Digest Logo

6 წლის ასაკში ოჯახის ორი წევრი თვალწინ მოუკლეს და სახლი გადაუწვეს - „აფრასიძეების კლანის“ გახმაურებული საქმე

1710177340
აფრასიძეები

როგორც ამბობენ, სვანეთში მცხოვრები აფრასიძეების ოჯახის ბევრს ეშინოდა. მათი ლიკვიდაცია კი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მოხდა.

„დაიჯესტი“ გიამბობთ თუ რას საქმიანობდა აფრასიძეების ოჯახი და რატომ ეშინოდათ მათი... 

პირველად სამართალდამცავი ორგანოები უფროსი აფრასიძით 1964 წელს დაინტერესდნენ. ის მკვლელობისათვის იძებნებოდა. ხშირი ოჯახური კონფლიქტების შემდეგ დის ქმარს, გვარად პირველს, ჩაუსაფრდა და მოკლა.

თექვსმეტი წლის განმავლობაში იძებნებოდა ევგენი აფრასიძე.

მან ცოლი, დოდო სიდიანი შეირთო, სამი ვაჟი: შმაგი, გოჩა და ომეხი შეეძინათ. ისინი მშობლიურ სოფელ ეცერში ცხოვრობდნენ.

როგორც პოლიციის პოლკოვნიკი, ვახტანგ ჯაფარიძე იხსენებს, ოთხწლიანი ოპერატიული მუშაობა დასჭირდა, რომ დაახლოებოდა ევგენი აფრასიძეს, რადგანაც საკმაოდ ჭკვიანი იყო და სოფლის მხარდაჭერაც ჰქონდა. ჯაფარიძე ცემენტის გამყიდველად გაეცნო და ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ სპეცჯგუფთან ერთად შეძლო მისი მოტაცება.

ევგენის უმცროსი ვაჟი ომეხი, პირველად 1990 წელს მკვლელობისათვის რუსეთში დააპატიმრეს.

ორენბურგის სასამართლომ ექვსი წელი მიუსაჯა. იქიდან 1991 წელს თბილისში გადმოიყვანეს და საგარეჯოს კოლონიაში უნდა მოეხადა სასჯელი, მაგრამ ომეხი ციხიდან გაიქცა. კარგა ხანს იძებნებოდა, შემდეგ კოლონიები გაუქმდა და ძებნა მოეხსნა.

1992-93 წლებში რუსეთ-საქართველოს ომი იყო აფხაზეთში. როგორც ცნობილია, ამ პერიოდისათვის აფრასიძეებს თავიანთი სახლები ციხესიმაგრეებივით ჰქონდათ გამაგრებული.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ აფხაზეთიდან სვანეთის გზით გამოსული იარაღის, ქონებისა და მანქანების დიდი წილი სწორედ აფრასიძეების „საბაჟოს“ გადიოდა და ყველაფერი იქ რჩებოდა.

ამრიგად, ისინი დიდძალი არსენალის პატრონები გახდნენ. ამბობდნენ, მათი შიშით სვანეთს ჩიტიც ვერ გადაუფრენსო…

აფრასიძეების კლანის სამათეულწლიან კრიმინალურ ისტორიაში არა ერთი სისხლიანი გვერდი და ადამიანების უბედურებაა.

1994 წელს აფრასიძეებს აფხაზეთიდან გადმოყვანილი მანქანა სახლიდან მოჰპარეს. მას ბეჩოში, უშხვანების სახლში მიაგნეს. აფრასიძეებს მანქანა არ დაუბრუნეს უშხვანებმა. განაწყენებული ევგენი და მისი ერთ-ერთი ბიჭი უშხვანებს სახლში შეუცვივდნენ. შელაპარაკებას ჩხუბი და ორმხრივი სროლა მოჰყვა. აფრასიძეებმა მოკლეს გოჩა და ლაშა უშხვანები, ასევე ასლან არღვლიანიც. ამ დანაშაულის შემდეგ სამი გვარი ერთმანეთს გადაემტერა…

აფრასიძეებს მესტიის პროკურორ ბუთული მჭედლიანის გატაცებაშიც სდებდნენ ბრალს. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიის სამსახური ნარკოტიკული საშუალებების გასანადგურებლად სვანეთში სპეცოპერაციას ატარებდა.

პოლიცელებმა მესტიაში ომეხი დაიჭირეს. ევგენიმ პოლიციას შეუთვალა, ჩემს შვილს თუ არ გაათავისუფლებთ, ძვირი დაგიჯდებათო. პოლიცია გაჯიუტდა, არ წავიდნენ ულტიმატუმზე. ევგენიმ ტყვიამფრქვევი შარაგზაზე გამოიტანა და ჩაუსაფრდა, რათა პოლიციისათვის სვანეთიდან ომეხის წაყვანის საშუალება არ მიეცა.

პოლიციის მანქანა სვანეთს ვერანაირად ვერ დატოვებდა აფრასიძეების სახლთან გაუსვლელად. ამ დაძაბულ დროს გამოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შვეულმფრენი. ევგენიმ ჩათვალა, რომ ამ გზით მიჰყავდათ ძალოვნებს თავისი შვილი და შვეულმფრენს ცეცხლი გაუხსნა. ძალოვნებმა უკან დაიხიეს, შვეულმფრენი თბილისში დაბრუნდა. სწორედ ამის შემდეგ ევგენიმ პროკურორი მძევლად აიყვანა და შვილში გაცვალა.

სვანეთში აფრასიძეებზე გადამტერებული მორიგი გვარი ვიბლიანებისა იყო. ევგენიმ შელაპარაკების შემდეგ სამი შვილის მამა, ჯიუდონ ვიბლიანი, ცოლის თვალწინ მოკლა. როგორც სვანები ამბობენ, ამ მკვლელობამ სახელი გაუტეხა ევგენის, რადგანაც ვიბლიანი სამაგალითოდ წესიერი ადამიანი იყო. ამავე დროს გაზარდა შიში უბრალო მოსახლეობაში. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ აფრასიძეებს ადამიანის მოკვლა არაფრად უღირდათ.

1994 წელს ყაჩაღობისთვის დააკავეს ახალგაზრდების ჯგუფი. მათ შორის გოჩა აფრასიძე. როგორც იხსენებენ, ის ბიძასთან იყო შეფარებული მოტაცებულ არასრულწლოვან გოგოსთან ერთად.

გამომწვევად იქცეოდა, რადგანაც დარწმუნებული იყო ეს დანაშაულიც ისე ჩაივლიდა როგორც სხვა უამრავი.

მათ გაიტაცეს გაეროს თანამშრომელი, ბიზნესმენი ფილფანი, გვიჩიანის თოთხმეტი წლის ვაჟი და სხვა. მძევლებში თხოულობდნენ და იღებდნენ დიდძალ გამოსასყიდს.

პირადად ევგენი აფრასიძე განსაკუთრებით ფრთხილობდა. დღეში რამდენჯერმე პირადად ჩამოივლიდა საგუშაგოებს, ხოლო ღამით სპეციალური ღამის ხედვის მოწყობილობას ირგებდა, დრაგუნოვის სნაიპერულ შაშხანას იღებდა და გარემოს ზვერავდა.

მეზობლები და ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ არ ყოფილა შემთხვევა, ევგენი აფრასიძეს ეს პროცესი დაერღვია ან თავისი მთავარი პრინციპისთვის ეღალატა-არც ერთი წვეთი ალკოჰოლი. სამაგიეროდ, მამისგან განსხვავებით, ბოჰემურ ცხოვრებაზე უარს არ ამბობდნენ შვილები, განსაკუთრებით გოჩა და ომეხი.

მამის შიშით მოსახლეობა ხმას ვერ იღებდა, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ ძმები წმინდა წყლის ყაჩაღები იყვნენ. განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით ძმებში ომეხ აფრასიძე გამოირჩეოდა. იგი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელიც იყო და მუდამ გააჩნდა წყარო, რომელიც მას ჰეროინით ამარაგებდა. ძალიან უყვარდა ოქროს სამკაულები და მათ დემონსტრირებასაც არ ერიდებოდა. ძებნილობის პერიოდში იგი ხშირად ჩნდებოდა ხალხში და ხაზს უსვამდა, რომ არავისი ეშინია. ცნობილია, რომ სწორედ ომეხ აფრასიძეს გადასცეს კალაძეებისგან აღებული 200 000 დოლარი.

დიახ, მათ მიერ გატაცებულ მძევლებში ბოლო, 2003 წელს გატაცებული კახა კალაძის ძმა, ლევან კალაძე იყო. აფრასიძეები 2003 წლის ივნისში დაუკავშირდნენ მამას, კარლო კალაძეს და მოსთხოვეს შვილის სანაცვლოდ 200 000 დოლარი.

კალაძეებმა თანხა გადაიხადეს, მაგრამ ლევანის კვალი დაუდგენელი დარჩა.

2004 წლამდე აფრასიძეების კლანის წინააღმდეგ სამხარეო მილიციის მიერ რამდენჯერმე ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაციები, რომლებიც ყოველ ჯერზე პოლიციელების დახოცვით მთავრდებოდა.

2003 წელს „ვარდების რევოლუციით“ ხელისუფლებაში მოსულმა მთავრობამ თავის პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთ პირველად კრიმინალთან ბრძოლა დასახა.

ცხადია, მათი ყურადღების ცენტრში მოექცა დასავლეთ საქართველოში გამეფებული აფრასიძეთა კლანი. ამასთან, თითქმის ყოველდღე კახა კალაძე და მამამისი კარლო კალაძე იმყოფებოდნენ მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი ბარამიძესთან თხოვნით, დახმარებოდნენ მძევლობაში მყოფი ლევან კალაძის დახსნაში.

2004 წლის 23-24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიგეგმა სპეცოპერაცია აფრასიძეების კლანის გასანეიტრალებლად. რომლის შესახებ როგორც წყარო გვატყობინებს, აფრასიძეებს ჰქონდათ ინფორმაცია, რადგანაც პირველივე შვეულმფრენის გამოჩენისთანავე ტყვიამფრქვევიდან გაუხსნეს ცეცხლი. დააზიანეს კიდევაც.

სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ გულუას სახელობის სპეცრაზმი, მეთაური პოლკოვნიკი ქაჯაია, ანტიტერორისტული ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილებიდან დაჯგუფებები, დაახლოებით ათასამდე კაცის შემადგენლობით.

11 შვეულმფრენით, სოფელ ეცერის თავზე, დილის 7 საათზე გამოჩნდა. იმდორინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი ბარამიძის და სპეცოპერაციაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა მონათხრობით, აფრასიძეებმა შვეულმფრენებს ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან ჰაერშივე გაუხსნეს, რამდენიმე ტყვია მოახვედრეს და დააზიანეს კიდეც. დაიჭრა ერთი სპეცრაზმელი.

თვითმხილველთა თქმით, სროლები სახლიდან ისმოდა. ორმოცწუთიანი ფაქტობრივი ორთაბრძოლის შემდეგ, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სროლების შედეგად გარდაიცვალნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები. მძიმედ დაჭრილი შმაგი და გოჩა აფრასიძეები და მათთან თავშეფარებული ერთი ძებნილი, ეროვნებით რუსი, ვინმე მურავიოვი, ეცერში დაკავებულ სხვა პიროვნებებთან ერთად, სამართალდამცველებმა ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.

მესტიის პროკურორის მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ავტომატები, ტყვიამფრქვევები და სხვა შეიარაღება.

პროკურორის თქმით, აფრასიძეების სარდაფში დიდძალი ტყვია-წამალი და ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო, რომლებიც სროლების დროს აფეთქდა და სახლი დაიწვა. ევგენი აფრასიძეც სწორედ ამ აფეთქების დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის მონაწილეები იხსენებენ, რომ სროლების დამთავრების შემდეგ ორი საათის განმავლობაში სახლთან ვერავინ მიდიოდა, რადგანაც შიგნით მომარაგებული ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა ფეთქდებოდა.

„ერთ-ერთ ვერტმფრენს, სადაც 11 სპეცრაზმელი იჯდა, იმ სახლიდან (თუ საიდანღაც, რომელიღაც ადგილიდან, რომელსაც თვითონ აკონტროლებდნენ) ესროლეს და მფრინავმა, სხვათა შორის, ჯილდოც მიიღო, რადგან ვერტმფრენის უსაფრთხოდ დასმა მოახერხა.

იქ იყო ომი, რადგან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას იმ ადამიანებმა. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენები დავაპატიმრეთ“- ასე იხსენებს თავად გიორგი ბარამიძე სპეცოპერაციის დეტალებს და აბსურდულს უწოდებს აფრასიძეების ოჯახის წევრების მტკიცებას იმის თაობაზე, თითქოს ცეცხლმოდებული სახლის წინ იდგა და ხელებს ითბობდა და ბავშვის ველოსაპედი ცეცხლში შეაგდო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოპერაციის შედეგად, ოფიციალური ვერსიით, ევგენი აფრასიძის გვამი ალმოდებულ სახლში დაიწვა. ბავშვები და ქალები არ დაზარალებულან.

სხვა აყვანილებთან ერთად, დააკავეს რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ მურავიოვი, რომელსაც რუსეთის მილიცია ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან ეძებდა. გოჩა მძიმედ დაიჭრა, ის და მისი ძმა შმაგი დააკავეს და გაასამართლეს. გოჩა აფრასიძეს მიესაჯა 19 წელი, შმაგის - 17 წელი.

დაისაჯონ თანამდებობის პირები, რომლებმაც გადაამეტეს საკუთარ სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ამ ადამიანებზე განახორციელეს ტერორი.

სვანეთში მოკლული აფრასიძეების ოჯახის გადარჩენილი წევრები დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული შმაგი აფრასიძის ქალიშვილს, ლედი აფრასიძეს, კარგად ახსოვს, როგორ დაიწყო შეიარაღებული შტურმი მათ საცხოვრებელ სახლზე, გოგო იმ დროს 6 წლის იყო, მაშინ, ლედის გარდა, სახლში კიდევ სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა. ლედი აფრასიძე „შტრუმის დღეს“ იხსენებს:

„სპეცოპერაციის დროს 6 წლის ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვცდილობდი დამევიწყებინა ეს ყველაფერი, ძალიან რთულია... დღემდე ჩამესმის ბაბუაჩემის ხმა, რომელიც ხელებაწეული აივანზე გამოსული განწირული ყვიროდა, ცეცხლი შეეწყვიტათ, რადგან სახლში ბავშვები ვიყავით.

იმის ნაცვლად, რომ მათ სროლა შეეწყვიტათ, პირიქით, აგრძელებდნენ, უფრო დიდი ცეცხლი გახსნეს. ისროდნენ ჩვენი სახლის მიმართულებით, სწორედ იქ სადაც ბავშვები ვიყავით. არავინ იყო დამნაშავე, ერთადერთი ძებნილი, რომელიც ჩვენს ოჯახში იმყოფებოდა, ომეხი იყო, რომლის დაჭერაც ნებისმიერ დროს შეეძლოთ, რადგან მთელ სვანეთში თავისუფლად გადაადგილდებოდა. თუმცა, მათი მიზანი ეს არ იყო, მათი მიზანი ჩვენი ოჯახის განადგურება იყო.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ბარამიძემ ჩვენი ოჯახი გაანადგურა“, - იხსენებს ლედი აფრასიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ მოვამზადოთ „ბეილისი“ სახლის პირობებში

🎥 ცნობილია სიმღერა, რომლითაც ნუცა ბუზალაძე ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

🎥 „აი, სადაც ეს ქალი ასწავლის, ის სკოლა დასახური და დირექტორი დასაჭერია... ბოლომდე უყურეთ“ - ვისზე წერს ადვოკატი ლევან ჭელიძე