
თეოლოგი, მთარგმნელი, ასტროლოგი და ფილოსოფოსი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ და საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ანტარქტიდაზე, ჰიპერბორეაზე, ძველ რუკებზე და ეზოტერულ ცივილიზაციებზე საუბრობს.
ლობჯანიძე ყურადღებას ამახვილებს ბოლო პერიოდში ანტარქტიდაზე ჩატარებულ მეცნიერულ ექსპერიმენტებზე, საიდანაც, მისი თქმით, რადიოტალღური სიხშირეების დაფიქსირება მოხდა.
იგი ანტარქტიდას განიხილავს როგორც კონტინენტს, რომელიც გარე სამყაროს მოწყვეტილია და ასობით საიდუმლოს ინახავს.
„ამ დღეებში მეცნიერებმა ანტარქტიდაზე ჩაატარეს ცდები, საიდანაც რადიოტალღური სიხშირეები დაიჭირეს.
საერთოდ, რა ფენომენია ანტარქტიდა, საიდან იღებს მისი განვითარება სათავეს და რა ცივილიზაციაა მანდ ჩაძირული, ამ პოსტში, სწორედ ამაზე მექნება საუბარი:
ესაა კონტინენტი, რომელიც ყველაზე ბოლოს აღმოაჩინეს. ანტარქტიდა გარე სამყაროს სრულებით მოწყვეტილია. საშუალოდ, ტემპერატურა -55 გრადუსია და რა თქმა უნდა, უამრავ საიდუმლოს ინახავს.
ამ კონტინენტს უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტიც:
მაგალითად, არსებობს თუ არა „ლოხნესის” ურჩხული, თუ უბრალოდ მითია? ეს არა შოტლანდიაში, არამედ, ანტარქტიდაზე უნდა ვეძებოთ, ექსპედიციამ აღმოაჩინა გაქვავებული არსება, რომელიც მას ძალიან ჰგავს. პირველად ეს აღმოჩენა 1989 წელს გაკეთდა, თუმცა მერე მიხვდნენ რომ ერასმოზავრი აღმოაჩინეს. სიგრძეში 12 მეტრი იყო და 15 ტონას იწონიდა. მანდ ბინადრობენ უიშვიათესი ჯიშის არსებები, წყალმცენარეებიც კი განსხვავებულია.
ეზოტერიკულ ნიადაგზე თუ ჩვენ გადავხედავთ უძველეს თეოსოფიურ წყაროებს, ნახავთ, რომ ჩრდილოეთ პოლუსისკენ ცხოვრობდა თეთრი რასა, მაშინ გეოგრაფიულად არქტიკა თავისუფალი იყო ყინულისგან.
მითოლოგიურად ჰიპერბორეა მდებარეობდა ზუსტად მაგ პოლუსისკენ, ესაა პოლარული უძველესი კონტინენტი, პირველი ან მეორე ფესვური რასის საცხოვრებელი.
მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერბორეელები მსოფლიოს ცივ ნაწილში მდებარეობდნენ, მზიან, ზომიერ და ღვთაებრივად კურთხეულ მიწაზე ბინადრობდნენ. ისტორიის მრავალ ვერსიაში, ისინი რიფანის მთების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, რაც მათ ცივი ჩრდილოეთის ქარისგან იცავდათ.
უძველესი მითები მათ აპოლონის ფავორიტებად წარმოაჩენს, ხოლო ზოგიერთი ძველი ბერძენი მწერალი ჰიპერბორეელებს, დელოსსა და დელფოში აპოლონის სალოცავების მითურ დამაარსებლებად მიიჩნევდა.
ადრეული წყაროებიდან: ჰეროდოტე ჰიპერბორეას დეტალურად მოიხსენიებს.
უძველესი წყარო, ჰეროდოტეს „ისტორიები“ (წიგნი IV, თავები 32–36), თარიღდება დაახლოებით ძვ. წ. 450 წლით.
ჰეროდოტემ სამი ადრეული წყარო მოიხსენია, რომლებიც სავარაუდოდ ჰიპერბორეელებს ახსენებდნენ, მათ შორის ჰესიოდეს და ჰომეროსის, ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, ჰიპერბორეას შესახებ თავის დაკარგულ ნაშრომში „ეპიგონი“ წერდა.
„პინდარი“ თებეს ლირიკული პოეტი და ჰეროდოტეს თანამედროვე, მეათე პითიურ ოდაში აღწერს ჰიპერბორეელებს და მოგვითხრობს პერსევსის მათკენ მიმავალ მოგზაურობაზე.
ძვ.წ. V საუკუნის სხვა ბერძენი ავტორები, როგორიცაა სიმონიდეს კეოსელი და ჰელანიკე ლესბოსელი, თავიანთ ნაშრომებში აღწერდნენ ან მოიხსენიებდნენ ჰიპერბორეელებს.
ჰიპერ - „ზე“, ზემო, ხოლო „ბორეას - ჩრდილოეთის ქართანაა ასოცირებული.
ანტარქტიდის ქვეშ მთის მასები, ვულკანები და სხვადასხვა კლდოვანი სტრუქტურებია. ზოგიერთი თეოსოფიური სკოლა მიიჩნევს, რომ ჰიპერბორეელები ტელეპათიურ ენერგიაზე დამყარებული ცივილიზაცია იყო.
ძალიან საინტერესოა, რომ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდა ოსმალი კაპიტანი „პირი რეისი“, რომელმაც 1513 წელს შემოგვთავაზა რუკა. იგი გაკვირვებით ზუსტად ასახავს სამხრეთ ამერიკისა და სავარაუდოდ, ანტარქტიკის კონტურებს - წინასწარ ყინულით დაფარვამდე. ამ რუკას საფუძვლად უნდა ედოს გაცილებით ძველი წყაროები.
რუკაზე ჩანს კონტინენტი, რომელიც საოცრად ჰგავს ანტარქტიკის სანაპიროს, ოღონდ ყინულის გარეშე, რაც დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს.
თავად პირი რეისი კი ამბობს, რომ რუკა შედგენილია ძველი წყაროებისგან, მათ შორის ბერძნული, არაბული და ინდოელი მეზღვაურების რუკების სინთეზიცაა ნაშრომში ჩადებული.
„ჩარლი ჰაპგუდმა“ კი შექმნა ჰიპოთეზა, რომ ამ რუკის საფუძველზე ანტარქტიკა ადრე მდებარეობდა სხვა გეოგრაფიულ პოზიციაში და დრამატული დედამიწის პოლუსების გადაადგილებით აღმოჩნდა დღევანდელ ყინულოვან ადგილას.
ეზოტერიკული ინტერპრეტაციით - ანტარქტიკა იყო ცნობადი და დასახლებული ტერიტორია პრეისტორიულ ხანაში.
ეზოტერიკული ლიტერატურით - ჰიპერბორეა იყო სიწმინდის, სიბრძნის და ჰარმონიის მიწა, სადაც ცოცხალი არსებები უღრუბლო ცაში, მარად მზის შუქში, უკვდავებითა და შინაგანი ცნობიერებით ნეტარებდნენ.
ანტარქტიკა საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ დაკარგული ცივილიზაციის შთამომავლობის ადგილია.
მიწისქვეშა ქალაქების და ენერგეტიკული ქსელის ნაწილი, მაგალითად „აგართას ქსელი, შამბალას მსგავსად“ და ა.შ. ესაა ქვეცნობიერი ჩანაწერების ადგილი, სადაც ცოდნა ჯერ კიდევ ინახება კოსმოსურ ან გეომაგნიტურ დონეზე.
„ა.ლედბიტერი“ გადმოგვცემს, რომ ჰიპერბორეელები მიეკუთვნებოდნენ არა მატერიალურ, არამედ, ეთერული მასის არსებებს. ძირითადად, ასტრალურ-ენერგეტიკულ ფორმაში არსებობდნენ. ისინი ტელეპათიურად საუბრობდნენ და არ სჭირდებოდათ ვერბალური მეტყველება. მათი გონებრივი დონე იმდენად მაღალი იყო, რომ დრო და სივრცე მხოლოდ ფარდობითობას წარმოადგენდა.
ფიზიკური სტრუქტურით იყვნენ: მაღალი, ქათქათა კანისფერი, ხშირად, აღწერენ, როგორც ნათელმოსილი თვალების მქონე არსებებს.
ზოგიერთი წყარო დღესაც ვარაუდობს, რომ ანტარქტიკაზე ღრმა ქანებში, არის საიდუმლო შესასვლელი აგართას ქსელში. გერმანული ოკულტიტსტები (თულეს საზოგადოება) ეყრდნობა ამ მოსაზრებას.
რეალურად, რატომ დაისაჯნენ ისინი და რა მოხდა?
მათ ჰქონდათ ტელეპატიური ნიჭები, კარგად არჩევდნენ თუ სად გადიოდა ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, თუმცა გარკვეული დროის მერე ყველა რასამ, რომელიც ცხოვრობდა დედამიწაზე, დაივიწყა ღვთიური კანონები, ამიტომ ხდებოდა ხან ომები, ხან წარღვნა, ხან სხვადასხვა სახის სასჯელი.
ახალმა აღთქმამ კი ყველაფერი ნათლად გვიჩვენა - ვინცაა ერთადერთი ღმერთი და რაც იხსნის კაცობრიობას!
დანარჩენი ამბები, ეს უკვე კვლევის საგანია, დიდი ალბათობით, ბევრი ექსპედიცია გაემართება სამომავლოდ ანტარქტიდისკენ და ეცდებიან ადგილის შესწავლას, რასაც ახალი აღმოჩენებიც მოჰყვება“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „როცა მშვიდობა მშვიდობაცაა, თავისუფლება სიყვარულს უერთდება...“ - გია მურღულია