
პოეტური ჩანაფიქრით და ფილოსოფიური სიღრმით გამოირჩევა გია მურღულიას ახალი ჩანაწერი, რომელიც სოციალური ქსელში თავად გაავრცელა.
„ყმაწვილობა მოიცავს ბავშვობას.
ჭაბუკობა მოიცავს ყმაწვილობასა და ბავშვობას.
ახალგაზრდობა მოიცავს ჭაბუკობას, ყმაწვილობასა და ბავშვობას.
ჭარმაგობა მოიცავს ახალგაზრდობას, ჭაბუკობას, ყმაწვილობასა და ბავშვობას.
ხანდაზმულობა მოიცავს ჭარმაგობას, ახალგაზრდობას, ჭაბუკობას, ყმაწვილობასა და ბავშვობას.
მოხუცებულობა მოიცავს ხანდაზმულობას, ჭარმაგობას, ახალგაზრდობას, ჭაბუკობას, ყმაწვილობასა და ბავშვობას.
ერთ ადამიანში შესანიშნავი შვიდეულია.
დაბადებიდან დასასრულამდე ეს შვიდი სახე ქმნის კაცის ცხოვრებას.
ეს „მეს“ ერთარსება შვიდეულია – სულის მოძრაობა დროში.
ერთ მშვენიერ დღეს ის წუთისოფლით იღლება და ზესთასოფელს მიაშურებს – საწყის და საბოლოო მარადისობას.
მარადისობას არც დრო აქვს და არც მასში დამქანცველი მოგზაურობა.
მარადისობა ბევრი დრო კი არა – ზედროა.
წუთისოფლის საგზალი სიყვარულია.
ის არის მარადისობის ხიდზე კაცის გადამყვანიც.
და დამახსოვრების ღირსიც სწორედ ის არის:
ვინც სულით, გონებითა და გულით სიყვარულს ატარებს – ღმერთთან ერთად დადის.
ხოლო ვინც ღმერთთან ერთად დადის, იმას არაფრის ეშინია – არც წუთისოფლის და არც მარადისობის.
მოხუცში ბავშვი იცინის, როდესაც ამას ხვდება.
თავის სიბერესაც უცინის და მარადიულ ბედნიერებასაც,
რომელსაც მხოლოდ ის ახსოვს, რაც ადამიანში ღირსების დაბადების ღირსია.
როცა მშვიდობა მშვიდობაცაა –
თავისუფლება სიყვარულს უერთდება“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მამა წყალში გადახტა, რათა გადაერჩინა ქალიშვილი, რომელიც საკრუიზო გემიდან ოკეანეში გადავარდა