ფსიქოლოგმა და მეტაფიზიკოსმა ხათუნა მზექალაშვილმა იუთუბის პოდკასტში It’s Tamo - თანამედროვე ურთიერთობების სირთულეებზე, ემოციურ ვალებსა და იმ ფსიქოლოგიურ ბარიერებზე ისაუბრა, რომლებიც ადამიანებს სრულფასოვანი ცხოვრებისა და განვითარების საშუალებას არ აძლევს.
მზექალაშვილის თქმით, 21-ე საუკუნეში ადამიანებმა ცოცხალი ურთიერთობები ტელეფონებითა და ონლაინ-სივრცით ჩაანაცვლეს, რაც ემოციურ ზრდასა და საკუთარი თავის შეცნობას აფერხებს.
რა არის ემოციური ვალი და როგორ მოქმედებს ის ჩვენზე?
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ემოციური ვალი არის წარსულში დათრგუნული, ბოლომდე განუცდელი ემოციები ან ტრავმული გამოცდილება, რომელთანაც ადამიანს არ უმუშავია.
„ემოციური ვალი არის წარსულში დათრგუნული, ბოლომდე განუცდელი ემოციები ან ტრავმული გამოცდილება, რომელთანაც ადამიანს არ უმუშავია. ის ემოცია, რომელიც თავის დროზე არ ვიგრძენით, რაშიც გაჭედილები ვართ, რაც დავთრგუნეთ, სანამ იმასთან არ იმუშავებს ადამიანი, გული ნათელი არ ხდება.
ემოციური ვალი ბევრად უფრო დამაზიანებელია ადამიანისთვის, ვიდრე ფინანსური ვალი. ემოციების ხარისხი განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლის ხარისხს და არა ინფორმაციული მონაცემების რაოდენობა. როგორი ემოციებითაც ცხოვრობს ადამიანი, ის განსაზღვრავს ამ ადამიანის სიცოცხლის ხარისხს, წერტილი“,- ამბობს ხათუნა მზექალაშვილი.
საკუთარი შეცდომების გამო მუდმივად დანაშაულის შეგრძნებაში ყოფნა, ფსიქოლოგის თქმით, მორალურობა კი არა, ფარული ეგოიზმი, ამპარტავნობა და უგუნურობაა.
„ადამიანი სრულყოფილი არ არის და შეცდომები მის განვითარებას სჭირდება. პატიების გარეშე შეუძლებელია ტრანსფორმაცია და მშვიდობის მოპოვება“,- დასძენს ფსიქოლოგი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო: