტულის მესამე წარმატებული დაცვა, მერაბ დვალიშვილმა კორი სენდჰეგენი დაამარცხა. 

UFC 323 — 6 დეკემბერი, 2025 ტიტულის დაკარგვა პიოტრ იანთან ბრძოლაში.

მერაბი პირველი მებრძოლია UFC-ში, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 4 ბრძოლა ჩაატარა.

ფარიკაობა 

სანდრო ბაზაძე

2025 წლის ივლისში კარიერაში პირველად, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე, მამაკაცთა შორის ხმლით ფარიკაობის ფინალში, 31 წლის ბაზაძემ ფრანგი ჟან-ფილიპ პატრისი დამაჯერებლად, 15:9 დაამარცხა.

კალათბურთი

საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ისტორიაში პირველად, 2025 წლის 26 აგვისტოს მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.

რაგბი

2025 წელი ქართული რაგბისთვის კიდევ ერთხელ გამარჯვებების, სტაბილურობისა და საერთაშორისო აღიარების სიმბოლოდ იქცა. „ბორჯღალოსნებმა“ ევროპაში ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს, ხოლო სხვადასხვა ასაკობრივ და ფორმატულ ნაკრებებში საქართველომ თავისი სიძლიერე კვლავ დამაჯერებლად წარმოაჩინა. 

რაგბი ევროპის ჩემპიონატი - მერვედ ზედიზედ ოქრო. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირზე მერვედ ზედიზედ, ხოლო საერთო ჯამში მე-17ედ გახდა ჩემპიონი. „ბორჯღალოსნებმა“ ტურნირის განმავლობაში მაღალი კლასი აჩვენეს და გადამწყვეტ მატჩებში მეტოქეებს მნიშვნელოვანი უპირატესობით სძლიეს. ნახევარფინალში საქართველომ ტრადიციული მეტოქე რუმინეთი დამაჯერებლად დაამარცხა, ფინალში კი ესპანეთთან გამარჯვებით ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს დომინაციას რაგბი ევროპის სივრცეში.

„რკენა“ - მერაბ შარიქაძის დებიუტი შერეულ ორთაბრძოლებში MMA

9 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლემ RKENA-ს პირველ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემაც მიიღო. ქართული რაგბის ლეგენდა, სამოყვარულო MMA-ის სადებიუტო ბრძოლაში პოლონელ პატრიკ კორტნის დაუპირისპირდა და მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლა მერაბის აქტიური დარტყმებით დაიწყო, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მებრძოლი საწყის რაუნდში მალევე დაიღალა, მაგრამ შარიქაძემ შეტევაში აქტიურობა განაგრძო. კორტნი თავიდანვე ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო და მეორე რაუნდში მერაბ შარიქაძემ მეტოქე ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და კარიერაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

„მადლობა ჩემს ყველაზე დიდ გულშემატკივარს, რომელიც სამწუხაროდ დღევანდელ დღეს ვერ მოესწრო, დედაჩემს გაუმარჯოს! ეს გამარჯვება მას ეძღვნება", - განაცხადა შარიქაძემ ბრძოლის შემდეგ.

23 დეკემბერს კი საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

2025 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე საუკეთესოები რვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.

სპორტის სამინისტროს ვერსიით, საქართველოს 2025 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად მოფარიკავე სანდრო ბაზაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა.

საუკეთესოებად დასახელდნენ: 👇

👉 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ვახტანგ ლოლუა (ბერძნულ/რომაული ჭიდაობა)

👉 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი – ანა ჯაფარიძე (პარატაეკვონდო)

👉 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი – გიორგი ქალდანი (ტაეკვონდო)

👉 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – თემურ სამხარაძე (ძალისმიერი სამჭიდი)

👉 წლის საუკეთესო გუნდური სახეობა – ძიუდოს ნაკრები

👉 წლის საუკეთესო გუნდი – ძიუდოს ნაკრები

👉 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

👉 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტმენი – სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა)

ავტორი: ნინი ჭიჭინაძე