პასქა, კვერცხი და ჯეჯილი - ეს ის 3 ძირითადი რამ არის, რის გარეშეც აღდგომის დღესასწაული წარმოუდგენელია, თუმცა, ბევრმა არ იცის რა დანიშნულება აქვს თითოეულ მათგანს.
დღეს მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს პასქას, კვერცხსა და ჯეჯილს.
წითელი კვერცხი
წმიდა მარიამ მაგდალინელმა იმპერატორ ტიბერიუსს კვერცხი მიართვა და აღდგომა ახარა. წარმართმა ტიბერიუსმა მიუგო: მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამის თქმაზე კვერცხი გაწითლდა. ნიშნად ასეთი დიდი სასწაულისა, ქრისტიანებში ტრადიციად იქცა სააღდგომოდ კვერცხის წითლად შეღებვა. კვერცხებს წითელ პარასკევს ღებავენ იმის მოსაგონებლად, რომ ამ დღეს ჯვარს აცვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. წითელი კვერცხი - აღდგომისა და სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ხომ წიწილები და ბარტყები იჩეკება. წითელი ფერი კი იესო ქრისტეს წმინდა სისხლის ფერია. აღდგომის კვერცხი ნიშანია ქრისტეს წმინდა სისხლით გაწმენდილი ჩვენი მარადიული ცხოვრებისა.
ჯეჯილი
ბზობის კვირას მორწმუნეების ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით, ხორბალს თესავენ. ამისთვის, ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას და მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ხორბალი ღვივდება და იზრდება ჯეჯილი. ძველი ქრისტიანული წესის თანახმად, მორწმუნეები აღდგომის დღესასწაულს ერთმანეთს პასქითა და ჯეჯილში ჩადებული წითელი კვერცხებით ულოცავენ.
მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ჩვენ იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით.
პასქა
პასქა ქრისტიანები სააღდგომოდ აცხობენ და მიირთმევენ იესო ქრისტეს აღდგომის რწმენის ნიშნად. იგი არის იმ მთის (გოლგოთა) სიმბოლო, რომელზედაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. პასქა აგრეთვე აღდგომის სიხარულისა და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლოცაა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕2 მაისს ქუთაისობაა - საიდან მოდის „გვირილობის“ ტრადიცია - ეს უნდა იცოდე