სადღესასწაულო დღეები, როგორც წესი, ბევრი ადამიანისათვის შეცვლილ ცხოვრების წესთან ასოცირდება. მივირთმევთ სხვადასხვა მაღალკალორიულ კერძსა და ტკბილეულს, ალკოჰოლს, რის გამოც, ხშირად ვიმატებთ წონაში, ასევე გვაქვს გადაღლილობის, სიმძიმის შეგრძნება და ჩვეული რუტინის დაბრუნება გვიჭირს. დღეს გაგიზიარებთ 3 დეტოქს-კოქტეილის რეცეპტს, რომლებიც დაგეხმარებათ, ახალი წლის შემდეგ მარტივად ჩადგეთ ფორმაში და ცხიმის წვასაც ხელი შეუწყოთ:
შეგიძლიათ, დაამზადოთ სასმელი ბროკოლით, ჯანჯაფილით, ლიმონით ან ნიახურით და დაამატოთ ნებისმიერი ფოთლოვანი მცენარე - რუკოლა, ისპანახი, აისბერგი ან სხვა. ეს პროდუქტები ღვიძლის მუშაობას ხელს შეუწყობს და დეტოქსიკაციის პროცესებს გააუმჯობესებს. ასევე, შეგიძლიათ, დაამატოთ ჯანსაღი ცხიმის წყაროებიც ავოკადოს, ქოქოსის სახით. შესანიშნავი პროდუქტია კურკუმა, დარიჩინი, მუსკატის კაკალი.
კენკრა ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების წყაროა. ამიტომაც, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მოცვი, ჟოლო, ან ნებისმიერი გაყინული კენკრა. სასმელს ასევე შეგიძლიათ, დაუმატოთ კივი, ვაშლი, ანანასი.
დეტოქს-წვენის რეცეპტი
დაგჭირდებათ:
2 ჭარხალი;
2 ვაშლი;
ნიახურის 2 ღერი;
დაახლოებით, 2 სანტიმეტრი ზომის ჯანჯაფილის ბოლქვი.
მომზადება:
თითოეული ინგრედიენტი წვენსაწურში გაატარეთ, კარგად აურიეთ და მიირთვით.
პინავოკადო
დაგჭირდებათ:
2 ნაჭერი ანანასი;
1 ცალი ავოკადო;
200 მლ ქოქოსის რძე;
1 კონა ისპანახი;
მწიკვი კურკუმა.
მომზადება:
გაასუფთავეთ ინგრედიენტები, დააბლენდერეთ და გემრიელად მიირთვით.
დეტოქს-ლიმონათი
დაგჭირდებათ:
1 კონა პიტნა;
როზმარინის რამდენიმე ფოთოლი;
1 ლიმონი;
½ გრეიპფრუტი.
მომზადება:
ლიმონი და გრეიპფრუტი დაჭერით პატარა ნაწილებად. მწვანილი კარგად გარეცხეთ. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სასურველ ჭურჭელში და დაასხით წყალი. დააყოვნეთ ცოტა ხნით და შემდეგ მიირთვით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მოერიდეთ ქორწინებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, თმის შეჭრას“ - კვირის დღეების ასტროპროგნოზი
წყარო: www.beaumonde.ge