საქართველოში ახალი წელი განსაკუთრებულია, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხე, ამ ერთი დღესასწაულის სხვადასხვა ტრადიციას ინახავს და აერთიანებს. ეს ლეჩხუმია, სოფელი დეხვირი, ჩვენი მასპინძელი ჭაბუკიანების ოჯახია. აქ თითქოს დრო ჩერდება, თუმცა ტრადიციები ისეთივე ცოცხალია, როგორც საუკუნეების წინ.
ლეჩხუმში ამბობენ, რომ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისეთი იქნება მთელი წელი. ამიტომ, ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია - ვინ შემოვა პირველად სახლში, როგორ დაიწვება ცეცხლი, რა დაიდება ტაბლაზე და რა სიტყვებით შეხვდებიან ახალ დღეს.
მეკვლე შემთხვევითი ვერ იქნება. მას წინასწარ არჩევენ - უნდა იყოს ბედნიერი, ჯანმრთელი, შრომისმოყვარე, კეთილი სიტყვითა და სუფთა გულით.
მეკვლეს ხშირად თან მოაქვს სიმბოლური საჩუქრები - პური, მარცვალი, ტკბილეული, რათა ოჯახში მთელი წელი სიუხვე და კეთილდღეობა სუფევდეს. ლეჩხუმში სჯერათ, რომ მეკვლესთან ერთად სახლში წლის ბედი შედის.
ლეჩხუმის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და შთამბეჭდავი ტრადიცია გერგვის ანუ გვირგვინის დაწვნაა. გერგვი - ეს გამხმარი ვაზისგან შექმნილი გვირგვინია.
გერგვის წვნა ტრადიციულად ნათლისღებას იწყება. ამ დღეს ლეჩხუმელები ცეცხლის გარშემო იკრიბებიან, ჩუმად უსმენენ ხის ჭახუნს და ფიქრობენ მომავალ წელზე. ითვლება, რომ რაც უფრო დიდხანს და კაშკაშად იწვის გერგვი, მით უფრო ძლიერი და ნაყოფიერი იქნება წელი. ცეცხლი აქ მხოლოდ სითბო არ არის - ის განდევნის ბოროტს, ავ სულს და ძველ წუხილს. როგორც ლეჩხუმში ამბობენ, რაც ცეცხლში დაიწვება, უკან აღარ დაბრუნდება.
31 დეკემბრის ტრადიციული სამზადისი ტაბლით იწყება. ამ რიტუალს ტრადიციულად ოჯახის უფროსი ასრულებს. ტაბლაზე აუცილებლად უნდა იყოს: პური - სიცოცხლისა და ბარაქის სიმბოლო. ღვინო - სიხარულისა და ერთობის ნიშანი. ლობიო, მარცვლეული, ჩირი - ნაყოფიერი წლისთვის. ტკბილეული - რომ წელი ტკბილად წავიდეს. ზოგ ოჯახში ტაბლაზე დებენ მონეტასაც - ფინანსური წარმატების ნიშნად.
ლეჩხუმის საახალწლო ტრადიციები გვახსენებს, რომ ახალი წელი მხოლოდ კალენდარული თარიღი არ არის - ეს არის რწმენა, იმედი და სურვილი, ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს. და სანამ კოცონი იწვის, მეკვლე ზღურბლზე გადმოდის და ტაბლაზე პური დევს - წელი ნამდვილად კარგად იწყება.
ლეჩხუმში ახალი წელი სამზარეულოდან იწყება. აქ ბარაქა ჯერ ხელში მოდის და მერე სუფრაზე. როგორც ლეჩხუმში ამბობენ, ლობიანის ცხობა ხელით მოზელილი ბარაქაა. ეს არ არის უბრალოდ საკვები - ეს არის შრომის, მოთმინებისა და სიუხვის სიმბოლო.
ცომი ნელა იზილება, ლობიო წინასწარ არის მოხარშული, ყველაფერი მშვიდად, ჩუმად კეთდება, როგორც ლეჩხუმში სჩვევიათ.
ხშირად ღორის მუცლის ქონს ამატებენ სიუხვისთვის და ოჯახის ბარაქისთვის. ამბობენ, რომ ლობიანი ახალ წელს ოჯახს აძლიერებს. თუ ლობიანი კარგი გამოვიდა და თონეში არ ჩავარდა, წელიც გამართული იქნება.
ლეჩხუმში ახალი წლისთვის სანთელსაც განსხვავებულად ამზადებენ. სანთელს ოჯახის დიასახლისი საკუთარი ხელით ჩამოქნის. ცვილი ნელა დნება და ფორმა თანდათან ხელით ეძლევა. ლეჩხუმის ახალი წელი სწორედ ასეთ დეტალებშია. ლობიანში, ხელით ჩამოქნილ სანთელში, ცეცხლში, მეკვლის სიტყვაში. აქ სჯერათ, რომ თუ ყველაფერს სიყვარულით გააკეთებ, წელიც სიყვარულით სავსე იქნება.
კიდევ ერთი ტრადიცია, რასაც ლეჩხუმელები ახალ წელს ასრულებენ, ეს არის მეკვლის ხელის დაბანა.
ლეჩხუმში ახალი წელს ხმაურიანი ფეიერვერკებით კი არა, შინაგანი სიმშვიდითა და რწმენით ხვდებიან. აქ სჯერათ, რომ სიტყვას ძალა აქვს, სურვილს მიმართულება, ხოლო ტრადიციას - მომავლის შექმნის უნარი.
ეს არის ღამე, როცა ძველი წელი მადლიერებით უნდა გააცილო, ახალი კი სუფთა გულით მიიღო.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
🎥 დღესასწაული გისოსებს მიღმა და ციხეში შესწავლილი პროფესიები - როგორ ხვდებიან პატიმრები ახალ წელს
🎥 „ჩემზე ძალიან თუ უყვარს კიდევ ვინმეს თოვლი...“ - ქუჩაში აცეკვებული ნინი შერმადინი