Digest Logo

„ის, რაც გაბრაზებს სარკეა“ - რა არის წითელი პარიკის ეფექტი ფსიქოლოგიაში

1768299736
თამარ საღინაშვილითამარ საღინაშვილი

მწერალი, ფსიქოლოგი თამარ საღინაშვილი სოციალურ ქსელში სასარგებლო ფსიქოლოგიურ ტექნიკას გვიზიარებს, რომელიც პრაქტიკაში კარგად მუშაობს.

მისი თქმით, გაბრაზება ხშირად ჩვენში ის თვისებები ან ჩვევები ამჟღავნებს, რომლებიც სხვებისთვის უხილავია. წითელი პარიკის მაგალითი გვაჩვენებს, რომ როდესაც ვინმეს მიერ ნათქვამი ფრაზა გულზე გვეწვევა, ეს მის შინაარსში კი არა, ჩვენს შინაგან მდგომარეობაში იწვევს რეაქციას. საკუთარი ბრაზის ან წყენის გამორკვევა საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ, რა გვიშლის ხელს ცხოვრებაში და როგორ გავზარდოთ შინაგანი სიმშვიდე.

„თუ ადვილად გწყინს და ხშირად ბრაზდები, წითელი პარიკი გაიხსენე...

ერთხელ კიევში, ტრენინგზე ლატანსკიმ დარბაზს გადმოხედა და არ მახსოვს, რა თქვა, არაფრის მაქნისი ხარ, შენგან არაფერი გამოვაო, შინაარსი დაახლოებით ეს იყო.

რამდენიმე ადამიანი წამოხტა გაბრაზებული.

კინაღამ დააყარეს.  არადა, პირადად მართლა არავისთვის მიუმართავს.

დარბაზი რომ დამშვიდდა, წითელი პარიკის ამბავი მოგვიყვა.

- მე რომ მეთქვა, წითელი პარიკი რატომ გიკეთიათ-მეთქი, ხომ არავინ მიიღებდა საკუთარ თავზე? მაშინ ამ ფრაზაზე რატომ გაბრაზდით, იქნებ ამაზე იფიქროთ. ადამიანს სწყინს ის, რაც მას მართლა აქვს შიგნით, სხვანაირად სულ რომ პირდაპირ მას მიმართო, მაინც არ ექნება რეაქცია. ეს აბსტრაქცია არ არის. ფსიქოლოგიაა.

ყოველთვის, როცა რაღაც გულზე ეკალივით დაგესობათ, გეტკინებათ, გეწყინებათ და ხმალაღებული შებრძოლების სურვილი გაგიჩნდებათ, ან თავდაცვას იწყებთ, დაფიქრდით, რას „გამოედო“ ეს რაღაც?

რა არის თქვენში ისეთი, რასაც ეს ფრაზა „შემოენთო“?

ამ კითხვებს თუ დაუსვამთ საკუთარ თავს, მიხვდებით, რომ ამ ადამიანმა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგანახვათ - რაც თქვენ ძალიან გიშლით ხელს ცხოვრებაში და სწორედ ამის შეცვლაა თქვენი ცხოვრების გაუმჯობესების გზა.

თუ ძუნწი არ ხართ, არასოდეს მოგხვდებთ გულზე, ვინმემ რომც გიწოდოთ ძუნწი.

თუ სულელი არ ხართ, არც ეს გეწყინებათ, რომც გაბედოს ვინმემ და გითხრათ.

თუ მსხვერპლი არ ხართ, ვიღაც რომ მსხვერპლობაზე დაიწყებს საუბარს, თქვენ ნერვიც არ აგიტოკდებათ.

და თუ საკუთარი თავის ფასეულობა იცი, საერთოდ ვერანაირი, მით უმეტეს ზოგადად ნათქვამი ფრაზა ვერ გაგაბრაზებთ.

ამიტომ მადლობა მათ, ვინც გვაბრაზებენ.

თუ სწორად ვიაზროვნებთ, ისეთ აღმოჩენებს გავაკეთებთ მათი მეშვეობით, რასაც მარტო ვერაფრით მივხვდებოდით.

აბა, ვინ ხართ აქ ბრაზიანები?  

ვის რა გწყინთ ყველაფერზე ხშირად?

გაბრაზება კარგიც კია, თუ მის ენერგიას სწორად მიმართავ. ადრეც ბევრჯერ მითქვამს - ელპოტი სწორედ ძალიან რომ გამაბრაზეს, მერე დავწერე.

თუ თავად ვერ ხვდებით რა სარგებელს გაძლევთ ეს წყენა, და „ზარი ახლობელთან“ გჭირდებათ,მოიწერეთ, რა  გაბრაზებთ ასე ან რა გწყინთ?!

გვერდიდან უკეთ ჩანს ზოგჯერ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.