ბიოენერგეტიკოსი, აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი და ფსიქოენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი მამუკა მანგოშვილი სოციალურ ქსელში ხეების ენერგეტიკულ თვისებებზე წერს და განმარტავს, როგორ შეუძლიათ ხეებს, ბუნებრივი ძალებით ადამიანისთვის როგორც ენერგიის მიმღებად, ისე ენერგიის გამამკვირვებლად იქცნენ.
მისი თქმით, ყველაზე ძლიერი ენერგოპოტენციალი აქვს მუხას, ფიჭვს, აკაციას, ნეკერჩხალს, არყის ხეს, კედარს, წაბლს და წიფელს, განსაკუთრებით იმ ხეებს, რომლებიც ბუნებაში სხვა ხეებთან 6–10 მეტრის მანძილზე დგანან.
მანგოშვილის სპეციალური რეკომენდაციები შეეხება ხესთან ენერგეტიკული მუშაობის მეთოდებს, როგორიცაა: ენერგიის შევსება, მზრუნველობის მიღება და ხის სხვადასხვა მხრიდან მიდგომა კონკრეტული მიზნებისთვის - ენერგიის აღსადგენად, სტრესის დასამშვიდებლად ან კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად.
„ხეებთან ურთიერთობა მათ ენერგიასთან მუშაობაა.
ყველაზე მძლავრი და სასარგებლო ენერგოპოტენციალი აქვს მუხას, ფიჭვს, აკაციას, ნეკერჩხალს, არყის ხეს, კედარს, წაბლს, წიფელს და ა.შ. - ისეთ ხეებს, რომლების ირგვლივ 6–10 მეტრის მანძილზე ბუნებაში სხვა ხე არ უდგას გვერდით.
ხოლო ისეთი ხეები, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს დგანან და ვარჯს ქმნიან, ასეთები ენერგიის დიდ მარაგს არ ფლობენ.
ვამპირებია: თხილი, იასამანი და სხვა ისეთი ხეები, რომლებსაც თავის ირგვლივ პატარა ბუჩქებისა და ხეების სახით ბლომად მეზობლები ჰყავს.
წიწვოვანი ხეები ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი სპეციფიკისაა და საწოლის ქვეშ დებდნენ ხოლმე მათ ტოტებს. განსაკუთრებით გაზაფხულზეა კარგი ბუნებაში სიარული, რადგან ამ დროს ბუნება იღვიძებს და ხეებიც განსაკუთრებულ, გამაჯანსაღებელ ენერგიას აფრქვევენ ირგვლივ.
ენერგიის მიხედვით დაყოფა დონორისა და ვამპირის ნიშნით არ ნიშნავს, რომ ვამპირი ხეები ცუდია; ისინი მშვენივრად გვეხმარებიან გარკვეული ავადმყოფობის, ტკივილისა და დისკომფორტის გამომწვევი ენერგიის ჩვენგან გაწოვაში.
ერთი და იგივე ხე სხვადასხვა ადამიანთან ხანდახან სხვადასხვანაირად რეაგირებს; ერთისთვის შესაძლოა დონორი აღმოჩნდეს, მეორისთვის კი - ვამპირი.
დონორი ხე ყოველთვის მარტივად არ იძლევა ენერგიას, ამასაც ცოდნა და სპეციალური მიდგომა სჭირდება. ეს მეთოდები ძალიან ჰგავს ჩვენი პრაქტიკებიდან პოლარული ვარსკვლავიდან ენერგიის მიღებას, როდესაც იისფერ ვარსკვლავს ვთხოვთ ჩვენთვის ენერგიის გამოგზავნას კონკრეტული მოქმედებით.
ვინც პოლარული ვარსკვლავისა და პლანეტების ენერგიასთან მუშაობის ჩვენი პრაქტიკების მსგავსი ვარიანტები არ იცის, მისთვის ხესთან მუშაობის დაწყების წინ სასურველია, ხისთვის ენერგიის თხოვნა და საკუთარ თავშიც სასურველი განწყობა, რომ ხესთან ურთიერთობისას მისი ენერგიის მარაგი შეივსოს და დაბალანსდეს; ასე უფრო მეტი ეფექტით იმოქმედებს.
დაღლილობის, ტკივილისა და დეპრესიის დროს ენერგიის შევსებაა საჭირო, და ასეთ დროს სასურველია ხესთან სამხრეთიდან მისვლა, მისთვის შუბლის მიდება, თავის დონეზე ხელების შემოხვევა ხისთვის და დისკომფორტიდან გამოსასვლელად დახმარების თხოვნა.
თუკი ძალიან გამოფიტული, გაღიზიანებული ხართ და ანთებითი პროცესები გაწუხებთ, მაშინ ხესთან ჩრდილოეთის მხრიდან მიდით, ზურგით დაუდექით, ხელები ჩამოუშვით, ასე ჩამოშვებულ მდგომარეობაში მყოფი ხელისგულები ხეს მიადეთ. იდექით ასე, სანამ გესიამოვნებათ.
დაუკვირდით, როგორ წყნარდებით და გამაჯანსაღებელი ენერგია შემოდის სხეულის ყველა დონეზე. სადაც ყურადღება გაქვთ მიმართული, იქ ენერგიაც გაძლიერებული ნაკადებით შემოვა და ეფექტიც მეტი იქნება.
თუკი ისედაც კარგად ხართ, მაშინ ნებისმიერი მხრიდან მიდით, ხელებიც ნებისმიერ მდგომარეობაში მოხვიეთ ხეს, მოეფერეთ და დატკბით სიმყუდროვით რამდენ ხანსაც გნებავთ.
არყის ხე ხელს უწყობს ძალისა და კონცენტრაციის გამომუშავებას, ამარაგებს დიდი ენერგიით, კურნავს ქალთა უამრავ დაავადებას, იონიზირებს ჰაერს.
მუხა ეხმარება გაუმკლავდეს სტრესს, ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას და აჩქარებს გამოჯანმრთელებას. მისი ენერგია განსაკუთრებით კარგად მოქმედებს მამაკაცებზე.
ფიჭვი და ნაძვი ამშვიდებს და ათავისუფლებს სტრესისგან. ფიჭვნარის გასწვრივ გასეირნება შველის ხველასა და სურდოს, არეგულირებს მეტაბოლიზმს. მაგრამ მათ, ვისაც გულის დაავადებები აქვთ, უმჯობესია აირჩიონ სხვა ხეები.
წიფელი ზრდის სტრესებისადმი გამძლეობას და კონცენტრირების უნარს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
წაბლი კურნავს უძილობას, ათავისუფლებს ნერვულ დაძაბულობას და აცილებს შიშებს.
ქალებისთვის განსაკუთრებით კარგია ცაცხვთან მუშაობა, ხოლო გოგონებისთვის არყის ხეა უმჯობესი, მამაკაცებისთვის - მუხა.
ჩვენს პრაქტიკებზე ხშირად ვატარებთ ხესთან ენერგეტიკული მუშაობის მედიტაციებსა და სხვადასხვა ვარიანტებს, ზოგიერთი მეთოდი დევს კიდევაც ვიდეოების გრაფაში“,- წერს ბიოენერგეტიკოსი.
