4 თებერვალს ცეცხლოვანი ცხენის ენერგია ოფიციალურად შემოვიდა სამყაროში.
პოდკასტის „ცის სარკე“ პირველი სტუმარი ყველასთვის საყვარელი ადამიანი, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გახლდათ, სადაც წამყვანთან ერთად ცხენის ბუნებაზე, მის საოცარ თვისებებსა და იმ შინაგან ძალაზე ისაუბრა, რომელსაც ეს დიდებული ცხოველი ატარებს.
როგორია რეალური ცხენი და რა უნდა ვისწავლოთ მისგან, რომ 2026 წელი წარმატებული იყოს? - პასუხებს ვიდეოში იპოვით!👇
„ძალიან ბევრი საკითხები ცხოველებზე რაც ჩვენ წარმოგვიდგენია, არ არის ხოლმე რეალობასთან ახლოს და ეს უბრალოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია, ვცდილობთ, ადამიანური თვისებები მივაწეროთ ცხოველებს, რომლებსაც შეიძლება რაღაც მსგავსება ჰქონდეს, მაგრამ მათ აქვთ თავიანთი სამყარო და განსხვავებულად უყურებენ ამ სამყაროს, ვიდრე ჩვენ.
იმისთვის, რომ გავიგოთ, რას ფიქრობს ცხოველი, თავი მის ადგილზე უნდა წარმოვიდგინოთ, შევისწავლოთ მისი ქცევა, სამყარო. ბევრი საკითხი არ არის გარკვეული.
ცხენები ენერგიას გრძნობენ თუ არა ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ხასიათს ყოველთვის გრძნობენ. ბიოლოგიური მექანიზმები აქვს, რომელთა ნაწილი არ აიხსნება. მაგ: როდესაც გამოუცდელი მხედარი ჯდება ცხენზე, რომელსაც ეშინია, ამას ცხენი ძალიან კარგად გრძნობს და იქცევა ისე, როგორც შესაფერისია, ანუ ცდილობს, მალე მოიშოროს გამოუცდელი მხედარი.
- არსებობს თუ არა ცხენებში ლიდერის ფენომენი?
ეს არის ტერმინი, რომელიც ადამიანის სოციუმისთვის არის გამოყენებული და ცოტა რთულია, გამოვიყენოთ ცხოველთა სამყაროში. გვაქვს ტერმინები: ალფა. იერარქია საკმაოდ კარგად არის გამოხატული, რა თქმა უნდა, ჰყავთ წინამძღოლი. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ლიდერი არის, მაგრამ ის მართავს ჯგუფს და არ მიისწრაფვის სხვა რაღაცებისკენ. მასზეა დამოკიდებული ჯგუფის გადარჩენა.
- ცხენის ყოველდღიური რიტმი სწრაფია?
სისწრაფე მისი თავდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღია. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ცხოველია, მას თავი შეუძლია დაიცვას კბილებითაც, ფეხებითაც, მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავდაცვითი იარაღი არის სისწრაფე.
ცხენი დაახლოებით 70 კმ/სთ ავითარებს და არც ისე ბევრი მტაცებელია, რომელსაც ასეთი სიჩქარის განვითარება შეუძლია. ფიზიკური ძალა, სისწრაფე არის მისთვის მნიშვნელოვანი.
- აქვთ თუ არა განსხვავებული თვისებები ფერების მიხედვით?
წითელი ცხენი ბუნებაში არ არსებობს. ცხენებს თავისი შეფერილობა აქვს, რასაც თავისი ტერმინებიც აქვს. ეს განსაკუთრებით შეეხებათ შინაურ ცხენებს. ამ შემთხვევაში ფერების დიდი დიაპაზონი გვაქვს, არიან ჭრელები, პალომინო, ჩალისფერი, თეთრი. გარეულში უფრო ერთი შეფერილობის არიან, ჩალისფერი, შავი.
შინაურ ცხენებში ფერები გარკვეულ ხასიათთან არის დაკავშირებული. მაგ: აგრესია ზოგ შემთხვევაში ფერთან არის შეჭიდებული, ანუ ამას ერთი და იგივე გენი არეგულირებს. ზოგადად თეთრი ფერი უფრო ნაკლებად მდგრადია, ამას ბიოლოგიური საფუძველი აქვს, უფრო სუსტები არიან.
ითვლება, რომ სისწრაფე არის შეჭიდებული მოწითალო ფერთან“, - ამბობს ზურაბ გურიელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: