სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ადამიანის უფლებებისა და შეწყალების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი - ელენე თევდორაძე 86 წლისაა.
მას საკმაოდ რთული, საინტერესო და სკანდალური ცხოვრება ჰქონდა.
როგორც თავად მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, ახლა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს და უკვირს როგორ უძლებდა ამდენ სტრესს.
დღეს სწორედ მის უცნობ ამბებს გიამბობთ, რომლებზეც პოლიტიკოსი ჟურნალისტებთან თავადვე საუბრობდა.
ბავშვობა
ბებიამ და ბაბუამ გამზარდეს, მამაჩემის მშობლებმა. ბაბუაჩემი საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო, მხატვარ-დეკორატორი, პრესტიჟულ მაღაზიებს და სტალინის აგარაკებს აფორმებდა და კარგი შემოსავალი ჰქონდა.
დედა ბლოკადის დროს ლენინგრადში დარჩა და 1945 წელს დაბრუნდა ჭლექით დაავადებული. 7 წლის ვიყავი, როცა პირველად ვნახე. მამა ქართველი მყავდა, გვარად უფლისაშვილი. დედა რომ ჩამოვიდა, მხოლოდ რუსულად მელაპარაკებოდა. მერე მეც ამ ენაზე ვმეტყველებდი. ამას დაემატა ის, რომ რუსულ სკოლაში შემიყვანეს. დედა ცდილობდა, ქართული შეესწავლა და, როცა ქართულის გაკვეთილებს ვსწავლობდი, ისიც ჩემთან ერთად ჯდებოდა. უხერხულია ამის თქმა, მაგრამ, ენების თვალსაზრისით, უნიჭო აღმოჩნდა. ელემენტარულად, „ბაყაყი წყალში ყიყინებს“ ვერ ვათქმევინე, თუმცა ქართული კარგად ესმოდა.
ეროვნებით ებრაელი იყო. გერმანელებმა მშობლები, ორი ტყუპი და, ძმა და დისშვილი ცოცხლად დაუმარხეს. სმოლენსკის ოლქში, ებრაულ სოფელში ცხოვრობდნენ. დედა ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოში იგრძნო თავი ადამიანად. გარდაცვალების წინ მთხოვა, ქართული ადათ-წესებით დამესაფლავებინა. 1985 წელს გარდაიცვალა. რაც შეეხება მამას, მან ბოლო წერილი 1942 წელს მოგვწერა. ფაქტობრივად, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მასზე არაფერი ვიცოდით. ბაბუას, როგორც უკვე გითხარით, კარგი შემოსავალი ჰქონდა, მაგრამ, მერე დადგა ჩვენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა გაგვიჭირდა. ისე დავამთავრე სკოლა, რომ ფორმის გარდა, სხვა კაბა არ მქონია. დედაჩემის მეგობარმა კოფთა მომიქსოვა. სკოლის ფორმა გადავაკეთე ქვედაბოლოდ და მასზე ვიცვამდი. ჩემთვის ეს დიდი საჩუქარი იყო.
დედაჩემი ოცნებობდა, ლენინგრადში მესწავლა. ამიტომ, იქ ჩავაბარე უნივერსიტეტში გერმანული ენის განხრით. ზამთარში გავხდი ავად – პლევრიტი დამემართა. ექიმებმა კატეგორიულად მომთხოვეს, ლენინგრადი დამეტოვებინა. ავიღე აკადემიური და თბილისში ჩამოვედი. აქ ექიმებმა უკან დაბრუნება ამიკრძალეს. ჩავაბარე თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში. პირველ კურსზე გავთხოვდი, მეორე კურსზე კი შვილი შემეძინა.
მეუღლე
გვიჭირდა და გადავწყვიტეთ, ორი ოთახი გაგვექირავებინა. მივაქირავეთ ორ სტუდენტ დას. ცოტა ხნის შემდეგ მათ ბებიაჩემს სთხოვეს, ჩვენი ნათესავი ბიჭიც იცხოვრებს ჩვენთან ერთადო, ისიც სტუდენტი იყო, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვიყავით, მაგრამ, ფასს მოვუმატეთ. სწორედ ის გახდა ჩემი ქმარი.
გურამი ძალიან მოსწონდა ჩემს მეგობარ გოგონას და, ჩემი ჭკუით, მაჭანკლობა დავიწყე. ამ მაჭანკლობაში რაღაც სიმპათიები და გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. ჩემი მეგობარი გოგო ცოტა მსუქანი იყო.
გურამმა მითხრა, შენნაირი გოგონები მომწონს, მსუქნები არ მაინტერესებსო. ერთხელ, კარზე მიკაკუნებს – სტიპენდია ავიღე და ვაკის პარკში ხომ არ გაგვესეირნაო. უარი ვუთხარი – არც სანაპიროზე და არც პარკებში ბიჭებთან ერთად არ დავდივარ-მეთქი.
ნუ ნერვიულობ, აწი სულ ჩემთან უნდა იაროო. დედა თავშეკავებით შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას, ბებია კი უბედნიერესი იყო, რადგან ცოლად ქართველს მივყვებოდი. ჩვენი ერთად ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა – კოტე ოთხი წლის მყავდა, როცა ქმარს დავშორდი. რუსთავში ვცხოვრობდით.
ჩემმა ქმარმა ინსტიტუტი რომ დაამთავრა, რუსთავში ქიმიური ბოჭკოს ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მეც ერთი წლის შემდეგ დავამთავრე ინსტიტუტი და იქვე სკოლაში დავიწყე მასწავლებლობა. ყოველთვის თან მდევდა სირთულეები.
ღალატი
მიღალატა, თანაც, ჩემს ყოფილ მოსწავლესთან და ეს ვერ ვაპატიე. ძალიან მეტკინა გული, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ამიტომ, არაფერს ვნანობ. ჩემ შემდეგ ის მოიყვანა ცოლად, მერე დაშორდა და სხვა შეირთო. მასთან მეგობრული დამოკიდებულება არასდროს მქონია, მაგრამ, არც მტრები ვყოფილვართ. რომ დავშორდით, ოთხი წელი საერთოდ არ მოსულა. შვილს არ აქცევდა ყურადღებას. მერე, სრულიად მოულოდნელად, მოვიდა და მთხოვა, შვილის ნახვის უფლება მომეციო. სახლში შემოვუშვი. ყოველ კვირა დღეს მამა-შვილი ერთად ატარებდა. როცა კოტემ სკოლა დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში აბარებდა, ყველა გამოცდაზე ერთად ვიდექით და ვგულშემატკივრობდით. კოტეს ნიშნობაზეც, ქორწილშიც ერთად მივედით. სხვადასხვა ინტერესები გვქონდა: მე ყოველთვის აქტიური ვიყავი, ის – თავშეკავებული. არ იყო თავის თავში დარწმუნებული, ყველაფერს მე მეკითხებოდა, იქნებოდა ეს პიჯაკთან, პერანგთან თუ სხვა რამესთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ყველაფერი იცოდა – სადილის გაკეთება, ყველანაირი საოჯახო საქმე... მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ყველაფერს მოველოდი, ოღონდ, იმას არა, რაც გააკეთა. არ ვიცი, შეიძლება, ჩემი ბრალიც იყო; იმიტომ რომ სამუშაოს ბევრ დროს ვუთმობდი და მისთვის ნაკლებად ვიცლიდი, თუმცა, მისგან ამაზე საყვედური არ გამიგია. ჩვენ ერთმანეთში კამათიც არ მოგვსვლია არასდროს, ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს.
ჩაშლილი მეორე ქორწინება
ერთხელ, დედაჩემის მეგობრებმა გამაცნეს ერთი ადამიანი, მატერიალურად უზრუნველყოფილი. მაშინ კოტე მეცხრე კლასში იყო. თითქოს დავაპირე გათხოვება – ვიფიქრე, ბიჭი გაზრდილია და, შეიძლება, ჩემს თავზეც ვიფიქრო-მეთქი. საქმე საქმეზე რომ მიდგა, დავიწყეთ საუბარი იმაზე, გადაგვეხადა თუ არა ქორწილი (ისიც ცოლს იყო გაცილებული). გადავწყვიტეთ, პატარა სადილი გაგვეკეთებინა. მომიტრიალდა ეს ადამიანი და მეუბნება: ხომ გაქვს საქორწინო ბეჭედი, მეც მაქვს და, მოდი, ერთმანეთს აღარ ვუყიდოთო. ვიფიქრე, „ჟმოტია“ და ჩემს შვილს რა ეშველება-მეთქი. სახლში რომ მივედი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა, არ გავყოლოდი. რამდენიმე დღის შემდეგ რომ დამირეკა, ვუთხარი, გადავიფიქრე, ცოლად აღარ მოგყვები-მეთქი.
ფლირტი სააკაშვილთან?
სანამ ზურაბ ჟვანია ცოცხალი იყო, ჩვენ არ გვქონია პრობლემები. მაგრამ, ზურას გარდაცვალების შემდეგ მიშასთან ურთიერთობა გამიჭირდა. თორემ, ერთი პერიოდი ჩვენ ძალიან კარგი, ახლო ურთიერთობაც გვქონდა. ერთხელ, როცა მიშა ჯერ კიდევ ბარნოვზე ცხოვრობდა, თავის დაბადების დღეზე, სახლში მარტო მე დამპატიჟა. ჩემ გარდა, მასთან სანდრას მშობლები იყვნენ და ჰოლანდიის ელჩი. ერთხელ, ბაკურიანში ვიყავით სემინარზე, რაღაც კარგი ამბავი გაიგო, სიხარულისგან ხელში ამიყვანა და დამაბზრიალა. ისე მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, თან ჩემი შვილიშვილების თვალწინ, მოულოდნელობისგან მიშას სახეში ხელი დავარტყი. ზურაბ ჟვანია იუმორით სავსე ადამიანი იყო, მაგრამ მისი ხუმრობა, არასდროს გადადიოდა ზღვარს – უხამსობასა და შეურაცხყოფაში. ისეთ „იზუმინკას” მოძებნიდა ხოლმე, კომპლიმენტს ისე გეტყოდა, ცუდად არ იგრძნობდი თავს. მიშაც ხშირად მეუბნებოდა კომპლიმენტებს, როგორც კი დამინახავდა, რა კარგად გამოიყურებიო, აუცილებლად უნდა ეთქვა.
მე ფლირტს როგორ დამიწყებდა, ვერც მის ქათინაურს მივიღებდი ფლირტად. მიშასთან დედაშვილური ურთიერთობა მქონდა, სიყვარულით მიშინკასაც ვეძახდი. ქალთა უფლებები ჩემ დროს უფრო მძიმედ იყო, მაგრამ თვითონ ქალები ამაზე არ ლაპარაკობდნენ. ალბათ, ვერც ხვდებოდნენ, რომ მათი უფლებები ირღვეოდა.
საქართველოში თავისუფლების სუნი ტრიალებდა, მაგრამ ამდენი საუბარი უფლებებზე ნამდვილად არ იყო. ქალები იჩაგრებოდნენ, თან ძალიან, თუმცა სწორედ მიშას პრეზიდენტობის დროს მიიღეს კანონი, რომელიც ქალებს ძალადობისგან იცავდა.
მეძავები პარლამენტში
ერთხელ მახსოვს, ცირკთან რომ პროსტიტუციით დაკავებული ქალები იკრიბებოდნენ, პეტიციით მომმართეს, რომ მათი უფლებები დამეცვა. პარლამენტში მოვიდნენ, ასამდე ხელმოწერა ჰქონდა პეტიციას. ისინი ჩიოდნენ, რომ პოლიციელები „მუშაობის” საშუალებას არ აძლევდნენ. მათ შორის 70 წლის ქალებიც იყვნენ, რომლებიც პროსტიტუციით იმიტომ იყვნენ დაკავებული, რომ ოჯახი გამოეკვებათ. მათგან გავიგე, რომ პოლიციელებს მანქანით მიჰყავდათ ეს ქალები, მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ მათთან და შემდეგ, არაფერს უხდიდნენ, ისე უშვებდნენ,
შუა ქუჩაში ყრიდნენ. ამ თემაზე ბრიფინგიც კი მოვაწყვე, რის გამოც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, ძალიან გამინაწყენდა. მე არ ვარ ფემინისტი, არც არასდროს ვიყავი. მაშინაც იყვნენ ასეთი ქალები, მაგრამ მე ვერ „ჩამითრევდნენ”. თუმცა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ქალი დაცული უნდა იყოს. მე დაჟინებულ მზერას ვინ გამიბედავდა, ისეთი სახით დავდიოდი ქუჩაში თუ სამსახურში.
ქმარს ადრე დავშორდი და სულ იმაზე ვფიქრობდი, ვინმეს ცუდი არაფერი ეთქვა ჩემზე. სამსახურს კი არ ვუფრთხილდებოდი, შვილზე ვფიქრობდი – მისთვის ვინმეს რამე არ ეთქვა. ჩემს რეპუტაციას ძალიან ვუფრთხილდებოდი. უქმრო ქალი ვიყავი, ვინმეს რამეს როგორ გავაგებინებდი? ხომ იცით, გამოთქმა: თუ ქალს არ უნდა, ვერავინ ვერაფერს გაუბედავსო. მეც ვფიქრობ, რომ ეს მართლა ასეა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რაზე ჩხუბობენ ეკატერინე და ალეკო მახარობლიშვილები და აქვს თუ არა გავლენა მამას შვილის წარმატებაზე